Logo

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

პოლიტიკა
196
Frontnews image description

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტის დღევანდელ სესიას 686 პარლამენტარი ესწრებოდა, მათგან 490-მა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, 147 წინააღმდეგ წავიდა, 49-მ კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია ეყრდნობა „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“, სადაც თავს იყრის ყველა მწვავე შეფასება თუ ფაქტი, რომლებზე ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ.

რეზოლუციაში მითითებულია, რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამ „გარდამტეხი მომენტიდან“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრება. დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე, დემოკრატიული მექანიზმების განადგურებაზე, რეპრესიული კანონმდებლობის გატარებასა და ოპოზიციის, მედიასაშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლასა და დევნაზე.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ. მათივე თქმით, მანამდე ევროპარლამენტი არ აღიარებს ერთპარტიულ პარლამენტსა და პრეზიდენტს და მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაწესდეს პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.

ძირითად ტექსტთან ერთად შემდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო ის შესწორებები, რომელიც ეხებოდა: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, მზია ამაღლობელს და ასოცირების შეთანხმების გადახედვას.

რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად.

მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაზუსტებულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ მხედველობა უარესდება, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და „პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“. ევროპარლამენტი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ამასთან, კენჭისყრაზე ჩავარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენულ ერთა ევროპის“ შესწორება, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა.

Advertisement