
ავტორი
Front News საქართველო
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. „სამთავრობო ცვლილებები“ და მოსკოვიდან მართული, რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მოქმედი ჩინოსნის პირდაპირი გადმონიშვნა მარიონეტული რეჟიმის საკვანძო პოზიციებზე, არ არის უბრალო საკადრო როტაცია, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ საქართველოს სუვერენიტეტის შემლახავ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია.
ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. მთავრობის თავმჯდომარედ რუსი ჩინოსნის მარატ კამბოლოვის დანიშვნის შესახებ.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. "სამთავრობო ცვლილებები“ და მოსკოვიდან მართული, რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მოქმედი ჩინოსნის პირდაპირი გადმონიშვნა მარიონეტული რეჟიმის საკვანძო პოზიციებზე, არ არის უბრალო საკადრო როტაცია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო. ეს არის მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. "სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულების” პრაქტიკული აღსრულება.
ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის დეოკუპაცია და რუსული ანექსიის შეჩერება რჩება უზენაეს ეროვნულ პრიორიტეტად. ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე ამ უმძიმესი პროცესის ნორმალიზებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას: შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას!" - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"გახარია საქართველოსთვის"
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს