Logo

“ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა დაახლოებით იგივე სულისკვეთების იყო, რაც ივანიშვილის 2012 წლამდე”

საზოგადოება
1170
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლმა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, 2012 წლის არჩევნებამდე, ივანიშვილის შემართება და სულისკვეთება გაახსენა. 

ამის შესახებ საყვარელიძემ Front news_copy International-ს ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის კომენტირებისას განუცხადა. 

"ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა დაახლოებით იგივე სულისკვეთების იყო, რაც ივანიშვილის 2012 წლამდე. მისი განცხადებები ფაქტობრივად, 2012 წლის პროცესებში, ივანიშვილის მხარდამჭერთა ხელახალი მობილიზაციის შემოკრებისკენ იყო მიმართული. მსგავსება ბევრი იყო, რა თქმა უნდა, თავისებურებებიც ბევრია პანდემიის ფაქტორის გამო", – განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტი ღარიბაშვილის რიტორიკაში ოპონენტების მიმართ აგრესიას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მან მხოლოდ დაპირისპირება დაინახა კანონდარღვევებსა და კრიმინალურ ნაბიჯებთან დაკავშირებით. 

"ოპოზიციას აგრესიული გამოსვლა ალბათ, არ უნდა გაუკვირდეს. ოპოზიცია თვითონ  არის აგრესიული "ქართულ ოცნებაზე", მის ცალკეულ წევრებზე ლაპარაკის დროს. ოპოზიციას აქვს უფლება იყოს აგრესიული, ყოველ სიტყვაში შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის პრეზიდენტს და მათ მიმართ აგრესიის უფლება სხვებს არ აქვთ? ასე ხომ არ იყოფა ადამიანების როლები?

მე პირადად, მის გამოსვლაში აგრესია არ დამინახავს. აგრესიის ქვეშ გულისხმობენ, როცა ადამიანი დაპირისპირებულია მარტო იმიტომ, რომ დაუპირისპირდეს, აკვიატებული აქვს ეს დაპირისპირება, ღარიბაშვილს კი თავისი არგუმენტები ჰქონდა. კანონდარღვევებთან და კრიმინალურ ნაბიჯებთან დაკავშირებით დაუპირისპირდა. როგორ ფიქრობთ, კრიმინალთან დაპირისპირება არის აგრესია თუ არა? მაშინ მთელი სასამართლო სისტემა აგრესია გამოდის", – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ამასთან, პოლიტოლოგი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ნაწილსაც შეეხო და ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის პარალელები აქაც დაინახა. 

"ღარიბაშვილმა ისევ და ისევ ივანიშვილი მომაგონა ამ პასაჟში. მან განასხვავა ერთმანეთისგან კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული ოპოზიცია. თქვა, რომ კონსტრუქციულთან  მოლაპარაკება აუცილებელია, კრიმინალურ ოპოზიციასთან კი ლაპარაკს აზრი არ აქვსო. ასე რომ, მოლაპარაკებებზე კი არ უთქვამს პრინციპულად უარი, ოპოზიციის იმ ნაწილთან მოლაპარაკებაზე თქვა უარი, რომელსაც ის კრიმინალად თვლის. სწორია ამაში თუ არა, გაარკვევს დრო", – განაცხადა საყვარელიძემ.

თაგები:

Advertisement