Logo

გია ჯაფარიძე - აშშ-ის ტერიტორიაზე რომ უნდა მივიდეს აშშ-ის პრეზიდენტთან რუსეთის პრეზიდენტი, ეს უკვე თავისთავად არის გარკვეული გზავნილი

პოლიტიკა
250
Frontnews image description

ომის გაგრძელება ცუდი სცენარია პუტინისთვის. მისი ორ ცეცხლს შორის ყოფნა, მისი ორ ცეცხლს შორის ყოფნა დამატებითი თავის ტკივილია პრეზიდენტი ტრამპისთვის, რადგან აქ, რუსეთისთვის უნდა იპოვო ისეთი გამოსავალი, რომელზეც ის თანახმა იქნება და რომელიც უფრო ნაკლები რისკის მატარებელი შეიძლება იყოს მისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ვლადიმერ პუტინი ძებნილია.

"დიდი ხანია, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს არ შეხვედრიან. როდესაც ასეთი ტიპის შეხვედრა იმართება, რასაკვირველია, ამას ყოველთვის უსწრებს წინ შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. როგორც ჩანს, ეს მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხანი მიმდინარეობდა, ალბათ, ბოლო იყო პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლის ვიზიტი მოსკოვში. შეხვედრის ადგილი ყოველთვის მნიშვნელოვანია და თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინი საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის საერთაშორისო დამნაშავედაა გამოცხადებული და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის არის საერთაშორისო ძებნილი, ალბათ, ბევრი სახელმწიფოს ტერიტორია ამ შეხვედრისთვის ვერ გამოდგებოდა. შერჩეულია აშშ-ის ტერიტორია და სამხედრო ბაზა, რომელიც უფრო მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს, მაგრამ აშშ-ის ტერიტორიაზე რომ უნდა მივიდეს აშშ-ის პრეზიდენტთან რუსეთის პრეზიდენტი, ეს უკვე თავისთავად არის გარკვეული გზავნილი.

რაც შეეხება სურვილებს - უკრაინის პრეზიდენტის, აშშ-ის პრეზიდენტის და დასავლური სამყაროს სურვილია, რომ ომი სწრაფად შეწყდეს, სულ მცირე, ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა იქნება მნიშვნელოვანი მიღწევა. მეორე მხარეს არის ომის პარტია, რომელსაც პუტინი წარმოადგენს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პუტინი ორ ცეცხლს შორისაა, გადაწყვეტილება, რომელიც მან 2022 წლის თებერვალში მიიღო, ეს რუსეთისთვის იყო, პირველ რიგში, ცუდი. რუსეთი ორ ცეცხლს შორის მოხვდა. ომის გაგრძელება ცუდი სცენარია პუტინისთვის. მისი ორ ცეცხლს შორის ყოფნა დამატებითი თავის ტკივილია პრეზიდენტი ტრამპისთვის, რადგან აქ, რუსეთისთვის უნდა იპოვო ისეთი გამოსავალი, რომელზეც ის თანახმა იქნება და რომელიც უფრო ნაკლები რისკის მატარებელი შეიძლება იყოს მისთვის. მოკლედ, ძალიან რთული თემაა ეს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ. 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე ხვალ, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, თბილისის დროით კი 23:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

Advertisement