Logo

გიორგი ანთაძე - ამერიკა ვერ ახერხებს ირანის მხრიდან სასურველი შედეგის მიღებას, რაც ფაქტობრივად მარცხის ტოლფასია

ინტერვიუ
45
Frontnews image description

ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ახალ, კრიტიკულ ფაზაში შედის, სადაც სამხედრო ძალის დემონსტრირებასთან ერთად, კულუარული დიპლომატიის როლი იზრდება. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ანთაძე Front News-თან ინტერვიუში აანალიზებს თეთრი სახლის სტრატეგიას, პაკისტანის მედიაციას და იმ შიდაპოლიტიკურ ბზარებს, რომლებიც თეირანის ოფიციალურ განცხადებებში იკითხება. ანალიტიკოსის შეფასებით, მიუხედავად აშშ-ის მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობისა, მთავარი გამოწვევა მაინც პოლიტიკური შედეგის მიღწევაა, რადგან ვაშინგტონისთვის „გამარჯვება“ მხოლოდ ირანის მიერ ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმაში და სრულფასოვან მოლაპარაკებებზე დათანხმებაში მდგომარეობს.

– როგორ აფასებთ პაკისტანის, როგორც მედიატორის როლს ამ პროცესში და რამდენად რეალისტურია ირანის ოფიციალური უწყების განცხადება, რომ „შეხვედრა დაგეგმილი არ არის“?

– პაკისტანი ახლა ცდილობს, რომ თავისი მაქსიმუმი გამოიყენოს და პრესტიჟი აიმაღლოს. ამ კონფლიქტში მისი გამოყენება და ნეიტრალური თანამონაწილეობა ამ ყველაფრის კარგი საბაბია. ის წარმოადგენს, ამავე დროს, ჩინეთთან დაახლოებულ ქვეყანას, ამიტომ, როგორც ჩანს, ორივე მხარისთვის, ამერიკისთვისაც და ირანისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღები სახელმწიფოა.

რაც შეეხება გაურკვევლობას და ირანის მხრიდან სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას – ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის შიდა მონოლითური დაპირისპირების მიზეზი. სხვადასხვა ჯგუფებს შორის მიდის დაპირისპირება და ეს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია სწორედ ამის ბრალია. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებები სულ სხვაა, ხოლო პოლიტიკოსების გუნდი უფრო რბილი პოზიციით გამოდის. ამიტომ, ეს ყველაფერი ირანში არსებულ შიდა დაპირისპირებაზეც მიუთითებს.

– რა შეიძლება ახლა ვთქვათ ირანის მხარეს – ვინ არიან ე.წ. "მოლაპარაკე თავები“, რომლებიც ტრამპთან და ამერიკელებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ? შესაძლოა, ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკური გუნდია სწორედ ის ძალა, რომელთანაც უშუალოდ ამერიკელებს აქვთ კონტაქტი?

– დანამდვილებით არ ვიცი, ვინ არის კონკრეტულად ის ჯგუფი, რომელიც ტრამპთან და ამერიკის მოლაპარაკე ჯგუფთან კონტაქტობს. თუმცა, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ გუშაგთა კორპუსის პოზიცია ხისტია, ეს გვაფიქრებინებს, რომ თუ მოლაპარაკების გარკვეული შეთანხმება მზადდება, ეს უფრო ზომიერი ფორმით უნდა იყოს გაკეთებული.

დანამდვილებით არავინ იცის, რა ხდება. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სიტუაციაა, ფაქტობრივად, ახლა დრო ირანზე მუშაობს. ისინი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, თუმცა პოლიტიკური მარცხისგან ჯერ შორს არიან. ამიტომ ცდილობენ მაქსიმალურად სიტუაციის ესკალაციას. ვთქვათ, გუშაგთა კორპუსი სწორედ ამ ხედვის რეალიზაციას ცდილობს.

– აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ ირანის ფლოტი და საჰაერო თავდაცვა პრაქტიკულად განადგურებულია, ხოლო საზღვაო ბლოკადა დღითი დღე ძლიერდება. თქვენი ანალიზით, რამდენად ტოვებს ეს „სამხედრო შედეგი“ სივრცეს დიპლომატიური მანევრისთვის, თუ ეს არის ირანის სრული კაპიტულაციის წინაპირობა?

– მხოლოდ სამხედრო დანაკარგები არ კმარა – თუ სასურველი პოლიტიკური შედეგი არ მიიღწევა, მაშინ ამერიკისთვის ეს საკმარისი არ არის. ამერიკა ვერ ახერხებს სამხედრო ძალის მიყენების შემდეგ ირანის მხრიდან სასურველი შედეგის მიღებას და მოლაპარაკებებზე დათანხმებას. ეს, ფაქტობრივად, მარცხის ტოლფასია. ამის ნიშნები არის, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. აქედან გამომდინარე, მთავარი მაინც პოლიტიკური შედეგებია.

ამერიკის წყაროებიდან გამომდინარე, საუბარია ირანის სარაკეტო შეიარაღებისა და სამხედრო შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის განადგურებაზე. საერთო ნიშნით, ეს არ არის იმ დონის დანაკარგი, რომ გარდამტეხი ეტაპი დაიწყოს ამ ომში და ირანი დათანხმდეს ამერიკის იმ მთავარ მოთხოვნებს, რომელიც მათ გააჩნიათ – მათ შორის ბირთვული იარაღის თვალსაზრისითაც. თუ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის, მხოლოდ იმის თქმა, რომ სიტუაცია გამარჯვებისკენ მიდის, საკმარისი არ არის.

– ჰეგსეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ევროპას უფრო სჭირდება, ვიდრე აშშ-ს. ნიშნავს თუ არა ეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხისმგებლობის ევროპულ სახელმწიფოებზე გადატანას და როგორ შეიძლება შეიცვალოს უსაფრთხოების არქიტექტურა ამ რეგიონში?

– ახალი არქიტექტურის კონტურებზე რომ ვისაუბროთ, აქ გადამწყვეტ როლს პირველ რიგში ის შედეგები ითამაშებს, რაც ამ ომში დადგება. ეს ჯერ ბუნდოვანია და არავინ იცის. შესაბამისად, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ არსებობს. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს – აქ ის ფაქტორიც მუშაობს, რომ ევროპის პასიურობის გამო ტრამპი გაღიზიანებულია და ისრებს მათკენაც იშვერს. თუმცა, ბუნებრივია, ამერიკის დამოკიდებულება ჰორმუზის სრუტეზე, განსაკუთრებით ნავთობზე, მინიმალურია. ის არის თვითკმარი ქვეყანა, რომელსაც ნავთობი ექსპორტზეც გააქვს.

– პრეზიდენტმა ტრამპმა დააანონსა ისრაელისა და ლიბანის ლიდერების შეხვედრა აშშ-ში. რამდენად რეალურია ასეთი მაღალი დონის პირდაპირი დიალოგი იმ ფონზე, როდესაც ტრამპი კვლავ ახსენებს "ჰეზბოლას“ ფაქტორს და აცხადებს, რომ აშშ დაეხმარება ლიბანს მისგან თავის დაცვაში?

– "ჰეზბოლას“ საკითხი, როგორც ჩანს, ირანული მხრიდან მუდმივად მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. ვიცით, რომ ირანელები ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, რაც პროქსი ძალებსაც შეეხება. გამომდინარე აქედან, ამერიკელები ცდილობენ ისრაელზე გავლენა იქონიონ. როგორც ჩანს, ირანი ამ საკითხში ხისტ პოზიციას ინარჩუნებს, ამიტომ ამერიკა ცდილობს, რომ ამ საკითხში ისრაელი დაითანხმოს.

– ტრამპის თქმით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის სამი კვირით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. არის თუ არა ეს დრო საკმარისი გრძელვადიანი შეთანხმებისთვის, თუ ეს მხოლოდ დროებითი ტაქტიკური პაუზაა რეგიონში ძალთა გადაჯგუფებისთვის?

– გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ეს არ არის საკმარისი. დროებითი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ეს არის პაუზა და არა ცეცხლის დასრულება. ამიტომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვნახავთ, თუ რა შედეგს მოიტანს მოლაპარაკებები, შეგვიძლია ვისაუბროთ, გადაიზრდება თუ არა ეს რეალურად ხანგრძლივი მშვიდობის კონტურებში.

– პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მას აქვს "მთელი დრო მსოფლიოში“, ირანს კი – არა. რამდენად ცვლის საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკას ტრამპის ეს ხაზგასმული „მოუთმენლობის“ სტრატეგია და რამდენად შეუძლია მას ერთდროულად რამდენიმე კრიზისული კერის (უკრაინა, ირანი, ახლო აღმოსავლეთი) მართვა?

– მოკლე ვადაში, პირველ რიგში, უკრაინის საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. რაც შეეხება ირანს, ეს დამოკიდებული იქნება მიმდინარე პროცესებზე. ტრამპი შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ვიცით, რომ ამერიკაში შუალედურ არჩევნებს ელოდებიან. ასევე, იწყება მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც აშშ-ია. ამიტომ, ამ დიდი მოვლენების ფონზე, ტრამპი ცდილობს ირანის კრიზისიც კი მაქსიმალურად გადატეხოს და დაასრულოს. მას ესმის, რომ პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მოუწევს, მაღალი იქნება, ამიტომ ტრამპი ცდილობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ეს კონფლიქტი დროულად დასრულდეს. 

ელზა პაპოშვილი

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები