
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ირანის ახალი მემორანდუმი ვაშინგტონის მხრიდან სერიოზულ უკან დახევას და ირანის პოზიციების გაძლიერებაზე მიუთითებს - ამის შესახებ Front News-თან ინტერვიუში საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა გიორგი ანთაძემ განაცხადა. ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ომის დაწყებამდე გაჟღერებული ვერცერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევა ვერ შეძლო, ხოლო თეთრი სახლი მკვეთრ დათმობებზე შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა, ჩინეთის ფაქტორმა და ენერგეტიკულმა წნეხმა აიძულა.
ანთაძე აღნიშნავს, რომ შეთანხმება სერიოზულ დარტყმას აყენებს აშშ-ის იმიჯს ახლო აღმოსავლეთში, რადგან არაბულმა ქვეყნებმა დაინახეს, რომ ვაშინგტონი მათი უსაფრთხოების ბოლომდე გარანტი ვერ იქნება, ხოლო ისრაელი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის მიერ შექმნილი ახალი, მძიმე გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე მარტო აღმოჩნდა.
- ბატონო გიორგი, კონფლიქტის დაწყებისას პრეზიდენტი ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა ხელმოწერილმა მემორანდუმმა, პირიქით, ირანი მოგებულ პოზიციაში წარმოაჩინა. როგორ აფასებთ ამ პუნქტებს და ვინ აღმოჩნდა ახლა ყველაზე მოგებულ სიტუაციაში?
- მე ამ შეფასებას აბსოლუტურად ვიზიარებ, რადგან რომ შევაფასოთ ის მშვიდობა, რაც ირანისთვის ომამდე იყო, ირანისთვის გაცილებით რთული იყო, ვიდრე იმ პირობებით არის გათვალისწინებული, რომლებსაც ეს მემორანდუმი გულისხმობს. ფაქტობრივად, ომამდე რა პრობლემებიც იყო თუნდაც ეკონომიკური, ფინანსური შეზღუდვების, ნავთობზე შეზღუდვის და ა.შ. გამოდის, რომ თუ ეს მემორანდუმი ცხოვრებაში რეალიზდა, ირანი ამ ყველაფერს მოიხსნის. ამერიკა ვერცერთ გაცხადებულ მიზანს, რომელიც ომის დაწყებამდე ჰქონდა, ვერ აღწევს. თუნდაც ის მოწოდება გავიხსენოთ ტრამპის, რომ ირანელი ხალხისთვის დადგა ჟამი იმისათვის, რომ გამოვიდნენ და ხმა აიმაღლონ რეჟიმის წინააღმდეგ, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით და ა.შ. ვერცერთი ეს სრულყოფილად ვერ იქნა მიღწეული. ამერიკამ, თუ ამ მემორანდუმს დავეყრდნობით, ირანისგან მხოლოდ სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ ის ბირთვულ იარაღს არ მიიღებს. დანარჩენი, შეთანხმებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით როგორ განვითარდება, ეს კიდევ მომავლის ამბავია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ამ მემორანდუმის შედეგად, თუ პოლიტიკური მიზნებისთვის როგორ არ უნდა იომო.
- თქვენი შეფასებით, რამ აიძულა თეთრი სახლი, ტრამპი წასულიყო ასეთ მკვეთრ დათმობებზე - ეკონომიკურმა კრიზისმა და საწვავის ფასების ზრდამ, თუ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულმა რეალურმა გეოპოლიტიკურმა წნეხმა?
- ყველაფერმა ერთად განაპირობა, რაც ჩამოთვალეთ. ყველას აქვს თავისი წონადი ფაქტორი და მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, თუნდაც ეკონომიკური ეფექტის გამო; თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთის ვიზიტის დროს ირანის საკითხი ჩინურ მხარესთან განხილული იყო. სავარაუდოდ, ჩინეთის მხრიდანაც იქნებოდა მოწოდება, მალე მომხდარიყო ამ კონფლიქტის ამოწურვა, რათა ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი ჩინეთისთვის ნაკლებად ყოფილიყო მწვავე. შესაბამისად, ასევე არის ამერიკაში არსებული შიდა პოლიტიკური მდგომარეობაც. წინასწარი კვლევებით, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები მარცხდებიან. ამ პერიოდში ომის გაგრძელება და ამის ფონზე არჩევნები ტრამპისთვის და რესპუბლიკური პარტიისთვის კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ყველა ეს ფაქტორი თავის მხრივ წონას ატარებს. გეოპოლიტიკურ კონტექსტში ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული გაურკვევლობა მთელ რიგ საკითხებზე მაინც ნარჩუნდება. არაფერი ახალი რეალობა არც ისრაელისთვის დამდგარა და არც არაბული ქვეყნებისთვის. უფრო ნიშანდობლივი გახდა არაბული ქვეყნებისთვის, რომ მათ უსაფრთხოებას ამერიკა ბოლომდე ვერ დაიცავს და ამის გარანტი ბოლომდე ვერ არის.
- როგორც ირკვევა, ისრაელის ოფიციალური პირებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეს შეთანხმება და ისინი მოლაპარაკებების მიღმა დარჩნენ. გაეროში ისრაელის ელჩმა კი დოკუმენტს „ისრაელისთვის ძალიან ცუდი“ უწოდა. როგორ იმოქმედებს ეს მემორანდუმი აშშ-ისრაელის სტრატეგიულ ალიანსზე და რას ნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ეს შეთანხმება, რომელმაც, ფაქტობრივად, მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ირანთან უკომპრომისო ბრძოლაზე ააგო?
- რა თქმა უნდა, ამერიკასა და ისრაელს შორის პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდება. თუმცა მე აღვნიშნე ადრეც, რომ ისრაელისთვის ირანი გაცხადებულ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად ის, რომ ირანის რეჟიმი არ შეიცვალა, კიდევ უფრო აგრესიული მმართველობა მოვიდა ირანის სათავეში და „გუშაგთა კორპუსი“ გაძლიერდა; ის, რომ ლიბანთან ისრაელს საკუთარი შეხედულებისამებრ სამხედრო წარმოება ეზღუდება, ანუ ირანის მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებების შეზღუდვა ხდება, საფრთხეები, რომლებიც ისრაელს ირანიდან ემუქრებოდა, არ ეხსნება. რა თქმა უნდა, ისრაელი კმაყოფილი ვერ იქნება ამ შეთანხმებით და ისრაელის მხრიდან ეს რეაქციაც ლოგიკურია.
- ფიქრობთ, რომ ამერიკა ისრაელს აიძულებს უკან დაიხიოს და საკუთარ მიზნებზე უარი თქვას? ანუ გამორიცხავთ, რომ ეს მემორანდუმი ისრაელის მხრიდან არ იყოს აღიარებული და მან ეს დაარღვიოს?
- ჯერ მაინც მთავარი საკითხი ის არის, შესრულდება თუ არა ეს პირობები, ცხოვრებაში რეალიზდება თუ არა. თუმცა ისრაელს მოუწევს იმ რეალობის მიღება, რაც არის. ისრაელი ვერ გადააბიჯებს მის მთავარ მოკავშირე ამერიკას.
- ვიცით, რომ ტრამპს შუალედური არჩევნები ელის შემოდგომაზე და მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ებრაელების მხარდაჭერას - ე.წ. გლობალისტური ებრაელების, რომლებსაც ამერიკაში დიდი გავლენები აქვთ. ეს მემორანდუმი, რომელიც უკვე სერიოზული კრიტიკის მიზეზი გახდა ებრაულ თემშიც და თავად ამერიკელებშიც, რა გავლენას მოახდენს ტრამპის და მისი პარტიის რეიტინგზე?
- რა თქმა უნდა, უარესი გავლენა ექნება, რადგან ამერიკაში ეს ფაქტი უკვე რესპუბლიკელების და ტრამპის საგარეო პოლიტიკის სერიოზული კრიტიკის საბაბი ხდება. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე გავლენა ნეგატიური ნამდვილად ექნება.
- ვინ არის ახლა ირანში ამ მემორანდუმზე პასუხისმგებელი ძალა ან ფიგურა? ამბობენ, რომ ამ მემორანდუმის შედეგად პოზიციები განიმტკიცა ახალმა ხელმძღვანელობამ - ახალი უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის მეთაურობით. თქვენი აზრით, რომელ მხარეს აქვს უფრო მყარი შიდაპოლიტიკური ზურგი ამ შეთანხმების აღსასრულებლად?
- რთული სათქმელია, კონკრეტულად რომელი ელიტები და ფიგურები მონაწილეობენ ამ მოლაპარაკებაში. თუმცა, ყველაზე დიდი ალბათობით, ეს მაინც იქნებიან „გუშაგთა კორპუსის“ გამხმოვანებლები. ჩვენ ვნახეთ ირანის პრეზიდენტის გადადგომა და მისი განცხადებები, რომ ის ვერ მართავს პროცესებს. ეს შიდა კონფლიქტი აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, „გუშაგთა კორპუსის“ კიდევ უფრო გაძლიერება მოხდა ამ ომის დროს. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად რთული სათქმელია, ვის ეყრდნობიან ამერიკელები, თუმცა ფაქტია, რომ „გუშაგთა კორპუსი“ სრულად არის ირანის მმართველობაში და მოლაპარაკებასაც ისინი წარმართავენ.
- ბოლოსთვის მინდა გკითხოთ: 19 ივნისს შვეიცარიაში ოფიციალური შეხვედრაა დაგეგმილი. რა იქნება ის მთავარი „წითელი ხაზები“, რომლებსაც მხარეები შვეიცარიაში, საბოლოო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობისას წამოსწევენ, რათა ქვეყნის შიგნით საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინონ?
- ირანისთვის ახლა ყველაზე მთავარი გამარჯვება ის არის, რომ რეჟიმის სტაბილურობა შენარჩუნდა; ის, რომ ამერიკას სანქციები მოახსნევინა. ამერიკა არ იქნება ვაჭრობაზე, ყველანაირი გაყინული აქტივების განბლოკვა მოხდება. ამის სანაცვლოდ კი ირანი მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას იძლევა. ეს კი ძალიან ადვილი გასაყიდი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. აგრეთვე, ეს რეალობა გავლენას იქონიებს არაბულ ქვეყნებზე, რომლებსაც საგარეო პოლიტიკის მანევრირებისთვის ბევრი რამის გადახედვა მოუწევთ. ამერიკისთვის ახლა ყველაზე მთავარი ბირთვული მექანიზმია, მის გასაკონტროლებლად რაც შეიძლება კარგი მექანიზმი შექმნან, რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუ რამ უნდა გააკონტროლოს ბირთვული საკითხი კონკრეტული ორგანიზაციების შექმნით. თუმცა, მე რადიკალურ ცვლილებას ამ მხრივ არ ველი.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ანთაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს