გიორგი ანთაძე - ველოდები, რომ წლის განმავლობაში გარკვეული პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით გამოიკვეთება

ავტორი
Front News საქართველო
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის კრიტიკულ ზღვრამდე მიღწევა და აშშ-ის მხრიდან ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმის მოლოდინი რეგიონული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად იქცა. რამდენად რეალურია ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე, რა სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებს ვაშინგტონს და რა როლი შეიძლება დაეკისროს საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში? ამ საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი გიორგი ანთაძე საუბრობს. ექსპერტი აფასებს როგორც ირანის შესაძლო საპასუხო ნაბიჯებს, ისე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების პერსპექტივასა და რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ გზავნილებს პოლიტიკური დიალოგის შესახებ.
– ბოლო დღეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. დასავლური მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და Axios, ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც მიანიშნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ვითარება იმდენად მწვავეა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები, კერძოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, საკუთარ მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რისკი იმის, რომ ამ დღეებში ამერიკამ ირანს დაარტყას?
– ვფიქრობ, რომ ამერიკის დარტყმა ირანზე აუცილებლად მოხდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებების პარალელურად, ეს უკვე აშშ-ის პრესტიჟის საკითხად იქცა. მათ შორის დონალდ ტრამპისთვისაც ეს უკვე პირად პასუხისმგებლობად იქცა, რადგან მან თქვა, რომ ის ირანს აიძულებს გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას და ირანი წავა დათმობაზე. ხოლო ფაქტია, რომ ირანი ამ ეტაპზე არ არის მზად აშშ-ის მოთხოვნებს დათანხმდეს. ამიტომ, თუკი ტრამპის სიტყვები არ გამართლდა, მაშინ ეს აღქმული იქნება ისე, როგორც მისი და ამერიკის სისუსტე. შესაბამისად, ის იძულებულია, ამ მოლაპარაკებებზე წარუმატებლობის გამო, ასე გადაახდევინოს ირანის მხარეს.
დარტყმა აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ აქ იქნება მნიშვნელოვანი, რა მიზნები შეიძლება ამ დარტყმების შედეგად ამერიკას ამოძრავებდეს. ეს იქნება მხოლოდ დარტყმა იმისთვის, რომ რეჟიმს სახე შეუნარჩუნონ და ის დათმობებზე წამოიყვანონ, თუ ამერიკა ეცდება ამ რეჟიმის შეცვლისთვის ნიადაგის მომზადებას. ეს არის ის კითხვები, რაც ახლა ამ ეტაპზე არსებობს. ანუ, რა იქნება მას შემდეგ, რაც აშშ დაარტყამს ირანს, როგორი მიმართულებით შეიძლება მოვლენები განვითარდეს. მოლაპარაკებებში ისედაც რთული წარმოსადგენი იყო მათი დაახლოება. ამერიკას ისედაც რადიკალური პოზიცია ეკავა და ირანისგან ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ითხოვს. ასევე რეგიონული მასშტაბებით ირანული აქტორების დაფინანსების შეჩერებას, რაც ფაქტობრივად ირანის მხარისთვის სტრატეგიული უკან დახევაა. ამიტომ შეთანხმების შანსები ძალიან მცირეა.
– თუმცა, ბატონო გიორგი, ვიცით, რომ ირანი თავადაც იმუქრება და აცხადებენ, რომ თუკი აშშ ირანს დაარტყამს, მაშინ ეს ომი რეგიონულ ომში გადაიზრდება და ფართომასშტაბიანი ომის სახეს მიიღებს. იქნება თავდასხმები ამერიკულ ბაზებზე და არც თეირანი დაჯდება გულხელდაკრეფილი. როგორ ფიქრობთ, რა პასუხი შეიძლება ირანმა ამერიკას გასცეს? ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანი ამ დროის გაწელვით ბირთვული პროგრამის დასრულებას შეიძლება ახერხებდეს.
– ეს კიდევ ერთხელ დამოკიდებული იქნება შეერთებული შტატების მიზნებზე. თუ ეს ესკალაცია დიდი იქნება და ფართომასშტაბიანი სახის, მაშინ ირანისგანაც ყველანაირი პასუხია მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი ფართომასშტაბიან ესკალაციაში გადაიზარდოს. ირანმა იმ ძალების გამოყენებით, რომელიც მას რეგიონში აქვს, სიტუაცია გაართულოს - გაართულოს გადაზიდვები და ჰორმუზის სრუტეს დაემუქროს; ნავთობის გადაზიდვას და სხვა თავისუფალი გემების გადაადგილებას პრობლემა შეუქმნას; ამერიკის ხომალდები სამიზნეში ამოიღოს. ამიტომ, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ისევ იმაზე, თუ ამერიკა რა მასშტაბის და სიძლიერის დარტყმებს განახორციელებს, რა ხანგრძლივობის იქნება ეს დარტყმები. მოსალოდნელია, ირანი მაქსიმალურ ზიანს შეეცადოს ამერიკისა და მისი მოქალაქეებისთვის.
– ამ რეგიონალურ ტურბულენტობაში, სადაც ნებისმიერ დროს არის ირანზე დარტყმის ალბათობა ამერიკის მხრიდან, საქართველო როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის? არსებობს იმის ალბათობა, რომ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება თუნდაც სადაზვერვო ღონისძიებებისთვის დასჭირდეს? ვიცით, რომ აშშ-ს დელეგაციასთან ბოლო დროს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას. ასევე სუსის უფროსის მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვაშინგტონში. შესაძლოა, ამ შეხვედრებზე ირანის საკითხის განხილვაც ყოფილიყო დღის წესრიგში?
– ჩემი აზრით, როდესაც რაიმე კონფლიქტშია ჩვენი ახლო რეგიონალური მეზობელი ჩართული, საქართველო ზომიერი პოზიციის დაკავებას უნდა შეეცადოს, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლებისგან მკვეთრ განცხადებებს და რეაგირებას არ ველი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იგივე სუსის ხელმძღვანელთან ამერიკაში ვიზიტის დროს იქნებოდა საუბარი ირანთან ესკალაციის შემთხვევაში ამერიკას ქართულ მხარესთან რა მოლოდინები აქვს. მაგალითად, გარკვეული უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, იქნება ეს სასაზღვრო რეგულაციებიც. თუკი ესკალაცია იქნება მასშტაბური და ეს ირანიდან ლტოლვილების გადაადგილებას გამოიწვევს, საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთი ის ქვეყანა აღმოჩნდეს, რომელიც ამ ნაკადის მიღების წინაშე დადგება. ამერიკის შეერთებული შტატები ეცდება, რომ მისთვის თუნდაც არასასურველი ადამიანები დაუსჯელად და შეუმჩნევლად არ გადაადგილდებოდნენ.
მეორე მხრივ, შესაძლოა, საქართველო თუნდაც არაპირდაპირი სამხედრო დანიშნულებისთვისაც იქნეს გამოყენებული. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ვიზიტი განხორციელდა ამერიკული სამხედრო-სატრანზიტო თვითმფრინავების, რომელთა ფუნქციაც ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა შეიძლება საქართველოს საჰაერო სივრცე იგივე სადაზვერვო დანიშნულებისთვის იქნეს გამოყენებული. ამიტომ, აქ არის საკითხები და თემები, რომლებზეც ამერიკას საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესი ექნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზოგადად, არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც, საქართველოს ჩართულობა ირანთან კონფლიქტის კონტექსტში დამოკიდებული იქნება ძირითადად იმაზე, თუ რა იქნება აშშ-ის მიზანი.
– აშშ-ის თემა ახლა საქართველოსთან დაკავშირებით მინდა რომ გავაგრძელოთ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ოპტიმიზმი სტრატეგიული პარტნიორობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების შესახებ. თქვენი აზრით, რა ობიექტური წინაპირობები არსებობს დღეს ვაშინგტონში იმისთვის, რომ ურთიერთობების თვისებრივი განახლება რეალობად იქცეს?
– ფაქტია, რომ ერთი წლის თავზე, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. თუმცა, კონგრესის და სენატის ფარგლებში ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია, იგივე ჰელსინკის კომისიის ფარგლებში და ა.შ. შესაბამისად, ველოდები, რომ წლის განმავლობაში გარკვეული პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით გამოიკვეთება, რისი გამოძახილიც ამერიკის ელჩის საქართველოში დანიშვნა უნდა იყოს.
ოღონდ, რა პირობები იქნება დაყენებული ამერიკის მხრიდან ამ ურთიერთობების გადასატვირთად, ეს იქნება მნიშვნელოვანი. იქნება თუ არა დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენის დისკუსიის კუთხით მნიშვნელოვანი? ვფიქრობ, ამერიკისთვის, რომლისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია, შეიძლება აშშ-ის მხრიდან ურთიერთობის განახლების პირობად სწორედ ამ პრობლემური საკითხების მოგვარება იქნეს დაყენებული.
– ბოლო დროს რუსეთის გააქტიურებაზეც მინდა გკითხოთ. ამ დღეების განმავლობაში რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს. თბილისიდან კრემლს შეუთვალეს, რომ ჯერ ტერიტორიების აღდგენის საკითხზე უნდა ისაუბრონ და შემდეგ დანარჩენზე. როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე რესურსი, რომ კრემლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს?
– მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გარკვეული სახის ტენდენციაზე მიანიშნებს, მათ შორის, ეს "ოცნებაზე" ზეწოლაც არის. მყისიერად ქებას ვიმსახურებთ ხოლმე სხვადასხვა სპიკერებისგან, თუმცა, როგორც ჩანს, საუბრები საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებთ. შეიძლება ის გარკვეული პროცესები, რომელიც დისკუსიის გახსნას უკავშირდება ამ თემაზე საქართველოში, საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვას ემსახურებოდეს.
მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ეცდება აუცილებლად, იგივე ოკუპირებული ტერიტორიების და რკინიგზის საკითხი კვლავაც პერიოდულად დღის წესრიგში დააყენოს. თუმცა, ქართული მხარე ამ თვალსაზრისით ჩიხურ პოზიციაშია. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რა სახის ურთიერთობის გახსნაზე შეიძლება საუბარი იყოს, რთული და ძნელი წარმოსადგენია. ასევე რთულია საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ამ საუბრების წინაპირობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება, თუნდაც სურვილის შემთხვევაში, ქართულ საზოგადოებას ისეთი დამაჯერებელი ვერსიები შესთავაზოს რუსეთთან ურთიერთობების და დიალოგის გახსნის მიზეზად, რაც არ გამოიწვევს საზოგადოების აღშფოთებას. საერთო განწყობით, „ოცნების“ ამომრჩეველშიც კი რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერი და ოკუპანტია. ამ განწყობების გათვალისწინება, მათ შორის საკუთარი მხარდამჭერების კონტექსტში, „ოცნებას“ უწევს. ამიტომ, შეძლებს თუ არა ნეიტრალიტეტის რიტორიკის შემოტანით რაიმე ცვლილების მიღწევას, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ანთაძე




