Logo

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთი კომპრომისული გადაწყვეტილების სივრცეს არ ტოვებს, პუტინს მოლაპარაკება არ სურს

უკრაინაინტერვიუ
390
Frontnews image description

სამხედრო დაპირისპირებები და გლობალური პოლიტიკური პროცესები დღითი დღე იცვლება. დონალდ ტრამპის ამბივალენტური განცხადებები, ჩინეთის აქტიური როლი შანხაის ორგანიზაციის სამიტზე და უკრაინის ომის დასრულების შეუძლებელი პირობები - ეს ის თემებია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრებისა და ექსპერტების ყურადღების ცენტრშია. იქმნება თუ არა ახალი ანტიდასავლური ალიანსი? რა როლს ითავსებს ჩინეთი უკრაინის ომში და როგორ უსვამს ხაზს ეს მოვლენები მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას? აღნიშნულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, დონალდ ტრამპმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „პუტინით ძალიან იმედგაცრუებულია“ და რომ მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ დაიწყებოდა. რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ მსგავსი განცხადებები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტრამპი ხშირად ცვლის პოზიციას და მისი რიტორიკა ამბივალენტურია? გვახსოვს, ჯერ 50-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა რუსეთს, შემდეგ 8 აგვისტომდე მისცა დრო, თუმცა რეალურად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

– რა თქმა უნდა, რეალურად ძალიან რთულია ტრამპის განცხადებების სერიოზულად შეფასება და რაიმე პროგნოზის გაკეთება. მას ხშირად ახასიათებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით კი რუსეთთან მიმართებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბოლო დროს რუსეთს სანქციებით ემუქრებოდა, მაგრამ ამაზე საერთოდ აღარ საუბრობს. მაინც ვფიქრობ, რომ ის მოლოდინის რეჟიმშია. ელოდება, რომ პუტინი რაიმე ადეკვატურ ქმედებაზე გადავა, რაც ცოტა არარეალურია. მოსკოვი ომის დასრულებას მხოლოდ საკუთარ პირობებზე თანხმდება. ეს პირობები იმდენად რადიკალური აღარ არის, როგორც აშშ-სთან დიალოგის დაწყებამდე იყო, მაგრამ ახლაც არარეალურია. პუტინს სურს, რომ უკრაინელებმა დონეცკი დატოვონ. ეს შეუსრულებელი მოთხოვნაა, რადგან ზელენსკის ამის სურვილიც რომ ჰქონდეს, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. რუსეთი კომპრომისული გადაწყვეტილების სივრცეს არ ტოვებს.

– თუ პუტინმა უკან არ დაიხია, რისი ალბათობაც დიდია და ამის ნიშნები ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

– ტრამპს ახლა მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს: ან ახალი სანქციების დაწესება და ძველის გაფართოება, ან უბრალოდ უნდა თქვას, რომ ის ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გადის. ტრამპმა ეს მუქარა უკვე გააჟღერა, შესაბამისად, პუტინის გაჯიუტების შემთხვევაში, რისი მოლოდინიც რეალურია, აშშ-ის პრეზიდენტს ეს ორი გამოსავალი აქვს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, რთული სათქმელია.

– ბოლო დროს იყო მოლოდინი, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა მოხდებოდა. ერდოღანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ასეთი შეხვედრა ამ ეტაპზე არ შედგება. შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა? ალასკაზე გამართულმა სამიტმა ვერ გამოიღო ვერანაირი შედეგი?

– ამ სამიტის შედეგი მხოლოდ პუტინის და ზელენსკის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო. ამ სამიტის შედეგი უნდა ყოფილიყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ამა თუ იმ ფორმით გაგრძელება. ამაზე კი ჯერ მკაფიოდ ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი შეჩერდა. მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის თანახმად, ომის პირობებში არ ჩატარებულიყო არჩევნები, რუსეთს ფორმალურად მიეცა მიზეზი, რომ ზელენსკი არალეგიტიმურად გამოეცხადებინა. გასაგებია, რომ პუტინს მასთან შეხვედრა არასდროს უნდოდა. უბრალოდ, ფორმალური საბაბი მიეცა და ეს ხელს აძლევს. პუტინი მას იყენებს იმისთვის, რომ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდეს. მე თუ მკითხავთ, მას არც პირისპირ და არც სამმხრივ ფორმატში არ სურს შეხვედრა. ახლა ის სამხედრო მიზნები, რაც რუსეთს ჰქონდა, არ აქვს შესრულებული და ამ ფონზე მით უმეტეს არ აქვს პუტინს არანაირი სურვილი, ზელენსკისთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. რა თქმა უნდა, ეს პუტინისთვის წამგებიანი იქნება.

– ამ ფონზე კი ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ჩინეთში, შანხაის სამიტზე: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პუტინსა და კიმ ჩენ ინს ესაუბრა. ამასთან, ტრამპი ჩინეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს. როგორ ფიქრობთ, იქმნება თუ არა ახალი ალიანსი რუსეთი-ჩინეთი-ჩრდილოეთი კორეა-ირანის სახით? აქვს თუ არა დასავლეთს და ამერიკას ღელვის მიზეზი?

– შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის უფრო აქტიურად შემოსვლის თემა საერთაშორისო პოლიტიკაში, ისევე როგორც ბრიქსის უფრო აქტიურად შემოსვლის თემა, დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი თემა არ არის რუსეთისთვის, ჩინეთისთვის და მასში გაწევრიანებული სხვა დიდი ქვეყნებისთვის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა ბოლო 5-10 წელია აშკარად გამოკვეთილია. უბრალოდ, როგორც ბრიქსის ფარგლებში, რომელიც გაერთიანებაა და ორგანიზაცია არაა, ასევე შანხაის ორგანიზაციის ფარგლებში, ვერ ვხედავთ ხელშესახებ შედეგს. რეალურად, ეს ყველაფერი აქამდე მაინც მხოლოდ პოლიტიკური პოზიციონირებით შემოიფარგლება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის დაპირისპირების ფონზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პარალელურად, ყოველ ასეთ შეხვედრას, როგორც ბრიქსის შემთხვევაში, მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამიტომაც ასეთ სამიტებს დიდი ყურადღება ეთმობა. თუმცა ბოლო ორი ბრიქსის შეხვედრა რომ ავიღოთ, რაიმე ხელშესახები შედეგი არ ყოფილა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შანხაის ამ სამიტის შემდეგაც ასე იქნება. ეს აჟიოტაჟი, რაც ამ შეხვედრამ გამოიწვია, საბოლოო ჯამში დაილექება და არაფერი ხელშესახები არ იქნება, არც პოლიტიკურ არენაზე მსოფლიო ძალთა ბალანსს შეცვლის. ერთი შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ ის, რომ ამ ორგანიზაციების გააქტიურება მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგი ადგილს სულ უფრო მყარად იმკვიდრებს.

– როგორ აფასებთ ჩინეთის როლს უკრაინის ომის კონტექსტში? რამდენად შეიძლება ჩინეთი იყოს შუამავალი მხარე რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ პირიქით, მისი ინტერესები უფრო მეტად მოსკოვთან ალიანსისკენაა მიმართული?

– მოსკოვსა და პეკინს შორის აშკარა ალიანსი რომ არსებობს, ეს ცხადია. ეს უკავშირდება არა მხოლოდ უკრაინის ომს, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ მათ ძალისხმევას. ორივე ქვეყანა და მათი ლიდერები, იქნება ეს პუტინი თუ სი ძინპინი, დასავლეთს თავის კონცეპტუალურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამ ფონზე უდავოდ ჩინეთს იმის ძალა აქვს, რომ მოსკოვი დაარწმუნოს კომპრომისის აუცილებლობაში, თუმცა ამის სურვილი არ აქვს. ახლა მარტო ჩინეთი რომ იყოს ამის ინიციატორი, გვინდა თუ არა, ჩინეთი ამ შემთხვევაში შესაძლოა, გამოკვეთილად არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოსკოვის მხარესაა.

ეს გამოიხატება როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერაში, ასევე მართალია არა პირდაპირი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერით. ფაქტია, სამხედრო წარმოებისთვის აუცილებელ კომპონენტებს ის რუსეთს რეგულარულად აწვდის. ეკონომიკურადაც მოსკოვის სიცოცხლისუნარიანობა ჩინეთზეა დამოკიდებული. ამიტომ ის ვერ იქნება უკრაინისთვის მისაღები შუამავალი. თუმცა საერთაშორისო პოლიტიკაში მისი გავლენიდან გამომდინარე, თუ ამ პროცესში რაღაც ფორმით ჩაერთვებოდა, ეს ცუდი არ იქნებოდა.

ომის დასაწყისში  ჩინეთს ამის მცდელობა ჰქონდა. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და გეგმა, როგორ შეიძლებოდა მოგვარებულიყო ეს ომი და რა პირობებზე შესაძლებელი იყო მხარეების მორიგება. თუმცა ამას საბოლოოდ მიმართულება არ მიეცა, რადგან ჩინეთი მაინც მხარეა. ამის შემდეგ აღარ შემიმჩნევია ჩინეთის ხელისუფლების მცდელობა, რომ მედიატორის მანტია მოერგო. ამას ვერც ახლა ვერ ვხედავ. თუმცა რაღაც ფორმით თუ ამ პროცესში ჩაერთვება, ცუდი არ იქნება.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement