Logo

გიორგი ბურჯანაძე - მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი

პოლიტიკა
7 საათის წინ / 12:02
122
Frontnews image description

ჩვენი გუშინდელი მოწოდებით მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორებს მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე, ასევე ვთხოვეთ ეუთო/ოდირს, დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წევრმა გიორგი ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშანია.

"ჩვენი შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების 30-მდე ორგანიზაციის მიერ გავრცელდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს ე.წ. არაკონსტიტუციურ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული პროცედურები სრულიად შეუთავსებელი კონსტიტუციასთან. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მოთხოვნების დარღვევით იქმნება კომისია, სადაც მოთხოვნა არის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ამ კომისიაში, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს ასეთი ოპოზიცია პარლამენტში. 

იბარებენ ადამიანებს და შემდგომ ხელოვნურად სისხლის სამართლის დევნა იწყება მათ მიმართ. სისხლის სამართლებრივი დევნის იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ცალკე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს იმავე ქმედებისთვის, მაგრამ რატომღაც პროკურატურას გადაწყვეტილი აქვს, გამოიყენოს ყველა მკაცრი მიდგომა. გვაფიქრებინებს, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება.

მსგავსი ვნახეთ ზურა ჯაფარიძესთან მიმართებით და მანამდე ირაკლი ოქრუაშვილთან. 

ჩვენი გუშინდელი მოწოდებით მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორებს მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე, ასევე ვთხოვეთ ეუთო/ოდირს, დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების, როგორც ამ შემთხვევაში დაკავებულების, ასევე 50-მდე პოლიტიკური პატიმრის პროცესების მონიტორინგი და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დავადგენთ მართლმსაჯულებას და ამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

Advertisement