
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მიერ რუსეთის ზურგში განხორციელებული შორეული დარტყმები, დრონების წარმოების მკვეთრი ზრდა და ყირიმის ნახევარკუნძულის მზარდი ლოგისტიკური იზოლაცია ფრონტის ხაზსა და პოტენციური მოლაპარაკებების დინამიკას ცვლის. რამდენად ახლოსაა კიევი ყირიმის სრულ ბლოკადასთან და რა გამოწვევების წინაშე დგას მოსკოვი შიდა რესურსებისა და ცოცხალი ძალის მობილიზების კუთხით? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Front News-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ინალიშვილი ესაუბრა.
- რა კონკრეტულ სამხედრო უპირატესობას ანიჭებს ახლა უკრაინას რუსეთის ზურგში ამ წერტილოვანი დარტყმების სერია და რამდენად ახდენს ეს გავლენას უშუალოდ ფრონტის ხაზზე მიმდინარე დინამიკაზე? ეს უფრო ფსიქოლოგიური და სიმბოლური წნეხია რუსეთის მოსახლეობაზე, თუ რეალური სამხედრო წინსვლის წინაპირობა?
– ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე წლებია, უკრაინა ეტაპობრივად ახდენს სამხედრო-ტექნოლოგიურ წინსვლას და ამაში, ბუნებრივია, მას ეხმარებიან დასავლელი პარტნიორები, სამხედრო ექსპერტები და სპეციალისტები. თუმცა ის უნდა აღვნიშნოთ, რომ სამხედრო-ტექნოლოგიურ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინსვლას ე.წ. დრონები წარმოადგენს. ისინი მოქმედებენ როგორც მოკლე, ასევე შორ მანძილზე. ომის წარმოების ხელოვნება შეიცვალა და ახლა ყველაფერი ტექნოლოგიურ სიახლეებზე გადავიდა, მათ შორის, დრონების მიმართულებით.
ხოლო ამ მხრივ უკრაინამ განვითარება შეძლო იმ თვალსაზრისით, რომ ის უკვე წელიწადში 4 მილიონზე მეტ დრონს აწარმოებს, რაც რუსეთთან მიმართებაში დიდი უპირატესობაა. თუმცა, რომ ვთქვათ, თითქოს უკრაინა სხვა ყველა მხრით უსწრებს რუსეთს, რთული სათქმელია და არ იქნება სწორი. ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო პრობლემების მიუხედავად, რუსეთს ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რომ სიტუაცია გაამაგროს – როგორც მინიმუმ, უკან არ დაიხიოს. მე საუბარი მაქვს ფრონტის ხაზზე.
ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე სიტუაცია უცვლელია და ბოლო ორი თვეა წინსვლა არ შეიმჩნევა. თუმცა, რუსებს ჰქონდათ გარკვეული წინსვლა იმ მხრივ, რომ პატარა დასახლებები დაიკავეს, რაც, როგორც წესი, სტრატეგიული კუთხით არანაირ წინსვლას არ მოასწავებს. სიტუაცია ამ ეტაპზე გაყინულია ფრონტის ხაზზე. ერთადერთი, ამ ეტაპზე რაც ხდება, არის ის, რომ უკრაინა ახერხებს ყველა იმ მნიშვნელოვანი მომარაგების საცეცხლე ობიექტზე აყვანას, საიდანაც რუსების ოკუპირებულ ტერიტორიებს ამარაგებენ.
- ყირიმში და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თქვენი ანალიზით, რამდენად ახლოსაა უკრაინა ყირიმის სრულ ლოგისტიკურ იზოლაციასთან და როგორ ცვლის ეს ნახევარკუნძულის, როგორც რუსული არმიის მთავარი მომმარაგებელი ჰაბის ფუნქციას?
- ჩვენ ვიცით, რომ ნახევარკუნძულთან დასაკავშირებელი ორი გზა არსებობს: ეს არის ოკუპირებული მარიუპოლის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს საოლქო სახმელეთო დერეფანი და მეორე – ქერჩის ხიდის მიმართულება. ეს ხიდი უკრაინულმა არმიამ ორჯერ დაბომბა, ამან კი ისე იმოქმედა ყირიმის მდგრადობაზე, რომ ის ვეღარ აკმაყოფილებს იმ საჭიროებას, რომელიც რუსულ არმიას მომარაგების კუთხით აქვს. ანუ ყირიმის ხიდი მომარაგების თვალსაზრისით გამტარუნარიანი დიდი ხანია ვეღარ არის.
ამიტომ, ერთადერთი სერიოზული გზა, რითაც რუსეთს შეუძლია, რომ მოამარაგოს თავისი არმია და კოლაბორანტები, ეს არის სახმელეთო გზა. მართალია, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადის, მაგრამ უკრაინელებმა აქაც შეძლეს, რომ რუსებისთვის პრობლემები შეექმნათ დრონების საშუალებით. ამ გზებზე ხდება თავდასხმები და მიმავალი კოლონები, რომლებიც რუსეთიდან ყირიმის მიმართულებით მიდიან, უკრაინის მიერ რეგულარულად იბომბება. მძღოლები, რომლებიც ამ მიმართულებით გადაადგილდებიან და ტვირთები გადააქვთ, უკვე ერიდებიან ამ ტერიტორიაზე მოძრაობას. ანუ უკრაინამ ამ მიმართულებით სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები შექმნა.
თუმცა, ჯერ კიდევ რთულია იმაზე საუბარი, რომ სრულ ბლოკადას მიაღწიეს. მაგრამ, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და უკრაინამ ეს ინტენსიური დარტყმები განაგრძო, ყირიმი მართლაც შესაძლოა, იზოლირებულ კუნძულად იქცეს და ამ ზაფხულს მომარაგების ძირითად ბაზებს მოწყდეს. ის მართლაც აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ყირიმთან ყველანაირი ლოგისტიკური კავშირი გაწყდება. სევასტოპოლში, რომელიც ყირიმის ყველაზე დიდი ქალაქია, დენი უკვე გრაფიკით ამოქმედდა, ბენზინი ქალაქში ხელმისაწვდომი აღარ არის და მოსახლეობა, რომელიც იქ იყო ჩასული, ყირიმის ნახევარკუნძულს მასობრივად ტოვებს.
- როგორ აფასებთ რუსეთის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგრადობას? არსებობს თუ არა ელიტებს შორის დაპირისპირების ან ეკონომიკური გადაწვის ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი გარეგნულად სტაბილურობას ინარჩუნებს?
– ძალიან რთულია ზოგადად ისეთი მიმართულების ანალიზი, როდესაც ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ქვეყნის შიგნიდან. რეალურად, რაც რუსეთს შეუძლია და ყოველთვის კარგად შეეძლო, ეს არის ინფორმაციის გაფილტვრა და კონტროლი. ის დღემდე ახერხებს ამას. სამწუხაროდ, არ გვაქვს სრული წვდომა იმაზე, რომ ზუსტად ვისაუბროთ, რა ხდება რუსეთში, მხოლოდ ვარაუდებზე შეგვიძლია მსჯელობა.
რუსეთში ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ცხადია. არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები, თუნდაც ბენზინზე, რის შემდეგაც შეზღუდვები პროდუქტებზეც არის, რასაც ფასების ზრდა ემატება და ა.შ. ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ფაქტია, თუმცა რამდენად დიდია ეს პრობლემები იმისთვის, რომ რუსეთის მოსახლეობაში სერიოზული განწყობები გამოიწვიოს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და აზრის ცვლილება მოხდეს, ცოტა რთულად წარმომიდგენია. ჯერ ასეთი სიტუაცია არ მგონია, რომ იყოს.
რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს – თუ ასე გაგრძელდა ყირიმის სიტუაცია და ის მოწყდა რუსულ მომარაგებას, მაშინ შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს რუსეთში. ყირიმი რუსეთისთვის ყველაზე დიდი სამხედრო მონაპოვარია, მისთვის ეს კუნძული "წმინდა" რამ არის. ხოლო თუ ამ „წმინდა“ ადგილს შეეხო უკრაინა და დადგა მომენტი, რომ კიევმა დესანტი გადასხა და ყირიმი დაიკავა, ეს პირადად პუტინისთვის და მისი სამხედრო ელიტისთვის სრული კატასტროფა იქნება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავინახოთ სერიოზული ცვლილებები პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის კუთხით, რაც ქვეყნის შიგნით აჯანყებისა და გარკვეული შფოთვის დაწყების წინაპირობა გახდება.
- ცოცხალი ძალის დეფიციტი ორივე ქვეყნისთვის უმწვავეს პრობლემად რჩება. რომელი მხარისთვის აღმოჩნდება ეს კრიზისი უფრო კრიტიკული მიმდინარე წლის განმავლობაში და როგორ აისახება ეს ფრონტის ხაზის სიგრძეზე?
– ბუნებრივია, ცოცხალი ძალის პრობლემა ორივე მხარეს არის. თანაც, თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, უკრაინა გაცილებით ჩამორჩება რუსეთს ამ მხრივ. თუმცა, უკრაინელები ცდილობენ ეს ცოცხალი რესურსი ტექნოლოგიური ცვლილებებით ჩაანაცვლონ. თუნდაც დრონების ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მოითხოვს ნაკლები ადამიანური რესურსის ჩართულობას, ფიზიკურად აღარ სჭირდებათ იმდენი ადამიანი ფრონტზე და დრონი ახერხებს იმას, რომ უფრო მეტი მოწინააღმდეგე გაანადგუროს. თუმცა, ამის სრულად ჩანაცვლებაც შეუძლებელია.
რაც შეეხება რუსეთს, მართალია მოსახლეობის რაოდენობით უპირატესობაშია, მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ხალხის მობილიზება. მზარდი უკმაყოფილების ფონზე, შესაძლოა, რუსეთს ხალხის მობილიზება გაუჭირდეს. თუკი ადრე ამას რამდენიმე რუბლის სანაცვლოდ ახერხებდნენ, ახლა ეს თანხაც გაიზრდება. თუ ორი წლის წინ მილიონ რუბლად მიდიოდნენ საომრად, ეს უკვე საკმარისი აღარ იქნება და მეტი გახდება საჭირო. თუმცა, პუტინი ამას საიდან მოიტანს, ესეც საკითხავია.
ასევე, ბევრი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს მობილიზაცია შემოდგომაზე ჩაატაროს კიდეც, მაგრამ საკითხავია, ვინ გაწვრთნის ამ ხალხს. სპეციალისტების უმრავლესობა, ვისაც ეს შეეძლო, წინა ხაზზე უკვე გაგზავნეს – მათი ნაწილი ან განადგურებულია, ან აღარ აქვთ უნარი, რომ მოვალეობა შეასრულონ. გამწვრთნელების პრობლემაც სერიოზულად აქვს რუსეთს. ასევე, დღის წესრიგში დგას კიდევ ერთი პრობლემა: ვთქვათ, ეს ხალხი გაწვრთნეს, იარაღი ხომ უნდა მისცენ? სანქციების პირობებში ეს პრობლემაც აშკარად ჩანს.
- როგორ ცვლის უკრაინის ბოლოდროინდელი ტაქტიკური წარმატებები (დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე) კიევის საპოზიციო სიძლიერეს პოტენციურ მოლაპარაკებებზე და რამდენად რეალურია, რომ კრემლმა ამ წნეხის გამო შეამციროს თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნები?
– რაც შეეხება ახლა კიევის უპირატესობას და მის აღქმას დასავლეთში – ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის უპირატესობა მოლაპარაკებებში სჭირდებათ და მას უკვე მხარს უჭერენ. ბოლო პერიოდში უკრაინის ქცევებიც ძალიან თამამია. ვნახეთ ლუკაშენკოსთან დაკავშირებით ულტიმატუმიც და მოაშორებინეს ის რადიოსადგურები საზღვრიდან; ასევე აქტიური მოქმედებები მოსკოვსა და ყირიმში. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ კიევი ცდილობს, მოსალოდნელი მოლაპარაკებების ფონზე უფრო მყარი და ძლიერი პოზიციები ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, შესაბამისად, აქვს იმის საშუალება, რომ უფრო ძლიერად წარმოჩნდეს ამ მოლაპარაკებებში.
ომის დაწყებიდან დღემდე მიდის ამ მოლაპარაკებებზე საუბარი, თუმცა, მხარეები რომ დასხდნენ, აუცილებელია საუბარი კონკრეტული წერტილიდან დაიწყონ. რუსეთი კი ამ შემთხვევაში პირდაპირ აცხადებს, რომ მათ სურთ მოლაპარაკებები სტამბოლის შეხვედრიდან დაიწყონ, რომელიც 2022 წლის დასაწყისში იყო. ეს ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს.
რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე ამაზე არ წავა – ეს რომ ნდომებოდა, აქამდეც წავიდოდა და არ იომებდა. ამიტომ, არ მგონია, სანამ ფრონტის ხაზზე რამე არ შეიცვლება, მოლაპარაკებები დაიწყოს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ინალიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს