გიორგი ჯინჭარაძე პალერმოს უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად პალერმოს უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მასიმო მიდირისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთის საკითხებზე კვლევითი საქმიანობის განვითარების მიმართულებები განიხილეს, რაც აკადემიური პერსონალის და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას ითვალისწინებს. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებისთვის მოკლევადიანი საზაფხულო და ზამთრის სკოლების შემუშავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო პარტნიორობის გაგრძელების და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მზაობა გამოხატეს.
ამასთან, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ პალერმოს უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური პერსონალი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "აფხაზეთის" კონცერტზე მიიწვია, რომელიც პალერმოში 22 თებერვალს გაიმართება.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა, საქართველოს საპატიო კონსული სიცილიის რეგიონში ლეონარდა ამელა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




