Logo

გიორგი ჯინჭარაძე - პოლარიზაცია და დაპირისპირება აფერხებს ნდობის აღდგენას, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ პირდაპირ დიალოგს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან

პოლიტიკა
130
Frontnews image description

პოლარიზაცია და დაპირისპირება აფერხებს ნდობის აღდგენას და აშორებს ერთმანეთს ადამიანებს, რომლებსაც საერთო წარსული და ღირებულებები აერთიანებს, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ პირდაპირ დიალოგს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის საახალწლო ვიდეომიმართვაშია აღნიშნული, რომლითაც ის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, 2026 წელს კვლავაც პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებების გაძლიერება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება და შერიგებაზე დაფუძნებული დიალოგის განვითარება.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ ახალ 2026 წელს! დამდეგი წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის იმედის, რწმენის, ერთიანობის და კეთილდღეობის მომტანი.

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენ მოსახლეობას - ადამიანებს, რომელთა მოთმინება და ერთგულება საქართველოს ძლიერი მომავლის საფუძველია. 33-ე ახალ წელს ვხვდებით საკუთარი სახლებიდან შორს, თუმცა გვაერთიანებს მტკიცე რწმენა იმისა, რომ აღვადგენთ ყველა ჩატეხილ ხიდს და დავბრუნდებით აფხაზეთში.

გასულმა წლებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად რთული, თუმცა უალტერნატივოა მშვიდობისა და ნდობის გზაზე თანმიმდევრული სვლა. ამ პროცესში კი საჭიროა ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი თითოეული თანამემამულის ინტერესების დაცვა, მათ საჭიროებებზე ზრუნვა და ისტორიული ერთობის აღდგენის ხელშეწყობა.

სწორედ ამიტომ, 2026 წელს კვლავაც პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებების გაძლიერება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება და შერიგებაზე დაფუძნებული დიალოგის განვითარება.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დევნილთა დახმარების მიზნით განხორციელებული პროექტების უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.

ვაცნობიერებთ არსებულ სირთულეებს. პოლარიზაცია და დაპირისპირება აფერხებს ნდობის აღდგენას და აშორებს ერთმანეთს ადამიანებს, რომლებსაც საერთო წარსული და ღირებულებები აერთიანებს, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ პირდაპირ დიალოგს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ეფუძნება პატივისცემას, ეროვნულ ღირსებასა და მშვიდობის რწმენას - ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებს ერთმანეთთან! რომ მშვიდობისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი გაგვაერთიანებს და სულ მალე, ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვრებთ - ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად.

ამ რწმენით და უფრო ნათელი მომავლის იმედით, კიდევ ერთხელ, გილოცავთ ახალ წელს!

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, კეთილდღეობას და მალე ჩვენს მიწაზე, ჩვენს აფხაზეთში დაბრუნებას!" - აღნიშნულია გიორგი ჯინჭარაძის განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები