Logo

გიორგი კეპულაძე - ეს იქნება ძალიან მძიმე სპირალი, რომელიც მოსახლეობაზე სერიოზული დარტყმის სახეს მიიღებს

ინტერვიუ
527
Frontnews image description

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური წერილით გააფრთხილა და 30 აგვისტომდე ვადა მისცა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი სულ უფრო რეალური ხდება. მაშინ როდესაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსალოდნელი ზიანი უმნიშვნელო იქნება და ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად არ დააზარალებს, ექსპერტები გაცილებით მძიმე სურათს პროგნოზირებენ. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Front News-თან ინტერვიუში განმარტავს, თუ რა სახის ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში და რა გავლენას მოახდენს ეს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაზე.

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ევროკავშირმა ოფიციალური წერილით გააფრთხილა და ვალდებულებების შესასრულებლად 30 აგვისტომდე მისცა ვადა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი სულ უფრო მაღალია. რა სახის ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს ქვეყანა ამ შემთხვევაში? ხელისუფლება აცხადებს, რომ ზიანი დიდი არ იქნება და ქვეყნის ეკონომიკას ეს განსაკუთრებულ ზარალს არ მოუტანს.

- რა თქმა უნდა, ეს იქნება საკმაოდ სერიოზული ზიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას რამდენიმე სახით დაარტყამს. პირველ რიგში, შეჩერდება უვიზო მიმოსვლა და ჩვენი მოქალაქეები ევროპაში ასე მარტივად ვეღარ იმოგზაურებენ. ახლა ჩვენთვის ევროპაში მოხვედრა ძალიან ადვილი და იაფია. უვიზო მიმოსვლას საქართველოზე ამ წლების განმავლობაში ძალიან ძლიერი ეფექტი ჰქონდა. თუნდაც მაგალითად ავიღოთ ქუთაისის აეროპორტი, რომელიც 2017 წელს მხოლოდ 400 000 მგზავრს ემსახურებოდა, ახლა კი მგზავრთა ნაკადი მილიონ 700 000-მდე გაიზარდა. ეს რიცხვი დღესაც მეტია, ვიდრე წინა წლებში იყო. ისმის კითხვა, რას ნიშნავს ეს ჩვენი ეკონომიკისთვის და რამდენად დიდია შემოსავლების კუთხით. იქ ადამიანები არიან დასაქმებულები, არსებობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელსაც სჭირდება მგზავრების გადაყვანა, ხოლო ამ ყველაფერში ფული იხარჯება. ამიტომ, უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გასვლის, არამედ შემომავალი ტურიზმის კუთხითაც. ეს არის ხშირი და იაფი ავიარეისები, რომელიც უზრუნველყოფს იმასაც, რომ საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოვიდნენ ტურისტები. ტურიზმს პრობლემები შეექმნება, ასევე შემცირდება ფულადი გზავნილები. შენგენის ზონა საქართველოში მყოფ ტურისტს აძლევს უფლებას, 90 დღის განმავლობაში დარჩეს ქვეყანაში. ბევრი მათგანი კი ამას დროებითი ან სეზონური დასაქმებისთვის იყენებს.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ყველაზე მეტად საშუალო შემოსავლიან ოჯახებს დაარტყამს, რომელთა ოჯახის წევრთა უმეტესობა ან ემიგრაციაში ცხოვრობს და შემოსავლებს იქიდან იღებენ, ან კიდევ სეზონური დასაქმებისთვის ევროპაში მიდიან?

- დიახ, საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მათ, ვინც ტენდერებს იგებენ და ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ, შეიძლება ფინანსური პრობლემა ასე არც შეექმნათ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა ყველას შეეხება. პირველ რიგში, ამას იგრძნობენ დაბალი შემოსავლის მქონე და გაჭირვებული ოჯახები, რადგან მათთვის მცირე დანაკლისიც კი საკმაოდ დიდია.

რაც შეეხება გზავნილებს, შარშან მილიარდ-ნახევარი გადმოირიცხა ევროკავშირის ქვეყნებიდან. 2025 წლის ივნისში ფულადი გზავნილების 45% მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან. ეს თანხები პირდაპირ აისახება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. ეს თანხა ასაზრდოებს ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარს. ადამიანები ამ ფულს ხარჯავენ და ეს დანაკლისი, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში გვექნება, ყველას შეეხება. ოჯახები, რომლებიც ემიგრაციიდან და სეზონური დასაქმებიდან იღებენ შემოსავალს, ამ თანხებს აღარ დახარჯავენ. ამიტომ, ეს ასევე იქონიებს ჯაჭვურ რეაქციას ბიზნესზე და მათაც შეექმნებათ პრობლემები. ნაკლები უძრავი ქონება გაიყიდება, ასევე სერიოზული პრობლემები იქნება ბინის ქირაობის კუთხითაც. ეს ასევე იქნება ნეგატიური პოლიტიკური სიგნალი ინვესტორებისთვის, რომლებიც აქ ბიზნესსა და კონკრეტულ პროექტებში ფულის ჩადებას ფიქრობდნენ. არ გამოვრიცხოთ, რომ უკვე არსებულმა ინვესტორებმაც გადაწყვიტონ საკუთარი ინვესტიციების გადახედვა და ქართული ბაზრიდან გასვლა. ასევე, შესაძლოა, ფინანსურ რესურსებზე წვდომაც გართულდეს. ეს ხელს შეუშლის ბიზნესსქემებსაც, რადგან საგარეო ვაჭრობის კუთხით, უვიზო მიმოსვლის დროს გაცილებით მარტივია – თუ ხვალ ბერლინში შეხვედრა გაქვს, უბრალოდ ინტერნეტით ყიდულობ ბილეთს და უპრობლემოდ მიფრინავ. უვიზოდ ასე უცებ ვერსად ვერ გაფრინდები.

- კონკრეტული ზარალი რა სახის იქნება, ციფრის დასახელება შეგვიძლია?

- უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენი გათვლებით, ეს შესაძლოა, იყოს 600-დან 700 მილიონ დოლარამდე. შესაძლოა, ამან 1 მილიარდამდეც მიაღწიოს. აქ გასათვალისწინებელია სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორებიც. ადამიანებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება, დანაკარგი უფრო მძაფრად აღიქვან ფსიქოლოგიურად, ვიდრე შენაძენი. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმ კომფორტს, რაც უვიზო მიმოსვლის სახით გვაქვს. ეს იქნება ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა, მით უმეტეს, ბოლო 20 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა, სადაც აღნიშნავენ, რომ ფსიქოლოგიურ განწყობას ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. თუკი ადამიანებს არ აქვთ ხვალინდელი დღის მოლოდინი, ნაკლებს ხარჯავენ და სხვადასხვა ნაბიჯებს დგამენ, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. მაგალითად, როცა უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკები გაჩნდება და ნახევარი მილიარდი დოლარის დანაკლისი გვექნება, რას გააკეთებს ბიზნესი იმისთვის, რომ ეს რისკები და დანაკლისი აღმოფხვრილი იყოს?

- ელით, რომ ამ შემთხვევაში ლარის გაუფასურებაც მოხდეს?

- დიახ, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი ლარის გაუფასურებას დააჩქარებს. ადამიანები გადაცვლიან ლარს დოლარსა და ევროში, რაც ლარის გაუფასურებას ძალიან სწრაფად გამოიწვევს. ლარის გაუფასურებას კიდევ რა უარყოფითი პროცესები მოჰყვება, ეს ყველამ კარგად ვიცით – იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება, საწვავის გაძვირება და ფასებზე ზეგავლენა. ეს იქნება ძალიან მძიმე სპირალი, რომელიც მოსახლეობაზე სერიოზული დარტყმის სახეს მიიღებს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება. ამ ამბიდან ვერავინ სუფთად და მარტივად ვერ გამოძვრება. პირველ რიგში, ეს სოციალურად დაუცველ ფენას ეხება, რომლითა ხმებითაც ხელისუფლება ხშირად მანიპულირებს.

- ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეკონომიკის ზრდა არის ქვეყანაში, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ზრდას საკუთარ ჯიბეზე ვერ ხედავს. როგორ აიხსნება ეს ფაქტი და რის ხარჯზე ხდება ამ ციფრების მიღება? ვინ ნახულობს აქედან სიკეთეს?

- ეს ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, რუსეთიდან მიგრანტების მიერ შემოტანილ თანხას უკავშირდება. რუსეთიდან გადმორიცხვები ახლა, საბედნიეროდ, იკლებს, მით უმეტეს, მისი წილი გზავნილებში მცირდება. მათ შორის, საქართველო გზავნილების კუთხით საკვანძო ადგილად იქცა, ისევე როგორც ავტომობილების რეექსპორტი. მაგალითად, ყირგიზეთში განხორციელდა ავტომობილების ექსპორტი. ძალიან კარგად ვხვდებით, ეს არ არის ყირგიზეთში გაყიდული ავტომობილები, ეს ავტომობილები რუსეთში წავიდა.

აქ ვიღაცებიც დასაქმდნენ და შემოსავალიც მიიღეს. ამის პარალელურად კი ქვეყანაში გვაქვს სერიოზული ფასების ინფლაცია და ზრდა, რაც კვლავაც გრძელდება. ამ ინფლაციამ კი "შეჭამა" ეს ეკონომიკური ზრდა. შესაძლოა, ვიღაცას შემოსავალიც გაეზარდა, ჩვენთან საშუალო ხელფასი მხოლოდ ფურცელზე გაიზარდა. ხარჯები ისე გაგვეზარდა, ვეღარ ეწევა ამ დადებით მოვლენას ჩვენი ხელფასები. მოსახლეობის, განსაკუთრებით ღარიბი ნაწილი, ამ სიკეთეს ვერ იგრძნობს. როცა ეკონომიკური ზრდაა, ვიღაცები შესაძლოა, უფრო სწრაფად მდიდრდებიან, მაგრამ მათთვის ასე სწრაფად არ იზრდება. ხარჯი კი ყველასთვის ერთად იზრდება. ივნისში 10%-იანი ინფლაცია გვქონდა სურსათზე. ადამიანებს ეს უფრო აწუხებთ, ვიდრე ის, რომ თბილისში ბინის ქირა გაიაფდა.

- თუმცა, ბევრ მეპატრონეს არ სურს შეეგუოს რეალობას, რომ ბინის ფასი დაეცა და ისეთი მოთხოვნა ქირაზე აღარ არის, როგორიც მიწოდებაა ბაზარზე. ეს სიჯიუტე როდემდე შესაძლოა, გაგრძელდეს?

- ამას ბაზარი დაარეგულირებს. როცა აღარ იქნება მაღალი მოთხოვნა, იძულებულები იქნებიან, რომ ფასი დააკლონ. ეს არის თავისუფალი ბაზრის პოლიტიკა, სადაც ჭარბი მიწოდება და ნაკლები მოთხოვნა იქნება, ავტომატურად ფასიც კიდევ უფრო დაიკლებს. რადგან ერთი პერიოდი დიდი მოთხოვნა იყო ბინების გაქირავებაზე, ნაწილმა არა მხოლოდ სასტუმროები გახსნა, არამედ ბინები იყიდეს, რათა მისი გაქირავებიდან შემოსავალი ჰქონოდათ. იმდენი მიგრანტი ქვეყანაში აღარ შემოდის, რაც წინა წლებში იყო. უმეტესობა მათგანი გავიდა კიდევაც ქვეყნიდან.

- მიგრაციის საკითხზე მინდა გკითხოთ. ბოლო დროს ვხედავთ სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით მომსახურების, კურიერებს, ტაქსის მძღოლებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულები. ამან გარკვეულწილად ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია, რადგან ისინი შედარებით იაფ ხელს წარმოადგენენ და სამსახურებში ეცილებიან. ბიზნესმენებმა კი ამით მოახერხეს არსებული პრობლემის აღმოფხვრა მუშა ხელის კუთხით. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?

- მე ასე მტკივნეულად ამ საკითხს არ ვუყურებ. საქართველო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ამიტომ ნებისმიერ უცხოელს შეუძლია დასაქმდეს. ეს არის იმის ბრალი, რომ შესაძლოა, ადგილობრივ მუშა ხელს არ ჰქონდეს იმ ანაზღაურების ფასად დასაქმების სურვილი. მიგრანტებსაც, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლიათ დაბალ ანაზღაურებაზე იმუშაონ, ბიზნესმენსაც აწყობს მათი დასაქმება. ამიტომ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებაში, რომ ჩვენს მოსახლეობას ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები არ ჰქონდეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ. რაც, თავისთავად, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ბევრი ადამიანის შემოსავალი დაბალია. თუ გვინდა, რომ რეგულაციების ხარჯზე გავზარდოთ კონკურენცია, ეს არ არის სწორი, ეს უნდა გაიზარდოს ჩვენი კვალიფიკაციის ხარჯზე.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement