Logo

გიორგი ხატიაშვილი - ეს არის უსერიოზულესი მოლაპარაკებები, რომელიც უნდა მომზადდეს და მაღალ დონეზე მერე ავიდეს

უკრაინაინტერვიუ
3 საათის წინ / 11:05
203
Frontnews image description

სტამბოლში დაძაბული მოლაპარაკებების მიუხედავად, უკრაინამ და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოსკოვმა მშვიდობის სანაცვლოდ კიევს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა მოსთხოვა. ერთადერთი საკითხი, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თითქმის 2-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეჯერდნენ, ტყვეების გაცვლაა.

უკრაინამ პასუხი ვერც მეორე მოთხოვნაზე მიიღო - მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის გუნდმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის მოთხოვნა წამოაყენა. შესაბამისად,  ჩნდება კითხვა,  სურს თუ არა პუტინს ცეცხლის შეწყვეტა და რეალურად რა მიზნები ამოძრავებს? ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილი საუბრობს.

- როგორ აფასებთ სტამბოლში ჩატარებულ შეხვედრას და როგორია თქვენი მოლოდინი?

- ცეცხლის შეწყვეტის საკითხი ძალიან რთული გადასაწყვეტი და შესათანხმებლად რთულია. რუსეთს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილება სურს. პუტინი  ითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინამ ჯარი უნდა გაიყვანოს იმ 4 რეგიონიდან, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს. შემდეგ საჭიროა უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადება. ასევე რუსული ენის სტატუსია მნიშვნელოვანი ან ვიომებთ, როგორც რუსებმა თქვეს. რუსებმა განაცხადეს, რომ 21 წელი ვიომეთო და უკრაინასთან იმდენ ხანს ვიომებთ რამდენიც საჭიროაო. რუსეთი ითხოვს იმ ტერიტორიებსაც, რომლის აღების თავიც არა აქვს. წლებია, მიცოცავს და ვერ აიღო. მეორე არის უკრაინაში ყველაზე გამაგრებული რაიონები, რომელზეც არ წავა უკრაინის ხელისუფლება. ჯარის ასე ამ ტერიტორიებიდან ევაკუაცია დაიწყოს, ეს გამორიცხულია. შესაბამისად, ძალიან ფერმკრთალი შანსებია ცეცხლის შეწყვეტისაც და სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, 25 წელი გაგრძელდეს.

რომ არა ტრამპი, ალბათ, ეს მოლაპარაკებებიც არ იქნებოდა. ახლა ხომ არიან უკრაინელები უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმა. ადრე არადა ზელენსკი მოლაპარაკებებს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის პირობებით განიხილავდა. ზელენსკის ასევე ბრძანება ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არ შეიძლება. პუტინი კი მას არალეგიტიმურად მიიჩნევდა. ეს ყველაფერი კი ორივე მხარემ დათმო. მოლაპარაკების მაგიდასთან არცერთი არ აპირებდა დაჯდომას. ახლა რუსეთი აყენებს საკითხს, რომ ცეცხლს თუ შევწყვიტავთ, დასავლეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის და კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად,  ეს საკითხი ამერიკელების პატივისცემით გაგრძელდება. ორივე მხარემ ახლა წერილობით უნდა ჩამოაყალიბონ, რა სურთ ცეცხლის შეწყვეტისთვის. მერე ეს უკვე მაღალ დონეზე ავა.

- დასავლურ მედიაში გაჟღერდა ასეთი ინფორმაციაც, რომ სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების იდეა პუტინმა მას შემდეგ გააჟღერა, როცა მოსკოვი ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა დატოვა. არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ პუტინს მოლაპარაკებების დაწყება სი ძინ პინმა ურჩია. ასევე დროში დაემთხვა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს მხარი საჯაროდ დაუჭირა. გამორიცხავთ,რომ პუტინმა შესაძლოა, ეს მოლაპარაკებები ჩინეთის რჩევით დაიწყო? 

- რა თქმა უნდა, ამის არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა ჩინეთმა ამ ომის პერიოდში რუსეთი სრულიად მასზე დამოკიდებული გახადა. მეორეს მხრივ კი როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ის დრონებს აძლევს როგორც რუსებს, ასევე ყიდის უკრაინელებზეც. ამიტომ არაფერია გამორიცხული, რომ ჩინეთმა პუტინზე გარკვეული სახის ზეწოლა მიიტანა და ურჩია მოლაპარაკებების გაგრძელება დაწყებულიყო. ამიტომ სტამბოლის დელეგაცია ზუსტად ნიშნავს იმას, რომ პუტინი არ აღიქვამს ამ მოლაპარაკებას სერიოზულად. ეს არის 2022 წლის მოლაპარაკებების ფორმატის გაგრძელება. ერთის მხრივ აჩვენოს უკრაინელებს, რომ მოლაპარაკებებიდან რომ გახვედით ამით ვერაფერი მოიგე, რადგან ახლა უარეს პირობებზე მოგიწევთ წასვლა.

მეორეს მხრივ კი 2024 წლის მარტში პუტინმა თქვა, რომ ცეცხლი შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა 4 ოლქიდან ჯარს გაიყვანს და ნატოში შესვლაზე უარს განაცხადებს. ამ ხაზიდან ამას ჯერ კიდევ არ გადაუხვევია. ეს გამოჩნდა მოლაპარაკებებიდანაც, სადაც იგივე უთხრეს, რომ დღეს არის 4 ოლქი, შემდეგ შეხვედრაზე კი შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს. შესაბამისად, რუსები აპირებენ ომს. თუმცა ომის ტემპები ისეთია, რომ 30 კილომეტრის დაკავებას კიდევ 3 წელი მოანდომონ. შესაბამისად, უკრაინელებისთვისაც, მიდი ახლა და დატოვე ის ტერიტორიები, რომელიც არაერთი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ, სუიციდის ტოლფასია. 3 წელი ვერ იღებენ რუსები ამ ტერიტორიას და უკრაინელებმა რატომ უნდა აჩუქონ.

- ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასავლეთში იმაზე მაღალია ფრაგმენტაციის და პოლარიზაციის ხარისხი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. მოსკოვი ამას მშვენივრად ხედავს და პუტინი ძალიან კარგად აფასებს ამ სიტუაციას. მან  დაინახა ისიც, რომ აშშ-ის გარეშე ევროპას გაუჭირდება უკრაინის სამხედრო უზრუნველყოფა და დაინახა ისიც, აშშ არ არის თანმიმდევრული უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში. ფიქრობთ, რომ პუტინი ახლა ფსონს დასავლეთის სისუსტეზე დებს. ეძებს ამ ნაპრალებს და სტამბოლში წარგზავნილი დელეგაცია არის თუ არა ამის დასტური?

- დიახ, პუტინის გათვლები სწორედ ეს არის. რაც დრო გადის უკრაინის მხარდაჭერა დასავლეთში არ იმატებს, შესაბამისად ეს გათვლაც აქვს პუტინს. მეორე გათვლაა, რომ მიუხედავად ამისა, ამერიკელები რუსეთს ანგარიშს უწევენ იმაში, რომ ისინი ესკალაციის რისკებს თვლიან. რა არის ის მაქსიმუმი, რაზეც შესაძლოა, პუტინი წავიდეს. ზელენსკი ვნახეთ, რომ ტრამპმა პირდაპირ უთხრა, რომ მე-3 მსოფლიო ომი შესაძლოა, დაიწყოს. ბაიდენის ადმინისტრაცია ამას არაოფიციალურად ანგარიშებში ამას განიხილავდა. რა მივცეთ, როგორ მივცეთ, რომ ბირთვული ომი თავიდან ავიცილოთ. ეს ყოველთვის არის პრობლემა და მუდმივად ამის გამო დასავლეთი ჩიხშია.

თან უკრაინას უნდა დაეხმაროს და თან ისე, რომ რუსეთი ხმელეთზე წააგებს, არ გაზარდოს ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი. შესაბამისად, ეს არის ურთულესი დილემა. ამას გარდა, ერთია დასავლეთის მხრიდან სარესურსო პრობლემა, რომ არის თუ არა მაგდენი იარაღი რომ მიაწოდონ. მეორეა პოლიტიკური პრობლემა. ასევე რას ამბობს მესამეც, ამერიკელების ზურგი თუ მოიხსნა, რა იარაღიც აქვს იმის მიცემასაც თუ შეძლებენ. შესაბამისად, პუტინის გათვლა არის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება. დაიღლება დასავლეთის ამომრჩეველი. 

შემდეგ კი ის არგუმენტი, რომ თუ უკრაინა აიღეს პოლონეთსაც მიადგებიან, ეს ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია. ქვეყანას, რომელსაც სამი წელი უნდა, რომ 4 სოფელი აიღო დონეცკში პოლონეთზე თავდასხმის თავი აქვს? ცოტა არასერიოზულია. ეს არგუმენტიც ნელ-ნელა დამაჯერებლობას კარგავს. ბალტიისპირეთი კი ბატონო, კიდევ შესაძლებელია და საფრთხის ქვეშაა თუ ნატო დაიშალა. თუმცა პოლონეთსაც და ფინეთსაც ძალიან ძლიერი არმია ჰყავს. გამოჩნდა, რომ ასე არაა და რუსეთის არმია ყველაფერს აიღებს. კურსკის ნაწილობრივ დაბრუნებას 8 თვე მოანდომეს. კი ბატონო, პუტინს ღიად აქვს გაცხადებული, რომ როგორც კი დასავლეთიდან მხარდაჭერა შეჩერდება, ომი დასრულდება.

- ტრამპის და პუტინის შეხვედრის ირგვლივ გარკვეული შეშფოთება და რეკვა გაჩნდა, რადგან, როგორც დასავლურ მედიაში წერენ, შესაძლოა, ეს უკრაინის ყველაზე მძიმე კოშმარი აღმოჩნდეს. კიევში შიშობენ, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, კულისებში მიღწეულ “მსოფლიო შეთანხმებად” გადაიქცეს - მოლაპარაკებად, რომელიც უკრაინის ზურგს უკან შედგება. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა, ერთადერთი გზაა გარღვევისკენ. თქვენი მოლოდინი როგორია ამ ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით?

- პუტინი და ტრამპი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ამის წინაპირობა მოლაპარაკებების კონტექსტში უნდა არსებობდეს. რომ შეხვდნენ ახლა რაზე უნდა ილაპარაკონ, რუკებს ხომ არ გაშლიან და დაათვალიერებენ. ასე შეხვედრა და იქ რაღაცა დათმობებზე წასვლა და ა.შ არ ხდება. ახლა ზელენსკი რომ ჩავიდა სტამბოლში და იქ პუტინს ელოდება მოდიო, ხომ ყველამ იცოდა, რომ ის იქ არ ჩავიდოდა. პუტინი თავს მეფედ  მიიჩნევს, თანაც ზელენსკი თავის ტოლად არ განიხილავს. ეს არის უსერიოზულესი მოლაპარაკებები, რომელიც უნდა მომზადდეს და მაღალ დონეზე მერე ავიდეს. ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების კულმინაცია და არა დასაწყისი. პიარულად ხომ ზელენსკიმ კარად გათვალა, რომ აი, მე გელოდები და შენ არ ჩამოდიხარ.

ტრამპმა კი თქვა, რომ მისი და პუტინის შეხვედრის გარეშე არაფერი გადაწყდება. ეს უფრო ტრამპის სტილზე მეტყველებს. აქ მანამდე ჯერ უზარმაზარი სამუშაოა გასაწევი. ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა მაგალითად წინ გვაქვს, სადაც მაგიდაც კი იყო უკვე მოწყობილი მინერალების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულიყო. თუმცა როგორც წარიმართა მოვლენები ვნახეთ. კი ბატონო,  უკრაინელებს სრული უფლება აქვს რომ შეშფოთებულები იყვნენ, მაგრამ რა უნდა გადაინაწილოს პუტინმა ტრამპთან?  რუსეთი სჭირდება ამერიკას ირანთან,  მაგალითად სიტუაციის დასალაგებლად. ამიტომ ტრამპისთვის პუტინი იმდენად არ წარმოადგენს დიდი საფრთხეს, როგორც ეს ევროპისთვის შესაძლოა, იყოს. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement