გიორგი ხატიაშვილი - ირანი თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული, ძალა აღმართს ხნავს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოლოდინში, ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური რუკა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. პაკისტანში 20 აპრილს, ორშაბათს დაანონსებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სადაც მედიატორის როლში მოულოდნელი აქტორი გვევლინება, აჩენს კითხვებს: რამდენად შორს წავა თეირანი საკუთარი ბირთვული პროგრამის დათმობისა და რეგიონული მარიონეტების „გაწირვის“ ფასად? საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი Front News-თან ინტერვიუში განიხილავს ირანის რაციონალიზმს კრიზისულ პერიოდში, ჯარედ კუშნერის და სტივ უიტკოფის როლს მოლაპარაკებებში და ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ვაშინგტონის ხედვას.
- პრეზიდენტმა ტრამპმა ახსენა, რომ აშშ მზადაა ირანთან ერთად "ამოთხაროს" მიწაში ჩამარხული ბირთვული ინფრასტრუქტურა. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ირანის მხრიდან ბირთვული სუვერენიტეტის ასეთი ხარისხით დათმობა და რა გარანტიები დასჭირდება თეირანს ამის სანაცვლოდ?
- თუ დიდი შეთანხმება დაიდო, არა აქვს მნიშვნელობა, ირანი იმ 460 კილოგრამ ჩაფლულ ურანს თავად ამოთხრის თუ ამერიკელებს მისცემს ამის უფლებას. ურანის ამოთხრა საბოლოო შედეგია, მაგრამ იქამდე მისვლაა რთული. არა მარტო ფიზიკურად, ისპაჰანში სად უნდა გათხარონ, არამედ შეთანხმების სხვა დეტალებია რთულად გადასაწყვეტი და პრობლემური. ეს რომ ადვილი შესათანხმებელი ყოფილიყო, ჯერ კიდევ ჯეი დი ვენსი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდებოდნენ პაკისტანში. თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით ჩვენ გადაულახავი წინააღმდეგობები გვაქვს.
- ჯეი დი ვენსმა მკაფიოდ თქვა, რომ ლიბანი არ არის ზავის ნაწილი, მაშინ როცა ირანი ამას პრიორიტეტად აყენებს. თქვენი აზრით, გახდება თუ არა ლიბანის საკითხი ისლამაბადის მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი მიზეზი, თუ ირანი შესწირავს „ჰეზბოლას“ ინტერესებს საკუთარი რეჟიმის გადასარჩენად?
- ლიბანსა და ისრაელს შორის, როგორც ვიცით, 34 წლის მანძილზე მოლაპარაკებები პირველად დაიწყო. რაც შეეხება იმას, შესწირავს თუ არა ირანი "ჰეზბოლას“, აქ საუბარი უფრო იმაზეა, რომ ირანი უკვე თვითგადარჩენაზეა გადასული. თავად ირანი "ჰეზბოლას“ ახლა რით ეხმარება? ირანის რესურსებიც კი, რომ ისრაელს რაკეტები ესროლოს, ამოწურვადია.
რა თქმა უნდა, ირანის ინტერესშია, რომ ზავი ორივე ფრონტზე იყოს. თუ ისრაელი "ჰეზბოლას“ არ დაუზავდა, მეორე საკითხია უკვე, აქვს თუ არა თავად ირანს იმის რესურსი, რომ ისრაელის დაბომბვა და რაკეტების სროლა განაგრძოს. საბოლოო ჯამში იქამდე მივალთ, რომ ძალა აღმართს ხნავს. რაც არ უნდა ირანს "ჰეზბოლაზე“ გული შეტკიოდეს, ამის გამო საკუთარ თავს ვერ გაინადგურებს. ჩვენ გვაქვს მაგალითი, როცა იაჰია სინვარმა არავის ჰკითხა, როცა 7 ოქტომბრის აქტს დაგეგმავდა. ყველა ურჩევდა, რომ თავი შეეკავებინა. ირანიც მაინცდამაინც 7 ოქტომბრის ამბებში არ ჩაერთო. ანუ ირანს, როცა თვითგადარჩენაზეა საუბარი, რაციონალიზმის გამოჩენის უნარი აქვს.
- კუშნერის გამოჩენა დელეგაციაში ბევრმა აღიქვა, როგორც მესიჯი, რომ მზადდება "საუკუნის შეთანხმების“ ახალი, ირანული ვერსია. რა ტიპის რეგიონულ გარიგებას შეიძლება ელოდოს ირანი, რომელიც სცილდება უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას?
- კუშნერის გამოჩენას ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, რადგან ის ასევე უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციაშია. უბრალოდ, აქ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტრამპი სიძეს ენდობა. ეს სიძე მისი პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს იყო მომლაპარაკებელი და, ვთქვათ, "აბრაამის შეთანხმებების“ თანაავტორიცაა. ამიტომ ის მას ენდობა. ასევე მსგავსი ნდობა აქვს მეგობარ სტივ უიტკოფის მიმართ. ეს დუეტი ყველგან დადის და ყველა საკითხის მოგვარებას ცდილობს. რეალურად კი ჩანს, რომ ისინი ვერაფერს აგვარებენ: უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა და ირანთან კიდევ მეორე ომია დაწყებული.
- ტრამპის მუქარა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანს იარაღს მიაწვდიან, პირდაპირ ურტყამს ჩინეთსა და რუსეთს. რამდენად შეზღუდავს ეს ირანის მანევრის შესაძლებლობას მოლაპარაკებების მაგიდასთან და დარჩა თუ არა თეირანი რეალური მოკავშირეების გარეშე? ტრამპი ამბობს, რომ ასეთ ქვეყნებს 50%-იან ტარიფებს დაუწესებს.
- ჩვენ მსგავსი მუქარა ტრამპის მხრიდან პირველად არ გვესმის და ეს ახალი არაა. თუმცა რუსეთი, ვიცით, რომ ისედაც მძიმე სანქციების პირობებში იმყოფება, მაგრამ იქიდან გამოსავალს რომ პოულობს და დიდად არ ანაღვლებს ეს სანქციები, ესეც ცხადია. რუსეთი ისედაც "გადასანქცირებული“ იურისდიქციაა, ამიტომ რა სახის მუქარაც არ უნდა იყოს კრემლის მიმართ, არ მგონია, მაგაზე შეშინდნენ. რაც შეეხება ჩინეთს, ტრამპის 50%-იანი ტარიფების მუქარა მათ უკან არ დაახევინებს. თუ სურვილი აქვთ, ირანს მაინც დაეხმარებიან. რუსეთი და ჩინეთი, ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტარიფების შიშით მოკავშირე ირანის რეჟიმს აღარ დაეხმარონ.
- ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ ირანი იმაზე სუსტია, ვიდრე ოდესმე. რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ისრაელმა მოლაპარაკებების პარალელურად მაინც განახორციელოს დარტყმები, რათა აიძულოს ირანი მაქსიმალურ კაპიტულაციაზე?
- რაც შეეხება ისრაელს, ვნახეთ, რომ ტრამპის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დაეთანხმა. ამ ამბის მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ერთგვარი ინტერესთა განსხვავებულობა. ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ასე ვთქვათ, თუ რამეზე შეთანხმდნენ, არსებული რეჟიმი დარჩეს კიდეც.
ხოლო ისრაელისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკა და ეს რეჟიმი მოსისხლე მტერია. ამიტომ მათთვის უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება რეჟიმის შეცვლას. თუმცა, თუ ირანის სრული ბირთვული განიარაღება მოხდა, ეს ისრაელისთვისაც სასარგებლო იქნება. მიუხედავად ამისა, ისრაელისთვის ირანის რამდენიმე ნაწილად დაშლა და მისი "ბალკანიზაცია" უფრო მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს.
- რატომ აირჩა პაკისტანი ამ ისტორიული შეხვედრის ადგილად და რამდენად დიდია პაკისტანის, როგორც მედიატორის როლი ამ პროცესში, იმის გათვალისწინებით, რომ მას ორივე მხარესთან სპეციფიკური ურთიერთობები აქვს?
- რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ პაკისტანი აღმოჩნდებოდა ის მედიატორი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებოდა. ალბათ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ამერიკასთან ისტორიულად კარგი ურთიერთობები აქვს და სამხედრო დახმარების კუთხითაც ამერიკისგან მიმღებია. მეორე მხრივ, ირანთანაც კარგი ურთიერთობა აქვს- ორივე ისლამური სახელმწიფო და მეზობელი ქვეყანაა. ასევე არსებობს კონტაქტები, რომლითაც პაკისტანი ორივე მხარესთან „მიესვლება“. ასეთი ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოშობს ისეთ აქტორებს, რომლებსაც საერთოდ არავინ ელის. ზუსტად ასეთია პაკისტანი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო როლი შეასრულა ამ შუამავლობის კუთხით.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ხატიაშვილი




