Logo

გიორგი ხატიაშვილი - როგორც ჩანს, ურანის გამდიდრება ირანისთვის ღირსების საკითხია, ეს ჩიხი კი გრძელდება

ინტერვიუ
38
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების "მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა ირანის მიმართ სულ უფრო მწვავე ფაზაში შედის, თუმცა ვაშინგტონის მხრიდან მკაფიო გრძელვადიანი სტრატეგიის (Exit Strategy) არარსებობა რეგიონული ესკალაციის რისკებს ზრდის. მიუხედავად მკაცრი სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისისა, თეირანი შიდა სტაბილურობას რეპრესიული აპარატის, ე.წ. „დიპ სთეითის“ ფუნქციონირებისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული იდეოლოგიური ლეგიტიმაციის ხარჯზე ინარჩუნებს. იმ ფონზე, როდესაც არაბული მონარქიები კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ერიდებიან, ხოლო ჩინეთი მედიატორობის ნაცვლად საკუთარ ეკონომიკურ ბერკეტებს აკვირდება, კრიზისი ჩიხურ მდგომარეობას უახლოვდება. სამხედრო სცენარის განვითარების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიისთვის, კერძოდ საქართველოსთვის, მთავარ გამოწვევად ეკონომიკური ფაქტორები, მათ შორის საწვავის შესაძლო გაძვირება რჩება, თუმცა ქვეყანა კონფლიქტის პირდაპირი სამიზნე არ არის.

აღნიშნულ თემებზე Front News საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოს გიორგი ხატიაშვილს ესაუბრა.

– ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ვაშინგტონს ირანთან მიმართებით მკაფიო გრძელვადიანი სტრატეგია (Exit Strategy) არ გააჩნია. რამდენად დიდია იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ ტაქტიკა კონტროლიდან გამოვიდეს და აშშ უნებლიეთ ჩაითრიოს ისეთ რეგიონულ ომში, რომლის დასრულების გეგმაც თეთრ სახლს არ აქვს?

– გეგმა, როგორც ასეთი, ალბათ, მსგავსი არაფერი არსებობს. უფრო სწორად, არსებობს ის, რაც ტრამპის განცხადებებიდან, შინაარსობრივად გამოგვაქვს. მაგალითად, თუ ირანი არ დამნებდება – რაც პირველი ფაზის დროს იყო მუქარა, რომ გავუნადგურებ ყველაფერს, სანამ არ დამნებდებიან. ანუ ირანი უნდა დამნებდეს, გეგმა ეს არის. თუმცა დარწმუნებულობა იმაში, რომ ეს დაბომბვები რამე შედეგს გამოიღებს, ალბათ, უფრო ნაკლებია. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტი ტრამპი ფეხს ითრევს. მხოლოდ იმუქრება, დრო გადის, საათი წიკწიკებს და დრო არის, ირანი გონს მოეგოს. ეს არის ირიბი მუქარები, თუმცა დიდი სურვილები ამ დაბომბვისა არ აქვს.

პირველი და მთავარი: კარგი, დაბომბე, გაუნადგურე ყველაფერი, მაგრამ მაინც არ დაგნებდა ირანი, მერე რა ხდება? მეორე ის, რომ ირანსაც შეუძლია, იმით, რაც აქვს, რეგიონული ესკალაცია განახორციელოს და თავის მეზობლებს დაუმიზნოს. ამიტომ ვართ ამ სტატუს-კვოში. ირანი არ ატარებს სპარსეთის ყურის გემებს აქეთა მხარეს, ამერიკა კი ჰორმუზის სრუტის ბლოკადას ახდენს. როგორც ჩანს, ეს ურანის გამდიდრება ირანისთვის ღირსების საკითხია, თუ იმისთვის არის, რომ ამდენი ვიომეთ და ახლა არ დაგითმობთო. ეს ჩიხი კი გრძელდება.

– დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანის ეკონომიკამ და სამხედრო რესურსებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა რეჟიმი მაინც ინარჩუნებს შიდა სტაბილურობას. რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ისლამურ რესპუბლიკას ასეთი მასშტაბური იზოლაციისა და სანქციების პირობებში რღვევისგან იცავს?

– რამდენიმე ფაქტორია, რის გამოც რეჟიმის რღვევა არ ხდება ირანში. პირველ რიგში ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფლოტი გაუნადგურეს ირანს და ქვეყნის შიგნით სიდუხჭირეა, შიდა სტრუქტურა, ე.წ. ირანული დიფ სთეითი ფუნქციონირებს. შესაბამისად, ეს რეპრესიული აპარატიც მუშაობას აგრძელებს. სიღარიბე კუბაშიც არის და ჩრდილოეთ კორეაშიც, ამიტომ, თუ ინარჩუნებ რეპრესიულ აპარატს, ოპოზიცია გაქცეულია ან დეზორგანიზებულია, ქვეყანაში პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. არც შეიარაღებული ალტერნატივა. ერთის მხრივ, ქვეყანაში არის რეპრესიული აპარატი. ასევე, ძალიან რთულია, როდესაც ქვეყანა ომში იმყოფება, ახლა ადგე და ომი მოაწყო, როცა გბომბავენ.

მესამე ის, რომ შესაძლოა, ემიგრაციას თეირანის რეჟიმი არ მოსწონს, მაგრამ არცერთი რეჟიმი, ჩრდილოეთ კორეას თუ არ ჩავთვლით, არ ემყარება მარტო იძულებას. აქ არის გარკვეული ლეგიტიმაციის წყაროც. რაღაცა, ირანის მოსახლეობის პროცენტულ ნაწილში, ისლამური რესპუბლიკა აბსოლუტურად ლეგიტიმური რეჟიმია. სახალხო მხარდაჭერით ნაწილობრივ სარგებლობს. პროცენტებზე ნუ ვიდავებთ, ამდენი უჭერს თუ იმდენი, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ არავინ მხარს არ უჭერს, არასწორია. ეს არის დაახლოებით საქართველოში რომ საუბარი მიდის, თითქოს მარტო ხალხი ის არის, ვინც რუსთაველზე დგას და ამ ხელისუფლებას ხალხი მხარს არ უჭერს – დაახლოებით ეს საუბარია.

– ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ დიალოგი დანებებას არ ნიშნავს. მისი ეს რიტორიკა უფრო შიდა აუდიტორიისთვის (მოსახლეობისა და რადიკალური ფრთისთვის) არის განკუთვნილი, თუ ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ თეირანი კომპრომისისთვის მზად არის, ოღონდ „სახის შენარჩუნების“ ფასად?

– დიახ, ეს ორივე რამეს ნიშნავს. ერთს – შიდა მოხმარებისთვის, ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ არ დაგნებდებით, და გარეთ – რომ მოდი, ვილაპარაკოთ. მესამეა, რომ დროის გაწელვას ცდილობს ირანი. ამერიკას ამ დროის გაწელვა არ უნდა და სიტუაციის მალევე დასრულებას ცდილობს. ირანს უნდა, რომ მოდი, პროცენტებზე ვილაპარაკოთ ურანის გამდიდრებაზეო და ამან შესაძლოა, წლები წაიღოს.

– მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის ბირთვულ პროგრამას უდიდეს საფრთხედ მიიჩნევენ, მათ მაინც სთხოვეს ტრამპს დარტყმის გადადება. თქვენი შეფასებით, რამდენად მყარია ანტიირანული კოალიცია რეგიონში და შეუძლიათ თუ არა არაბულ მონარქიებს ამერიკაზე სერიოზული გავლენის მოხდენა?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ცნობებიც ურთიერთგამომრიცხავი ვრცელდება. ხან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის პრინცი ითხოვს, ბოლომდე დაბომბეთ ირანიო, ხოლო მეორე მხრივ, ეს ესკალაციის ტალღა მათ ხვდებათ და იჭყლიტებიან. რისი თავიც აქვთ, გამოჩნდა. რეალურად არიან, ცოტა არ იყოს, ქაღალდის ვეფხვები. თუ არ ჩავთვლით საუდის არაბეთს, ბაჰრეინს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს, გეოგრაფიულად და მოსახლეობით ცოტანი არიან. კატარის მოსახლეობა 3 მილიონია. ცოტა მეტია საუდის არაბეთი 40 მილიონამდე არიან, თუმცა ირანის მოსახლეობა 80 მილიონია. შესაბამისად, ამერიკის გარეშე გაუჭირდებათ.

მეორეც, არც უნდათ ასე ჩართვა ამ საკითხში პირდაპირ. ამიტომ ვიღებთ ამ სიტუაციას – ეს ხალხი ამერიკას ხან აგულიანებს და ხან პირიქით ამბობს, რომ ცოტა დაუკლონ ტონს. ამ დარტყმებზე არიან გაბრაზებულები, მაგრამ ირანთან ომს ხომ არ დაიწყებენ. სახმელეთო ომს ეგენი ირანთან არ დაიწყებენ და დაბომბვით ამერიკა და ისრაელიც ხომ ბომბავს.

– ჩინეთის როლზეც მინდა გკითხოთ. ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, რა მოლოდინი გაქვთ – შესაძლებელია ჩინეთი ამერიკამ შუამავლად გამოიყენოს ამ კონფლიქტის დასარეგულირებად, თუ გამორიცხავთ, რომ ჩინეთმა ეს მედიატორის ფუნქცია იკისროს? ჩინეთიც ამბობს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი...

– ბირთვული იარაღი ირანს არ უნდა ჰქონდეს, ამაზე ირანს რომ ჰკითხოთ, ისიც დაეთანხმება – დიახ, არ უნდა გვქონდესო, იტყვის. ჩინეთსაც, კი ბატონო, არ აწყობს ბირთვული ირანი. მეორე – ჩინეთი მედიატორი იყოს, ნაკლებად სავარაუდოა. ჩინეთის ბერკეტია ის, რომ ის ირანის ნავთობის 80%-ს ყიდულობს. შეუძლიათ, ამ ბერკეტის გამოყენებით ირანს მიაწვნენ და უთხრან: ან დათმეთ რაღაცა, ან გონს მოეგეთ, ან რაღაცას მოაწერეთ ხელი. ჩინეთი ახლა ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს არ იკისრებს. ჩინეთის როლი იქნება ან ნაკლებად მიეხმაროს ირანს, ან კიდევ ნაკლებად მიაწვეს.

– თუ მოვლენები მაინც სამხედრო სცენარით განვითარდა, როგორ აისახება ეს სამხრეთ კავკასიის, კერძოდ საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურაზე? უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ირანის „ასიმეტრიული პასუხი“ რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ თუ ლოგისტიკურ დერეფნებს შეეხება?

– ენას ძვალი არ აქვს, ამის მიღმა პირველი ერთი თვე ხომ გადავიტანეთ. ომის პირველი ფაზა ვიცით, რაც შეიძლება იყოს. გამოწვევები არის – ბენზინი გაძვირდება. თუმცა, ჩვენ არა ვართ კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომ ირანმა ჩვენზე შეტევა მიიტანოს. აზერბაიჯანში დრონი რომ დაეცა, ისიც ბოლომდე გაურკვეველია და არც აზერბაიჯანს ჰქონია ისტერიული პასუხი. ამიტომ, თუ ცეცხლი განახლდა, რაც პირველი ფაზის დროს იყო, იგივე იქნება მეორე ფაზის დროსაც ჩვენთან მიმართებაშიც.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები