Logo

გიორგი ხატიაშვილი - ტრამპი მუდმივად ბაქიბუქშია, მისი უკან დახევა ჩვეულებრივი ტრამპისტული სტილია 

ინტერვიუ
241
Frontnews image description

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი ხატიაშვილი Front News-თან ინტერვიუში განიხილავს ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და დონალდ ტრამპის პოლიტიკურ სტრატეგიას. ექსპერტი აანალიზებს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიღმა არსებულ პრაგმატულ თუ ტაქტიკურ მიზეზებს, ირანის შიდა ოპოზიციის სისუსტესა და რეგიონული დესტაბილიზაციის რისკებს. ხატიაშვილი ასევე ეხება უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივებსა და საქართველოს წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს - როგორ შეინარჩუნოს ქვეყანამ ბალანსი და უსაფრთხოება ირანისა და უკრაინის კრიზისების ფონზე, როდესაც ოფიციალური თბილისის რესურსები და მანევრირების საშუალებები შეზღუდულია.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, რის გამოც რეალურად, საბოლოოდ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ირანელ ხალხს მოუწოდა სტრატეგიული ობიექტების და სახელმწიფო დაწესებულებების დაკავებისკენ „დახმარების გაწევის“ დაპირებით, უკან დაიხია? როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ტრადიციულად, ტრამპისგან სიურპრიზები მოულოდნელი არასდროს არის. შეიძლება ესეც ირანის თვალის ასახვევად გააკეთა და შემდეგ გადავიდეს მოქმედებაზე. მას მსგავსი რამ უკვე გაუკეთებია, როცა წინაზე თქვა, რომ ვითომ ირანის დაბომბვა ორი კვირით გადადო და შემდეგ ეს 24 საათში გააკეთა. მეორე მხრივ, ამერიკის სამხედრო ძალა და გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურა ეჯახება რეალობას. დაბომბვის კუთხით არანაირი პრობლემა არა აქვს ამერიკას, ამერიკას სრული სამხედრო შესაძლებლობები აქვს. ესკალაციის შიშიც არა აქვთ, რადგან ირანი გაისვრის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა ჩამოგდების პრობლემაც ამერიკელებს აღარ აქვთ.

გავრცელდა ასეთი ვერსიაც, რომ ისრაელმა მოითხოვა ცოტა ხნით დრო, თუმცა ამის მიღმა არის ასევე კითხვა: კარგი, დაბომბეს, მერე რა სცენარით უნდა განვითარდეს მოვლენები? 80-მილიონიანი ქვეყნის დესტაბილიზაცია რეჟიმის მორყევის მიზნით, უფრო მეტ ბენეფიტს მოიტანს თუ გაცილებით მეტი რისკები არსებობს? ამ ქაოსით ოპოზიციური ძალები რამდენად ისარგებლებენ, ესეც საკითხავია.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკას ახლა ირანში, ოპოზიციურ ფლანგზე არა ჰყავს დასაყრდენი ძალა, რომელიც გადატრიალების ან ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ მოვა სათავეში და შეძლებს სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას? ანუ ალტერნატიულ ძალას თავად ამერიკაც ვერ ხედავს ირანში?

- ქვეყნის გარეთ რეზა ფეჰლევი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, რა თქმა უნდა, არიან, თუმცა ისინი რამდენად არიან ის ძალები, რომ რეალურად შეძლებენ ამ სიტუაციას გაუძღვნენ, როგორც ჩანს, ამერიკა ამაში დარწმუნებული არ არის. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ოპოზიციას, ვიცით, ირანის რეჟიმმა როგორ გაანადგურა სიცოცხლისუნარიანი ძალები. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ემხრობიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოშლას და კონსტიტუციის ცვლილებას ქვეყნის მმართველობის კუთხით, ირანში არ არის. შესაბამისად, არის ქაოტური მმართველობა და რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება. ემიგრანტებით მთავრობის დაკომპლექტება ძალიან რთულია.

- ბატონო გიორგი, ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმებით 800 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. რამდენად რეალურია ეს ციფრი და ხომ არ არის ეს უბრალოდ პოლიტიკური "ვაჭრობა" რეჟიმთან, რომელმაც რეალურად პროტესტი სისხლში მაინც ჩაახშო?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ვაჭრობას ნამდვილად აქვს ადგილი. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ცუდია. „არ დაგბომბავ და მოდი, არ დახოცო ხალხი“ — ამაში ცუდი არაფერია. დაბომბვების გადადება სიკვდილით დასჯის გაჩერების სანაცვლოდ, ეს ცუდი არ მგონია იყოს. მის მიღმა, თუ არის მსჯელობა, რომ ხალხი რეჟიმის შეცვლის მცდელობას ელოდა და მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით ტრამპმა უკან დაიხია, ის შეეჯახა რეალობას, რომელიც მისმა გარემოცვამ დაუყენა.

მეორე მხრივ, ტრამპის უკან დახევა გასაკვირი არაა. რუსეთთან დაკავშირებითაც ხომ ასე იქცევა: ხან ამბობს, რომ სანქციებს დავუწესებ და ა.შ. და ხან ამბობს, რომ გადავიფიქრეო; უკრაინის ომს დავასრულებო და ა.შ. მუდმივად ბაქიბუქშია. მხოლოდ ვენესუელის ირგვლივ დაამტკიცა, რომ საქმის გაკეთებაც შეუძლია. ამიტომ მისი ეს უკან დახევა არის ჩვეულებრივი „ტრამპისტული“ და ამაში, ვფიქრობ, ახალი არაფერია. ის, რომ ტრამპს მოვთხოვოთ, რატომ არ დაამხო ირანში ისლამური ხელისუფლება, ძალიან აბსურდია. რეჟიმი, ფაქტია, ქვეყნის შიგნით უძლებს ამ აქციებს. ამიტომ ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რომ დღეს და ხვალ ირანის ხელისუფლების დამხობა შესაძლებელია. ქვეყნის ქაოსში მოქცევა რამდენად მომგებიანია, ეს უკვე ცალკე სხვა საკითხია.

- უკრაინის თემას მინდა შევეხოთ, "დაჩქარებულ“ მშვიდობას, რომელზეც ტრამპი საუბრობს. ტრამპი ზელენსკის ადანაშაულებს ომის გაჭიანურებაში. ხედავთ თუ არა რისკს, რომ მომავალ კვირას დავოსში უკრაინას მოაწერინონ ხელი კაპიტულაციურ შეთანხმებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ტრამპს ომის სწრაფი დასრულება სჭირდება?

- ეს შეხვედრები და ხელმოწერები ბევრი ვნახეთ უკვე, მაგრამ რეალურად ომი არ სრულდება. უკრაინა იმაზე, რასაც რუსეთი ითხოვს, ვერ წავა ვერც დავოსში და ვერც ვერსად, ამიტომ უახლოეს მომავალში ომის დასრულების პერსპექტივა ძალიან სათუოდ მიმაჩნია. შეხვედრები იქნება, მსჯელობა, მაგრამ არ მგონია რუსეთმა რაიმე მოთხოვნები შეცვალოს, ხოლო უკრაინა კი მის მოთხოვნებს დასთანხმდეს.

- საქართველოსაც მინდა შევეხოთ. ირანთან შესაძლო სამხედრო ესკალაციისა და უკრაინაში "სწრაფი მშვიდობის" ფონზე, საქართველო რთული არჩევანის წინაშე დგას. კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ერთი მხრივ, არ გააღიზიანოს ტრამპის ადმინისტრაცია და მეორე მხრივ, არ დარჩეს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსეთთან უკრაინის ხარჯზე დათმობაზე წავა? რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი ვაშინგტონისთვის ამ რეგიონალური ქაოსის დროს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, უკრაინაში ომის დასრულებას ამ ეტაპზე არ ველი და ეს გამორიცხულია. მეორე მხრივ, ჩვენი პოზიციონირება როგორი უნდა იყოს, როცა ირანი ჩვენი მეზობელია? შევხედოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, როგორი პოზიცია აქვთ. პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ აქტივისტური საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს. ირანში სულ რომ გვინდოდეს, ჩვენმა ხელისუფლებამ მიტინგებს მხარი დაუჭიროს ხელისუფლების დამხობის მიზნით, არის გამორიცხული. თუ ეს მიტინგები დამარცხდა და დარჩა იგივე ხელისუფლება, მერე რას ვშვრებით? 80-მილიონიანი ქვეყანა, რომელიც ჩვენი მეზობელია... ხმას არ იღებენ და არ ატარებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენს ხელისუფლებას პირიქით, ნერვები ეშლება, როცა საქართველოში ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები აქ მიტინგებს უჭერენ მხარს.

- ირანში შექმნილი ქაოსი და თუნდაც ფართომასშტაბიანი ომი, იქნება თუ არა საქართველოსთვის პრობლემა და რა კუთხით შეიძლება ეს ჩვენს ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვეს?

- რა თქმა უნდა, იქ არეულობა და დაპირისპირება პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ გამოიწვევს ლტოლვილების ტალღას. საბერძნეთს ხომ არ მიაწყდებიან? ჩვენ ხანდახან გვავიწყდება, სად ვცხოვრობთ და ჩვენი თავი ესტონეთის მეზობელი გვგონია მართლაც. სომხეთი 500 კილომეტრია და შემდეგ ირანია. სად წავა ამდენი ხალხი, თუკი ირანში ომი დაიწყო? ჩვენი პირველი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, სამეზობლოში მშვიდობაა და „ხანძარი“ არ გვინდა. ვერცერთ საქართველოს ხელისუფლებას ვერ ექნება იმის ფუფუნება, რომ ღიად მომიტინგეებს მხარი დაუჭიროს. ეს იქნება უკიდურესი ესკალაცია. ამიტომ, მეორე მხრივ, არ ვაპირებთ ასევე ირანის ხელისუფლების ღია მხარდაჭერასაც, რასაც არ უნდა წერდეს სენატორი ჯო უილსონი. ამიტომ ვართ ასე ჩუმად.

- თუმცა ვიცით, რომ საქართველოს დასავლეთი მუდამ საყვედურობს იმაში, რომ ის არ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც დასავლეთისთვის ახლა რეგიონშია მნიშვნელოვანი. ხომ არ წამოვა იგივე საყვედური აშშ-დან, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ღიად უჭერს მხარს მომიტინგეებს?

- ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი პოლიტიკა ირანის მიმართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. ადრე, რა თქმა უნდა, ირანთან დაკავშირებული პოლიტიკა დასავლური პრიზმიდან გამომდინარეობდა. ამის გამო ირანი გადავიმტერეთ, რადგან სანქციებს ვასრულებდით და მათ ეს ძალიან სწყინდათ. ეს არ არის ისე, რომ ირანთან მიმართებაში დასავლურ პოლიტიკას არ ვიზიარებთ. უბრალოდ, ჩვენი წონა მინიმალურია, ჩვენი საჰაერო სივრცე ამერიკას არ სჭირდება. ამიტომ დავუკვირდეთ, მეზობლები როგორ იქცევიან. თურქეთი საერთოდ კატართან და საუდის არაბეთთან ერთად ჩართული იყო იმაში, რომ აშშ-ს ირანი არ დაებომბა. შესაბამისად, ირანთან პოლიტიკა ჩვენი ზომის და წონიდან გამომდინარე უნდა ვაწარმოოთ.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები