Logo

გიორგი კირთაძე - ფასების ზრდა, ალბათ, აწი უნდა ვნახოთ საწვავზე, დენზე და სხვა დანარჩენზე

პოლიტიკა
165
Frontnews image description

ფასების შემცირების კომისია რას აკეთებს? მათი მუშაობის კვალდაკვალ ფასები კიდევ უფრო იმატებს და ზრდა, ალბათ, აწი უნდა ვნახოთ საწვავზე, დენზე და სხვა დანარჩენზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში იმდენად მძიმე ვითარებაა ეკონომიკური კუთხით, რომ დენის ტარიფის ზრდა კიდევ ერთი დიდი ბოროტებაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

"სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად რთული ვითარებაა და დენის ტარიფის ამ მასშტაბის ზრდა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოსახლეობას. თითქოს, ეკონომიკურ წარმატებაზე გვესაუბრებიან კობახიძე და რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ  ვხედავთ, რომ ქვეყანა, პრაქტიკულად, იცლება და ყოველდღიურად ვაცილებთ ემიგრაციაში ახლობელს. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ უმძიმესი სოციალური პრობლემებია ამ ქვეყანაში, ფასები იმ მასშტაბითაა გაზრდილი, რომ სად უნდა იპოვო სამსახური ისეთი, რომ ამ ფასებს გასწვდე.

ბათუმში ვარ ახლა და აქ ბევრი წამლებისა და სურსათის საყიდლად თურქეთშიც კი გადადიან და იქ ყიდულობენ, რადგან შედარებით დაბალფასიანი და მაღალხარისხიანია. ამის ფონზე, ასეთი ტიპის ზრდა დენზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ისედაც რთულ ვითარებას.

უნდა გავიხსენოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლა, როცა მათი ერთ-ერთი დაპირება იყო კომუნალური გადასახადების შემცირება, ამბობდნენ, დენზე მნიშვნელოვნად შემცირდება გადასახადიო, მერე კი რა გააკეთეს - დიდი ბრძოლის შემდეგ 1 თეთრით გააიაფეს ტარიფი და ესეც იმ ინვესტირების თანხა იყო, რომელიც ასე დამძიმდა ამ ქვეყანაში. თავის დროზე, შეამცირეს და ტარიფიდან ამოიღეს ინვესტირების თანხა, ახლა კი უწევთ კიდევ უფრო ბევრის ჩადება მასში, რაც გაუგონარი სისულელე და ბოროტებაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ფასების შემცირების კომისია რას აკეთებს? მათი მუშაობის კვალდაკვალ ფასები კიდევ უფრო იმატებს და ზრდა, ალბათ, აწი უნდა ვნახოთ - საწვავზე, დენზე და სხვა დანარჩენზე. ეს არის უმძიმესი ამბავი ოჯახებისთვის", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი 5-6 თეთრით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები