Logo

გიორგი კონდახაშვილი - პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ თავს, ჩამოართვეს ნივთები და ძალით ჩატენეს მანქანაში, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით

სამართალი
1 დღის წინ / 21:34
374
Frontnews image description

ძალისმიერი მეთოდებით რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის კრიმპოლის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ თავს, ჩამოართვეს ნივთები და ძალით ჩატენეს მანქანაში, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკავშირდება ეს დაკავება ხვალინდელ პროცესს.

"რამდენიმე წუთის წინ მქონდა კომუნიკაცია ნიკას მძღოლთან და მის თანმხლებ პირებთან, ვისთანაც ერთად გადაადგილდებოდა ლისის ტბის მიმდებარედ ავტომანქანით, აპირებდა ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობას, ფაქტობრივად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადააყენებინა მანქანა და ამის შემდეგ ძალისმიერი მეთოდებით რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის კრიმპოლის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ თავს, ჩამოართვეს ნივთები და ძალით ჩატენეს მანქანაში, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.

ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკავშირდება ეს დაკავება ხვალინდელ პროცესს და ვერც სხვა საქმეს. ჩემი ვარაუდით, სახეზეა კრიმინალური აქტი. ეს არის პირის უკანონო დაკავება, შესაძლოა, მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავონ. 

ჩემი ვარაუდით, ხელისუფლებას ჰქონდა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ მოსამართლე პატიმრობას რომ გამოაცხადებს, დისკომფორტი რომ არ შეჰქმნოდათ მისი სასამართლო განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით, ალბათ, წინასწარ მოიგონეს ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს.

Advertisement