Logo

გიორგი კონდახაშვილი - ნიკა მელიას აქვს დაზიანება მაჯის არეში, ყოველ ხუთ წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს

სამართალი
21 საათის წინ / 01:43
237
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.

როგორც იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა ნიკა მელიას აყვანა იყო კრიმინალური გატაცება.

"ეს იყო კრიმინალური გატაცება. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მათ გადასცეს, რომ ობიექტი მანქანაშიაო და ამის მერე ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს. დააგდეს ძირს, ჩასვეს ფარდებიან სამარშრუტო მანქანაში, სადაც ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი. ვინაიდან „ფეისიაიდი“ უყენია, ცდილობდნენ გახსნას, მაგრამ ვერ გახსნეს. ხვალ დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს მის გამოცხადებას სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეზე, რომ განმარტება გააკეთოს.

მას მოექცნენ, როგორც უკანასკნელ კრიმინალს – არავითარი ზარის უფლება, მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის იატაკზე, მას აქვს დაზიანება მაჯის არეში. იქცეოდნენ როგორც ველურებიო, – ნიკა ასე გადმოსცემს. ყოველ ხუთ წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს. ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს ამბავი, სადაც არ არის კამერები. ეს ადგილი განგებ იყო შერჩეული.

ცალსახად, სახეზეა პირის განზრახ უკანონო დაკავება, სახეზეა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ეს არის სამოხელეო დანაშაული, რომელიც არის ძალიან დიდი ხანდაზმულობის მქონე.

გზავნილია ნიკასი – ბრძოლა ბოლომდე. ღიმილის მომგვრელია მისთვისაც ამგვარი გავეშებული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროსი, აუხსნელია ეს“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

Advertisement