გიორგი მელაშვილი - ამ ყველაფერს ორი მთავარი მიზანი აქვს: დასავლეთთან დისტანცირება და ძალაუფლების შენარჩუნება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მოულოდნელად პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადადგომა დაემთხვა როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ, მაგრამ გაუქმებულ შეხვედრას, ისე სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს, რამაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სპეკულაციებსა და ხელისუფლების მხრიდან ინტერპრეტაციებს შეუწყო ხელი. საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი ამ მოვლენებს Front News-თან ინტერვიუში აფასებს.
- საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა მოულოდნელად პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი წასვლა დროში დაემთხვა ჯერ ბიძინა ივანიშვილთან ჩავარდნილ შეხვედრას, შემდეგ კი სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს. ამან ხელისუფლებას საშუალება მისცა, ეს ფაქტი პროპაგანდის კუთხით საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა და დანიგანის წასვლა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ახალ ეტაპად შეეფასებინა. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს არგუმენტი?
- ხელისუფლებას სჩვევია შეთქმულების თეორიების გავრცელება და ბუნებრივია, ამ შანსსაც არ გაუშვებდნენ ხელიდან. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, იყო თუ არა ელჩ რობინ დანიგანის გადაწყვეტილების უკან რაიმე სხვა მიზეზი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ელჩი საქართველოში მოღვაწეობდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ტურბულენტურ პერიოდში - მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარიზმისკენ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა. მიუხედავად ამისა, დანიგანი ცდილობდა ქვეყნების შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას. მისი ელჩობის დროს გაუქმდა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც ქართული დიპლომატიის სერიოზული ჩავარდნაა.
ამ ეტაპზე რთულია თქმა, რა მოხდა რეალურად. მით უმეტეს, გვახსოვს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გზავნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, რომელიც სწორედ საელჩომ გაავრცელა. ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ელჩი სხვა მიზეზით გადადგა. რუბიოს გავლენა, როგორც საგარეო, ისე უსაფრთხოების მიმართულებით, კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ვითარებაში, არ მაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რადიკალურად შეიცვლება. ელჩის ცვლილება არ ნიშნავს პრიორიტეტების ცვლილებას.
- თუმცა "ოცნების" არგუმენტი ასეთია: თითქოს ელჩმა დამალა წერილი, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ტრამპისგან მიიღო. მათი თქმით, წერილი ელჩმა არ გაასაჯაროვა და შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზითაც გადადგა. რას იტყოდით ამ ვერსიაზე?
- ჩვენ ეს წერილი არ გვინახავს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება ერთხელ უკვე მოატყუა, როცა ბრიტანეთის მეფის მიერ გამოგზავნილი წერილი ყაველაშვილს მიაკუთვნა, თითქოს მას მიულოცა გაპრეზიდენტება. მოგვიანებით ბრიტანეთის ელჩმა განმარტა, რომ წერილი ქართველი ხალხისთვის იყო.
რაც შეეხება ტრამპის წერილს - თუ არსებობდა, მისი გამოქვეყნება "ოცნებასაც“ შეეძლო. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ელჩმა დოკუმენტი დამალა. უფრო ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდა ჩვეულებრივ პროტოკოლურ მილოცვასთან, რომელიც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი არ არის. ასეთ რამეს „ოცნება“ იყენებს შეთქმულების თეორიების გასაძლიერებლად და საკუთარი ამომრჩევლის დასარწმუნებლად. ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა საზოგადოება ინტერპრეტაციებით კვებოს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.
- სტივ დეინსის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელდა მოსაზრება, რომ სენატორი შესაძლოა, დაზვერვით მიზნით ჩამოვიდა. პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ სენატორთან "ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული შეხვედრა“ შედგა. იცვლება აშშ-ის სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით?
- ამ ეტაპზე ვერ ვხედავ სტრატეგიის ცვლილების ნიშნებს. არც ერთი სიგნალი არ მიუთითებს ამაზე. "მეგობარი აქტი“ კვლავ აქტუალურია, დიდი ალბათობით მისი განხილვა ზედა პალატაში გაგრძელდება. ევროპელები და ამერიკელები ამ რეგიონში შეთანხმებულად მოქმედებენ. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე კრიტიკული ცვლილება.
რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, "ოცნებას" აქვს ტენდენცია, ვიზიტებსა და განცხადებებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს, ამიტომ ასეთ შემთხვევებში მხოლოდ მათ ვერსიას ვერ დავეყრდნობით.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ სენატორი დეინსი მარკო რუბიოს დავალებით იმყოფებოდა რეგიონში? ვიცით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სურთ საქართველოში არსებულ ვითარებაში გაერკვნენ.
- თავისუფლად შესაძლებელია, სენატორი დეინსი სწორედ სიტუაციის შეფასების მიზნით იმყოფებოდა თბილისში და ბაქოში. ამას ემატება ახალი ადმინისტრაციის გამოწვევები რეგიონში, განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებით. თუმცა, რადგან საუბარია დახურულ შეხვედრებზე, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. შესაბამისად, მხოლოდ "ოცნების" ინტერპრეტაციებზე დაყრდნობა ჩვენი მკითხველის მიმართ არაკეთილსინდისიერი იქნება.
- რობინ დანიგანი ერთადერთი ელჩი არ არის, რომლის მიმართაც ხელისუფლება პრეტენზიებს გამოთქვამს. ხშირად ისმის ბრალდებები ევროპელი ელჩების მიმართაც რომ ისინი დიპლომატიური ეთიკის ფარგლებში არ მოქმედებენ და ოპოზიციის ნარატივს იმეორებენ. რას გულისხმობს ეს დაპირისპირება და რა საფრთხეს შეიცავს ის ქვეყნისთვის?
- "ქართული ოცნება" არც მალავს დასავლელი პარტნიორების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მათ ანტიდასავლური პროპაგანდის მექანიზმი სრულად ამუშავებული აქვთ. ხელისუფლების მიზანია საზოგადოება დაარწმუნოს, რომ დასავლეთი "მტრულია“, ხოლო რუსეთი - უფრო საიმედო პარტნიორი. ამ ყველაფერს ორი მთავარი მიზანი აქვს: დასავლეთთან დისტანცირება და ძალაუფლების შენარჩუნება, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
- ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციების ფარგლებში შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია ან გადახედოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებებიც შეჩერდა. როგორ შეაფასებთ ამ მკაცრ გზავნილებს - ეს მხოლოდ გაფრთხილებაა თუ რეალური სანქციებია მოსალოდნელი?
- "ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია პირობები, რომლებიც ჰქონდა აღებული როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე დასავლელი პარტნიორების წინაშე. ეს ტრაექტორია უკვე არაერთხელ დაგმეს ევროპელმა ლიდერებმა. გვახსოვს, როგორ ამტკიცებდა მდინარაძე, რომ რუსულ კანონს რუსეთთან არაფერი აკავშირებდა, მაგრამ საბოლოოდ კანონპროექტი კიდევ უფრო მკაცრი ფორმით მიიღეს. არჩევნების გაყალბებაც დაამატეთ და ძალიან ნათელი ხდება, რატომ შეჩერდა ევროკავშირთან დაახლოება.
ახლა "ოცნება“ კვლავ ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს ევროკავშირზე. რაც შეეხება უნგრეთის ფიგურას, ორბანი აღარ არის ის ფარი, რომელიც ხელისუფლებას იცავდა - მას პრობლემები თავად ევროკავშირში შეექმნა. გერმანიაში ახალი ხელისუფლების პირობებში და განსაკუთრებით ტრამპთან შეხვედრების შემდეგ, ორბანის გავლენა შემცირებულია. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნგრეთმა შეძლოს კვლავ „ოცნების“ ინტერესების დაცვა ევროპულ სივრცეში.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი მელაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა