გიორგი მელაშვილი – ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება ქვეყნის იმიჯი და მოსახლეობისთვის უამრავი პრობლემა შეიქმნება


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების მხრიდან სულ უფრო ხშირი გახდა საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი რეალური იყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არსებობს ალბათობა, რომ ამის ბერკეტი ბრიუსელის ხელში აღმოჩნდეს და მესამე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამარტივებული მექანიზმით მოხდეს.
საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ევროკავშირს ეს ბერკეტი მესამე ქვეყნებზე ზეწოლისთვის სჭირდება, მით უმეტეს საქართველოზე, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ამ ბერკეტის გამოყენებას ცდილობენ. ოპოზიციაში კი პირიქით მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების არასწორმა ნაბიჯებმა ქვეყანა ამ საფრთხემდე მიიყვანა.
რამდენად რეალურია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და რა სახის ზიანი მიადგება ამით ქვეყანას და მოსახლეობას? – ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი მელაშვილი საუბრობს.
– ხელისუფლება ღიად საუბრობს იმაზე, რომ თუკი ქვეყანას ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებენ, ეს არ უნდა იყოს კატასტროფა და მის გარეშეც შესაძლებელია ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს, როგორც ამას ვიზალიბერალიზაციამდე აკეთებდა. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა, ბოლო დროს, ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე საუბარი აქტუალური?
– დავიწყოთ საუბარი იქიდან, რომ ვიზალიბერალიზაცია არ არის ჯილდო, ან რაიმე სახის მიღწევა, რომელიც მხოლოდ “ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ჯერ 1990-იანი წლებიდან დაიწყო, შემდეგ ამას ჰქონდა განვითარება 2010-1011 წლებში, ხოლო საბოლოოდ ის “ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაგვირგვინდა. შესაბამისად, ეს არის ქართული დიპლომატიის თაობების მონაპოვარი და ეს არ არის ერთი, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც ქართველმა დიპლომატებმა და სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირებმა იშრომეს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეებს, რომელზეც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოლო დროს, ალაპარაკდნენ, ამის შესახებ საფრთხე ახალი არ არის.
ჩვენ ამაზე საუბარი ძალიან დიდი ხანია, რაც გვესმის. “ოცნებამ“ ევროკავშირისგან მიიღო უზარმაზარი კარტ-ბლანში. ეს იყო კანდიდატის სტატუსი, რომელიც წინსწრებით იყო მინიჭებული. გვახსოვს მაშინ “ოცნებამ“ არ შეასრულა ის დათქმები, რაც მას სტატუსის მიღებისთვის უნდა შეესრულებინა. ამის მიუხედავად ჩვენ სტატუსი მაინც მივიღეთ. ეს კი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების დაფასება იყო. ამ ყველაფრის ფონზე, იმის ნაცვლად, რომ “ოცნებას“ რეფორმები განეხორციელებინა, ჩვენ მაინც უამრავი ანტიდასავლური განცხადებები და კანონები დავინახეთ “ოცნების” მხრიდან გაცხადებული და გატარებული. ამას ემატება არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები, ხარვეზები, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე კი ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრა, რომ თუ ასე გაგრძელდება, პირველ რიგში გართულდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, შემდეგში კი უკვე საფრთხე ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება.
– ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას კულუარულადაც იღებდეს და მას ამის შესახებ ევროპელი კოლეგები დახურულ კარს მიღმაც ესაუბრებიან? ანუ საფრთხე შესაძლოა, იმაზე რეალურია, ვიდრე საჯაროდ ჩანს?
– გამორიცხული არაფერია, მაგრამ ევროკავშირმა ამის შესახებ ღიადაც არაერთხელ გაგვაფრთხილა. ევროპული საბჭოს რამდენიმე განცხადებაა, რომელიც პირდაპირ კომისიას მოუწოდებს გადახედოს და დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ამას კი უკვე კონკრეტული სანქციები დაემატა კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. ამ ყველაფრის ფონზე მისულები ვართ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეებამდე. აქ ოღონდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქართული ლოკალური კონტექსტის გათვალისწინება, არამედ ევროპულიც. ზოგადად ევროკავშირი გაცილებით უფრო მკაცრად აპირებს, რომ მიგრაციის საკითხში მიუდგეს. ის ღიაობის პრინციპი, რომელიც ანგელა მერკელის პერიოდში, ნაწილობრივ შოლცის დროს ევროპაში იყო, ნელ-ნელა ეს ღია მიგრაციული პოლიტიკა იხურება.
ევროკავშირი გაცილებით უფრო დახურული გახდება მიგრაციული ნაკადების. როდესაც ხდება საუბარი ამ ადამიანის უფლებათა კომპონენტის დამატებაზე, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, აქ ეხება სხვადასხვა ქვეყნებსაც, თუმცა იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება და რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოში, როგორც ჩანს მათ აქვთ გააზრებული, რომ საქართველოში ადამიანის უფლების მასობრივი დარღვევა ხდება, ამიტომ სწორედ ეს შეიძლება მთავარი საფრთხე გახდეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების.
– ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნების მხრიდან, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთან დაკავშირებით უნდა გადაიხედოს, განსაკუთრებით აქტიურობის ბალტიისპირეთის ქვეყნები. თუმცა საქართველოს ჰყავს მოკავშირე ქვეყანა უნგრეთი და კიდევ რამდენიმე, რომლებიც ამ საკითხს ბლოკავენ. თუმცა ფიქრობთ, რომ სულ უფრო გაიზრდება რიცხვი იმ ქვეყნების, რომლებიც თანახმანი იქნებიან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა გადაიხედოს? ეს გამარტივებული ბერკეტი ბრიუსელის ხელში, რა საფრთხეს ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის?
– სამწუხაროდ, ეს რისკები მანამდე იარსებებს, სანამ თბილისში ხელისუფლება არ გაიაზრებს ბოლომდე რა მოჰყვება მის პოლიტიკურ ნაბიჯებს. თავიდან ბოლომდე, შესაძლებლობა, პოლიტიკური ნება, რომ ეს არ მოხდეს და შენგენის ზონა ჩვენი ქვეყნისთვის არ დაიკეტოს, ეს გააჩნია თბილისს და თბილისში არსებულ ხელისუფლებას. ევროკავშირი ამ შემთხვევაში ყველანაირად აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ეს როდემდე გაგრძელდება, ასე რთული საკითხავია. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ფართო კოალიცია. ჯერჯერობით ეს არ ხდება, რადგან ევროკავშირს სასანქციო პირობები ჯერ ამოწურული არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ ეხმარება უნგრეთი და ცდილობს ევროკავშირის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით დაბლოკოს.
თუმცა ინდივიდუალური ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ და სულ უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ტარგეტირებული სანქციების იდეას. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ უნგრეთის ვეტოსაც გააჩნია გარკვეული ლიმიტი. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა, მაშინ ორბანის დარწმუნება მოხერხდა, რომ მას ოთახი დაეტოვებინა. შესაბამისად, ეს ბერკეტი ევროკავშირს აქვს და მისი გამოყენებაც არ გამოვრიცხოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის არა ევროკავშირის პოზიციები, არამედ თბილისში მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების პოზიციონირება ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუ “ქართული ოცნება” შეცვლის ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ კურსს, რომელზეც ის უკვე ბოლო დროა, დამდგარია, ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
– რა სახის ზიანს მიიღებს ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა, თუკი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი კიდევ უფრო რეალური გახდა? რა სიკეთეს იღებს ჩვენი მოსახლეობა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით?
– საქართველოს მოსახლეობას ამ შემთხვევაში ორი სახის პრობლემა შეექმნება. პირველი ეს იქნება ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა. ადამიანებს ისევ ვიზების მიღება დასჭირდება, რაც მთელ რიგ დოკუმენტებთან არის დაკავშირებული. ელემენტარულად რომ ჩავიდნენ ევროპაში, ნახონ საყვარელი ადამიანები ეს პრობლემა შეიქმნება პირველი. ხოლო მეორე პრობლემა რაც გაჩნდება, ეს არის რეპუტაციული ზიანი, რომელსაც საქართველო მიიღებს. ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო, ხოლო თუ კანდიდატ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. ანუ გამოვა, რომ საქართველო დასავლური სივრციდან ჩახსნას დაიწყებს და რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება. ამ ყველაფერს მოჰყვება დამატებითი ფაქტორები, რაც ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ეხება. ვეღარ შეძლებენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ სიკეთის მიღებას. ბიზნესმენები ვერ ჩავლენ და ვერ მოაგვარებენ საკუთარ ბიზნესს გარიგებებს. ამას კი ისევ და ისევ ვიზების მიღება დასჭირდება. ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი და მეორეს მხრივ ჩვენი მოსახლეობისთვის უამრავი პრობლემა შეიქმნება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი მელაშვილი