Logo

გიორგი რეხვიაშვილი - ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა

სამართალი
194
Frontnews image description

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არცერთი სანდო და გონივრული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არცერთი სანდო და გონივრული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა.

ახლა გამოძიება არის ჩიხში შესული, ფიქრობენ, თუ რა გამოსავალი უნდა მოძებნონ აღნიშნული საქმიდან გამომდინარე და მოიფიქრეს ერთი - შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავშირებენ ალექსანდრე ელისაშვილს. ეს საქმე არის დაწყებული 2025 წლის მაისში. საქმე ეხება სასამართლოს შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს. გუშინ ჩაუტარდა ალექსანდრე ელისაშვილს კვლევის ნიმუშის აღება და, რა თქმა უნდა, ცდილობენ, ამით რაღაც ჯაჭვი შექმნან, რომ არსებობდა რამდენიმე ეპიზოდი მის მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელების. ეს პირდაპირ მიუთითებს ნათლად, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ცდილობენ, ამით ის ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები