
ავტორი
Front News საქართველო
ახლო აღმოსავლეთში "პროქსი ომების“ ეპოქა დასრულდა და რეგიონი პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების სახიფათო ფაზაში შევიდა - ასე აფასებს Front News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი გიორგი ტუმასიანი რეგიონში მიმდინარე მწვავე ესკალაციას. ანალიტიკოსის განმარტებით, ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გემზე განხორციელებული თავდასხმა და ვაშინგტონის საპასუხო დარტყმები მიანიშნებს, რომ მხარეებს შორის უსაფრთხოების ძველი შეთანხმებები ჩამოიშალა და პროცესები ქაოტურ, ჰიბრიდულ ფაზაში გადავიდა, სადაც გადაწყვეტილებებს ხშირად თეირანის ნაცვლად ადგილობრივი, რადიკალური დაჯგუფებები იღებენ. ამავდროულად, ექსპერტი უკრაინაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ რყევებს და სამხედრო-ტექნოლოგიურ უწყებებში არსებულ ცვლილებებს ეხმიანება და ხაზს უსვამს, რომ კიევის შიდა კრიზისმა შესაძლოა, ფრონტზე მიღწეული ტაქტიკური უპირატესობა დააზიანოს და დასავლურ მხარდაჭერას საფრთხე შეუქმნას.
- ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივი ბლოკირება, ყურის მონარქიებზე (ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) განხორციელებული დარტყმები და აშშ-ის საპასუხო საჰაერო იერიშები ირანის ტერიტორიაზე მიანიშნებს, რომ რეგიონში "პროქსი ომების" ეპოქა პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა? რა პროცესების განვითარებას ვადევნებთ ახლა თვალს?
- მდგომარეობა ამ ეტაპზე საკმაოდ დაძაბული რჩება. კონფლიქტი არ დასრულებულა, ის უბრალოდ ჰიბრიდულ ფაზაში გადავიდა. ეს არის პერიოდი, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები დარღვეულია და აქტიური ესკალაცია მიმდინარეობს. ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირდა მანამდე შემუშავებული მემორანდუმის გაუქმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავბრუნდით ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების არარსებობის პირობებში. ვაშინგტონსა და თეირანს შორის კომუნიკაცია ახლა სრულად სამხედრო ენით მიმდინარეობს.
ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი ინციდენტი ირანმა დაიწყო, როდესაც ჰორმუზის სრუტეში ერთ-ერთი გემი დაბომბა. ეს კი ამერიკისთვის მიზეზი აღმოჩნდა, რათა ირანის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი მოქმედებები დაეწყო. ცალკე საკითხია ის გარემოება, რომ ირანს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნება სურდა, ხოლო აშშ-ისთვის ეს წითელი ხაზია. როგორც კი საკითხი ჰორმუზის სრუტეს ეხება, მხარეები ვერ თანხმდებიან და ვერც ვერასდროს შეთანხმდებიან.
ამასთანავე, ირანის დარტყმები ფიქსირდება ერაყში, იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინშიც. ყატარი და გაერთიანებული არაბული საამიროები ბოლო დღეების განმავლობაში გამონაკლისს წარმოადგენდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ იერიშები იქაც განხორციელდა. შესაბამისად, ირანი კვლავ იმავე წერტილებში ახორციელებს დარტყმებს, გარდა ისრაელისა. ისრაელი ამ დაბომბვებში პირდაპირ არ მონაწილეობს, ხოლო თუ ირანი თელ-ავივს დაბომბავს, ისრაელს გაცხადებული აქვს, რომ საპასუხო მოქმედებებში სრულად ჩაერთვება. შესაბამისად, ირანისთვის ეს უკიდურესად სარისკო ნაბიჯია. ამერიკის მოკავშირეების დაბომბვას რეგიონში კონკრეტული მიზანი აქვს - აიძულოს ვაშინგტონი, შეწყვიტოს აქტიური მოქმედებები ამ რეგიონის ქვეყნების დასაცავად.
- რამდენად რეალურია, რომ ამ ესკალაციამ სრულიად შეცვალოს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურა და რა გავლენას მოახდენს ყურის მონარქიების ტრადიციულ უსაფრთხოების გარანტიებზე ვაშინგტონის მხრიდან ირანთან ასეთი ღია კონფრონტაცია?
- რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და ჩამოშლილი. თუმცა ეს პროცესი გაცილებით ადრე - 2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული, რეგიონის უსაფრთხოების სისტემის რღვევა სისტემატურ ხასიათს ატარებს. ცხადია, რომ ირანთან კონფლიქტი ქრონიკულ ჰიბრიდულ ფაზაში გადავიდა, ეს არის მდგომარეობა, როდესაც არც ომია და არც მშვიდობა. ზღვარის გავლება ომსა და მშვიდობას შორის სულ უფრო რთული ხდება, რის გამოც ქვეყნებს უსაფრთხოების ვაკუუმი უჩნდებათ.
მიუხედავად ამისა, ამერიკისგან დისტანცირება ამ ქვეყნებისთვის გამოსავალი არ არის. მარტივი მიზეზის გამო: თუნდაც ომანი ავიღოთ, რომელიც მოლაპარაკებებში მუდამ შუამავლის როლს ასრულებდა, ირანმა მაინც დაბომბა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ირანის შიგნით მართვის სისტემა სრულად არეულია. მეორე მომენტია ის, რომ ამ ქვეყნებს ამერიკული მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდათ, ელემენტარული საჰაერო თავდაცვის სისტემებიც კი არ ექნებოდათ. რუსული სისტემების არაეფექტურობა ყველამ კარგად ვიცით, სხვა რეალური ალტერნატივა კი ბაზარზე არ ჩანს. შესაბამისად, მარტივი წარმოსადგენია, რა მძიმე შედეგები დადგებოდა ამერიკული დახმარების გარეშე.
ამ ქვეყნებს კარგად ესმით, რომ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები ხელშესახები და პრაქტიკულია - ისინი იარაღისა და ჭურვების რაოდენობით იზომება და არა მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით. მეორე მხრივ, დავუშვათ, რომ ირანთან ამ ქვეყნების მხრიდან შეთანხმების რაიმე ლოგიკა არსებობდეს. აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს: მაგალითად, ირანი ბაჰრეინს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს. არ არსებობს ისეთი კონფიგურაცია, სადაც ამერიკის გავლენის გაქრობის შემდეგ ვაკუუმი შენარჩუნდება. თუ არ იქნება დასავლეთის გავლენა, მის ადგილს აუცილებლად ირანი შეავსებს (ზუსტად ისე, როგორც ჩვენ საქართველოში ხშირად ვამბობთ ხოლმე - დასავლეთის ალტერნატივა რუსული გავლენაა). ნეიტრალური ვითარება ბუნებაში არ არსებობს. ბაჰრეინი და ყატარი ცდილობდნენ ბალანსის პოვნას, საუდის არაბეთსაც ჰქონდა ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობა, ერაყის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ შიიტია, მაგრამ ირანი მაინც ახორციელებს მათზე თავდასხმებს. ამიტომ, ამ ვითარებაში სხვა რეალური გამოსავალი არ არსებობს.
- თქვენ ახსენეთ ირანში არსებული შიდა მდგომარეობა. ვინ აკონტროლებს ახლა პროცესებს ქვეყნის შიგნით და შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსია ის ძალა, რომელმაც ქვეყანაში ძალაუფლება სრულად ჩაიგდო ხელში?
- ცხადია, გადაწყვეტილებებს სრულად "გუშაგთა კორპუსი" იღებს. პრობლემა იმაშია, რომ ამ კორპუსის ხელმძღვანელობა ხშირად იცვლება, რადგან მათი ლიდერები სისტემატურად ხდებიან ლიკვიდაციის სამიზნეები. შესაბამისად, მართვის იდეალური, ცენტრალიზებული სისტემა იქ აღარ არსებობს. ამერიკული საპასუხო დაბომბვების ფონზე, ირანული სამხედრო მანქანა მეტწილად რეგიონული მართვის ლოგიკაზეა გადასული.
თითოეულ რეგიონს საკუთარი, ავტონომიური მმართველობა გააჩნია შეიარაღებული ძალების მხრიდან და არა უშუალოდ თეირანიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების დროს, ადგილობრივმა სამხედრო მეთაურმა შესაძლოა სრულიად დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაბომბოს. მას შესაძლოა წინასწარ ჰქონდეს მომზადებული გეგმა კონკრეტული ქვეყნების იერიშზე და მოქმედება დედაქალაქთან შეთანხმების გარეშე დაიწყოს. სწორედ აქ ჩნდება არაპროგნოზირებადი და ქაოტური მოქმედებების უდიდესი რისკი.
- უკრაინაში სამთავრობო კრიზისს მინდა შევეხოთ. თავდაცვის უწყებებში არსებულმა დაპირისპირებამ გააჩინა კითხვები ქვეყნის მართვის სტაბილურობაზე იმ ფონზე, როდესაც ფრონტზე მდგომარეობა ისედაც რთულია. როგორ აისახება კიევში მიმდინარე შიდაპოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები უკრაინის პარტნიორების, განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის ნდობაზე? ხომ არ გამოიყენებენ ამ შიდა რყევებს დასავლეთში ის ძალები, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შემცირებას ან მშვიდობის იძულებით ფორმულას უჭერენ მხარს?
- უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა უკრაინაში ერთ-ერთი მთავარი და რეზონანსული თემაა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიხაილო ფედოროვის გადაყენება (ან მასთან დაკავშირებული საკადრო გადაადგილებები). ამ პროცესებმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინაში საპროტესტო აქციებიც კი გამოიწვია. აქციები იმართება დედაქალაქში, დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინაშიც, საზოგადოება მის შენარჩუნებას ითხოვს.
მოსახლეობის აღქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მიღწეული ტექნოლოგიური და სტრატეგიული წარმატებების უკან, თავისი პროფესიონალიზმითა და განათლებით, სწორედ ფედოროვი და მისი გუნდი იდგა. რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დრონების ეფექტური შეტევების უკან სწორედ ეს ხედვა დგას. გაჩნდა სერიოზული დისკუსია იმის შესახებ, თუ რას უკავშირდება მისი შესაძლო ჩამოშორება ამ პროცესებიდან. თუ ხელისუფლება საზოგადოებას ძალიან მკაფიო და ამომწურავ პასუხებს არ მისცემს, ამას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი მასშტაბის შიდაპოლიტიკური კრიზისი, როგორიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ არ უნახავს. თუ სიტუაცია დროულად და სწორად არ იქნება მართული, ზელენსკის გუნდს სერიოზული პოლიტიკური საფრთხე დაემუქრება. რაც შეეხება უშუალოდ ფრონტის ხაზს, იქ უკრაინას ბოლო პერიოდში კარგი პოზიციები ჰქონდა, თუმცა ესეც უშუალოდ უკავშირდება ტექნოლოგიურ უპირატესობას. მსგავსმა საკადრო რყევებმა შესაძლოა, დაასუსტოს ჯარის საბრძოლო განწყობა და ნეგატიურად აისახოს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებზეც.
- მოსკოვზე დრონების ამ მასშტაბურმა იერიშებმა და საჰაერო სივრცის პარალიზებამ გამოაჩინა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების სერიოზული ხარვეზები. თქვენი აზრით, რამდენად შეცვლის ომის ამგვარი "გადატანა" რუსეთის სიღრმეში მოსკოვის სამხედრო სტრატეგიას და რამდენად შეუძლია კიევს ამ ტაქტიკით აიძულოს კრემლი, გადააჯგუფოს ფრონტის ხაზიდან ძალები საკუთარი ქალაქების დასაცავად?
- უკრაინამ ბოლო თვეების განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავი სტრატეგიული დარტყმების განხორციელება შეძლო რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტზე. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ გამოწვევის წინაშე სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა და თითქმის არ არსებობს იმის ალბათობა, რომ მათ მოკლევადიან პერსპექტივაში რეალური ადაპტირება შეძლონ. საჰაერო თავდაცვა ყველაზე რთული და მაღალტექნოლოგიური სფეროა. შესაბამისად, თუ უკრაინა ამ ინტენსივობის დარტყმებს გააგრძელებს, რუსეთის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
სწორედ ამიტომ გაჩნდა შიში, რომ ფედოროვის და მისი გუნდის შესაძლო ჩამოშორება უკრაინის თავდაცვისა და ტექნოლოგიურ უწყებებში ამ ეფექტიანობას შეამცირებს. სწორედ მათი დამსახურებითა და სწორი სტრატეგიით იქნა მოპოვებული უპირატესობა ყირიმში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უშუალოდ რუსეთის სიღრმეში. რუსეთისთვის ძალების სიღრმეში გადაჯგუფებაც კი ვერ იქნება მარტივი გამოსავალი, რადგან უკრაინული დრონები 1000 კილომეტრის რადიუსში ეფექტურად აღწევენ მიზანს. რუსებმა საკუთარი სტრატეგიული ობიექტები ვლადივოსტოკის მიმართულებით ხომ ვერ გადაიტანენ? ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ, მოსკოვს ამ ეტაპზე მარტივი სამხედრო გამოსავალი არ გააჩნია. თუმცა, თუ უკრაინა მწვავე შიდაპოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება, ეს, რა თქმა უნდა, კრემლისთვის ხელსაყრელი შანსი და საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ტუმასიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს