Logo

გიორგი ვაშაძე - მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება

პოლიტიკა
152
Frontnews image description

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, ხარ ადამიანი, რომელსაც გინდა მთელი ქვეყანა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გამოგივა, იცოდე, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს და შენ შენი კობახიძეებით ვერასდროს ვერ გაგვტეხ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი სუსტია და მალე დაემხობა.

"მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება და საზოგადოებას ვეუბნები, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. 

მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილებაც  კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ბევრმა პატრიოტმა ადამიანმა გაიარა გზა, რასაც ახლა გავდივარ მე, ჩემი მეგობრები, ვინც დაკავებულები არიან, სინდისის პატიმრები. დარწმუნებული ვარ, მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, ხარ ადამიანი, რომელსაც მთელი ქვეყანა გინდა ციხეში, მაგრამ არ გამოგივა, იცოდე, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს და შენ შენი კობახიძეებით ვერასდროს ვერ გაგვტეხ. გგონია, პატიმრობთ შეგვაშინებ? - შენი არავის ეშინია იმიტომ, რომ შენც, მთელი შენი გარემოცვა ხართ არარაობები, ხართ ადამიანები, ამოფარებული ხართ საპოლიციო რეჟიმს და ქუჩაში გასვლისაც გეშინიათ, ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ.

რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში, სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა? სად არის განვითარება, სად არის საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების, სადაა ინვესტიციები, რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთადერთი რაც გააკეთეთ, ციხეები გაავსეთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრებით.

მინდა მივმართო საზოგადოებას - ერთადერთი გზავნილი მაქვს დღეს - ერთიანობა, ერთიანობა და ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია დავაჩქაროთ გამარჯვება. აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც უფრო მალე გავერთიანდებით, დავინახავთ, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება და ერთმანეთი გვჭირდება, რომ სამშობლო გადავარჩინოთ, ჩვენ მალე გავიმარჯვებთ.

პატიმრობა დროებითია, სამშობლო, ადამიანობა, ღირსება, ოჯახი - ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. რამე განსაკუთრებული არ ხდება, მზად ვიყავი, ვიცით, რა ბრძოლაში ვართ. ვებრძვით ავტორიტარულ რეჟიმს, მაგრამ იცოდეთ, რომ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ყველა ავტორიტარი დამარცხდება და დემოკრატიული საზოგადოება, რომელსაც უნდა განვითარება, მშვიდობა აუცილებლად გაიმარჯვებს.

გეოპოლიტიკურად ბევრი რამ იცვლება და უნდა ვიყოთ ერთიანები.

მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს - საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, გახდეს ღირსეული ღირსეულთა შორის, იყოს თქვენ გვერდით, იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ჩვენი ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისათვის. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები თქვენი და ეს მშიშარა რეჟიმი ჩამოშორდება ქვეყნის მართვას. მე ვარ ერთი იმ ასი ათასობითს შორის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. ძალა ერთობაშია. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მოვუწოდებ ყველას, შეუერთდით. ჩვენ ვერავინ გაგვტეხს. რეჟიმი არის განწირული მარცხისთვის და ეს უნდა მოვიტანოთ ჩვენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

Advertisement