გიორგი ვაშაძე - სახალხო დამცველის დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ სპეკულაციებს, პაატა მანჯგალაძე არის უკანონო პატიმარი

ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ სპეკულაციებს, პაატა მანჯგალაძე არის უკანონო პატიმარი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაატა მანჯგალაძე არის ღირსეული პატრიოტი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გადარჩენაში.
"სახალხო დამცველის დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ სპეკულაციებს, პაატა მანჯგალაძე არის უკანონო პატიმარი, მისი გათავისუფლება არის აუცილებელი, თუ იოტისოდენა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ქვეყანაში.
ჩვენ გვესმის რა სისტემას ვებრძვით, ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანების ამოცანა არის დასაჯოს ყველა, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვისაც სურს, რომ სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში, ვინც არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მამულიშვილი და პაატა მანჯგალაძე ნამდვილად ასეთი ადამიანია.
მიუხედავად დიდი განსაცდელისა, რის წინაშეც დგას ის და ჩვენ, მისი თანაგუნდელები და მისი ოჯახის წევრები, პაატა არის მხნედ, აგრძელებს ბრძოლას და აუცილებლად შეიტანს თავის წვლილს საქართველოს განვითარების პროცესში. ის არის ეროვნული მოძრაობის წიაღში გაზრდილი ადამიანი და ღირსეული ქართველი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი გააკეთოს თავისი სამშობლოსთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ომბუდსმენის ცნობით, ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.
მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




