Logo

გივი მიქანაძე - 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი

პოლიტიკა
241
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის. მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ  პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები", - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, არაერთი დისკუსიის შედეგად, მთავრობამ მშობელთა პოზიცია და მათი საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.

ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით – სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვას და განცხადებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის ზრდას და პროცესები მაქსიმალურად იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული პოზიციების მოსმენა, მათ შორის, კრიტიკულისაც, თუ ის არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია.

ჩვენ რეფორმის უმთავრეს მიზნად დავსახეთ სკოლებში მოსწავლეზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესაბამისად, კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული და ეფუძნებოდეს პროფესიულ ანალიზს", – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები