Logo

გივი მიქანაძე - მომხრე ვიქნებოდი, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, გარკვეულ დაწინაურებაზე და ჯილდოზე წარგვედგინა

პოლიტიკა
1 დღის წინ / 00:00
505
Frontnews image description

ერთი წამით მივცეთ საშუალება იმ თეორიის განვითარებას, რასაც ბაჩიაშვილი საუბრობს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა, უცხო ქვეყანაში ძებნილი, მსჯავრდებული პირი დააკავეს, უპრობლემოდ დააბრუნეს საქართველოში და წარადგინეს მართლმსაჯულების წინაშე - ამას ამბობს ბაჩიაშვილი. ამ შემთხვევაში, სიტყვაზე რომ დავუჯეროთ ბაჩიაშვილს და დავიჯეროთ  და განვითარდეს ეს ვერსია, ცალსახად იკვეთება ჩვენი სპეცსამსახურების კიდევ უფრო მაღალი პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ის მომხრეა, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციაში ჩართული პირების დაწინაურების და ჯილდოზე წარდგენის, ვინაიდან, ბაჩიაშვილის ვერსია მისი დაკავების შესახებ, ქართული სპეცსამსახურების კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

"მე პირადად, მომხრე ვიქნებოდი, ის ადამიანები, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, გარკვეულ დაწინაურებაზე და ჯილდოებზე წარგვედგინა, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები უმაღლეს რანგში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მეორე უმთავრესი კომპონენტია, რომ ბაჩიაშვილი იქნება ეს თუ სხვა ადამიანი, როდესაც ჩაიდენს დანაშაულს, იმ ადამიანთან მიმართებით, მართლმსაჯულება უნდა დადგეს. შესაბამისად, მართლმსაჯულების კომპონენტი არის უმთავრესი, არ აქვს მნიშვნელობა ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, მით უმეტეს, ბაჩიაშვილი, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულშია მხილებული - ფულის გათეთრებაზეა საუბარი. სანქცირების თვალსაზრისით, ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში, ბევრად უფრო მკაცრ სანქცირებას ექვემდებარება მსგავსი ქმედება, ვიდრე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითაა განსაზღვრული", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს ბაჩიაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მიქანაძემ ამ ბრალდებებს ოპოზიციის სპეკულაცია უწოდა. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დანაშაულშია მხილებული, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

"ეს [ბაჩიაშვილის პოლიტპატიმრობა] არის ოპოზიციის სპეკულაცია და ეს სპეკულაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა კრიმინალი ჩაიდინა და პარალელურად, თვითონვე აღიარა, რომ ოპოზიციას აფინანსებდა იმისათვის, რომ სწორედ საინფორმაციო თავდაცვითი კომპონენტი შემოეღო თავისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძებნილია და სასამართლოს მიერ ცნობილია დამნაშავედ, ის აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე - ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. ამიტომ, აქ მხოლოდ მადლობა გვეთქმის ქართული სპეცსამსახურებისთვის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ დავუშვებთ იმ თეორიას, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მაღალ პროფესიონალიზმს, რომელიც ქართული სპეცსამსახურებისთვის არის დამახასიათებელი. მე დავაყენებდი ამ ადამიანების გარკვეულ ჯილდოზე წარდგენის საკითხს",  -  განაცხადა გივი მიქანაძემ.

Advertisement