Logo

გივი მიქანაძე - მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება

პოლიტიკა
160
Frontnews image description

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს  სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.

"სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.

2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს", - განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისთვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა – დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და  შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.

Advertisement