გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ალან პერსელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
"მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალან პერსელს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელობაზე, რაც ტექნოლოგიებისა და აგრარული მეცნიერებების მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას გულისხმობს.
საუბარი შეეხო აშშ-ის საელჩოს ინიციატივის - „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის" (University Capacity Building Program) გაგრძელების მნიშვნელობას, როგორც ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები დასახეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე




