გივი მიქანაძემ სამტრედიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ამჯერად სამტრედიაში გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეებისა და განსახორციელებელი ინიციატივების მშობლებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს მშობელთა ინფორმირებულობის ზრდას და მათი მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე დადებითად აისახება.
საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, მათ შორის სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმებს, პირველკლასელთა რეგისტრაციას, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციას და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების დელეგატი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი იმედა ნიკურაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ამირან თევდორაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია მეიშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
გივი მიქანაძე




