Logo

გივი მომცელიძე - რომ იყოს მართლა კონკურენცია და მცირე და საშუალო მარკეტებს შეღავათები ჰქონდეთ, ბევრი პროდუქტი უფრო ნაკლებ ფასში იქნებოდა

ინტერვიუ
38
Frontnews image description

Front News-თან ინტერვიუში ეკონომისტი და სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ ფასების ზრდა არა კარტელური გარიგებების, არამედ გაზრდილი მოთხოვნის, ტურისტული ნაკადებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების შედეგია.

მისივე თქმით, მარჟების სახელმწიფო რეგულირება ბიზნესის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის, გამოიწვევს პროდუქციის დეფიციტს და ბაზრიდან მნიშვნელოვანი მოთამაშეების გასვლას.

ბატონო გივი, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში პროდუქტზე ფასნამატი საზღვრიდან თარომდე 86%- შეადგენს (გადასახადების გარეშე). ეკონომიკური ლოგიკით, რა ხსნის ამ ციფრს - ეს არის ბიზნესის მხრიდან ზემოგების მიღების სურვილი, თუ არსებობს ობიექტური ფარული ხარჯები, რომლებსაც მომხმარებელი ვერ ხედავს?

ამ მონაცემებზე ასე მარტივად ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები. ეს არის უბრალოდ განცხადება, რომელშიც რეალური სტატისტიკური მონაცემები არ დევს. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე ოფიციალური მონაცემები და ეს არისგანცხადება განცხადებისთვის“. ამაზე უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რაიმე მონაცემები უნდა გვქონდეს.

თუ იმას ვიტყვით, რომ საქართველოში რაღაც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საფრანგეთში ან გერმანიაში, ამაზე კიდევ შეიძლება კონკრეტულად საუბარი. შეუძლებელია, ნებისმიერი, თუნდაც გერმანული ლუდი ავიღოთ, რომელიც ადგილზე 1 ევრო ღირს - ის საქართველოში ერთი ევრო ვერ ეღირება. გერმანიაში ლუდი არ იბეგრება, დღგ არ აქვს, საქართველოში კი იბეგრება, აქციზიც აქვს და როცა ჩამოვა, კიდევ ემატება ხარჯები. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული საგადასახადო წნეხი.

ჩვეულებრივი მოქალაქე შედის და ნახულობს: გერმანული ლუდი, რომელიც ბერლინში 1 ევროდ ნახა, „გუდვილში“ 9 ლარამდე ღირს. აქ ტრანსპორტირების ხარჯები, საგადასახადო წნეხი და მარჟა არ უნდა დაგვავიწყდეს. სამწუხაროდ, მაქვს განცდა, რომ ირაკლი კობახიძე რაღაც კონკრეტული პროდუქტებით მსჯელობს. სერიოზულად ნამდვილად ვერ აღვიქვამ ამ განცხადებას. საქართველო საშუალო ფასებით, ჯერჯერობით, ევროპასთან ახლოსაც არ არის. შედარებული მაქვს ქართული და ევროპული ფასები და ჩვენთან 2400 კალორიის შესაბამისი კვება 185 ევრო ჯდება. არის ქალაქები ევროპაში, სადაც ეს კალორაჟი სამჯერ ძვირი ღირს. სხვაგან, განსაკუთრებით ევროპის დედაქალაქებში, უფრო ძვირია. საშუალოდ, ჩვენ უფრო იაფი ქვეყანა გამოვდივართ, ვიდრე ევროპის ნებისმიერი ქვეყანა.

მწარმოებლები ხშირად ჩივიან ქსელური მარკეტების მხრიდანკაბალურპირობებზე (ქეშბექები, თაროს გადასახადი). რამდენად რეალურია იმის საფრთხე, რომ ბაზარი რამდენიმე მსხვილი მოთამაშის მიერ იმართება და რამდენად ჰგავს ეს სიტუაცია კარტელურ გარიგებას?

მე ამ სფეროებთან უშუალო შეხება მაქვს და შესაბამისად, ძალიან მეეჭვება, რომ კარტელური შეთანხმება არსებობდეს. მაგალითად, „გუდვილისმეპატრონე დადგეს და ფასებიკარფურის“, „ფრესკოსდა სხვა დიდი სუპერმარკეტების მეპატრონეებთან ათანხმოს, ფიზიკურად რაში სჭირდებათ?

ქეშბექებზე გეტყვით, რომ დიახ, არის შემთხვევები, როდესაც რაღაც პროდუქტი შედის და მერე ქეშბექებს ითხოვენ. თუ სადისტრიბუციოს პროდუქტი ლარი უჯდება, იქ 20%-იანი ფასნამატით როცა უნდა შეიტანოს, ხდება ისე, რომ ლარად და ორმოცად შემოიტანს და ეუბნებიან: რაღაც ათი ან ოცი თეთრი უკან დამიბრუნეო. რა თქმა უნდა, ეს ქეშბექების სისტემა არ მომწონს. დიდი ქსელური მარკეტები ამას აკეთებენ და პირდაპირ კლავენ მცირე და საშუალო მარკეტებს. მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ დიდ ქსელებს კონკურენცია გაუწიონ. ამიტომ, როდესაც დიდ ქსელებზე ვსაუბრობთ, ეს არაა კარგი ეკონომიკისთვის. საშუალო ფენისთვის ხომ უნდა ვიფიქროთ? რომ იყოს მართლა კონკურენცია და მცირე და საშუალო მარკეტებს შეღავათები ჰქონდეთ, ბევრი პროდუქტი უფრო ნაკლებ ფასში იქნებოდა.

ხშირად არის საუბარი იმაზეც, რომ როდესაც ვალუტის გაუფასურება ხდება, ფასები იწევს, თუმცა მისი დარეგულირების შემდეგ ეს ფასები პროდუქტზე იგივე რჩება. რა არის ამის მიზეზი და ესეც განაპირობებს თუ არა მაღალ ფასებს?

ესეც მითია, თითქოს რადგან ფასები ვალუტის გაუფასურების გამო მაღლა იწევს, მერე აღარ იწევს დაბლა. იწევს, მაგრამ ეს ძალიან ნელი ფორმით ხდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ როცა ბიზნესს პროდუქცია ძვირად აქვს ნაყიდი, ის იმავე ფასში უნდა ამოყიდოს, რომ მოგება ნახოს. კურსის ცვლილების გამო მას ვერ გააიაფებს. კი ბატონო, შეიძლება ბიზნესმა რაღაც დათმოს, მაგრამ ასე არ ხდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის ისე, რომ ლარის ან დოლარის გამყარებაზე ბიზნესმა პირდაპირ მოახდინოს რეაგირება და იმავე დღეს პროდუქტი გააიაფოს - მაშინ დიდი ზარალი ექნება. დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც ლარის კურსი სტაბილურია, ამიტომ ეს არგუმენტი ამჟამად მთლად რელევანტური არ მგონია.

მაშ, რა არის პროდუქტის გაძვირების რეალური მიზეზები?

გაძვირების მიზეზები უფრო გლობალურია. ჩვენ მეზობლებზე ვართ დამოკიდებული. გარდა ამისა, უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში ბევრი დროებითი მცხოვრები და ტურისტი გამოჩნდა. ამ ადამიანებს ქართველებთან შედარებით აქვთ იმის საშუალება, რომ პროდუქცია იყიდონ, ფული დახარჯონ და ეს გაძვირებული პროდუქცია შეიძინონ. მათთვის პრობლემა არაა, რომ რაღაცებში უფრო ძვირი გადაიხადონ. ამიტომ ბიზნესმენი თავის პროდუქტს იაფად არ გაყიდის. მაშინ ტურისტები უნდა ავკრძალოთ და ის უცხოელები, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ. მე არ მგონია, რომ ფასების დაკლება ასე მარტივად მოხდეს. შესაბამისად, შეიძლება რაღაც თვეების განმავლობაში პროცესი დროებით შეჩერდეს, ოდნავ დასტაბილურდეს, მაგრამ დამიჯერეთ, გავა ეს წელიც და ისევ ნახტომისებურად გაიზრდება ფასები პროდუქტებზე. ეს არის დაუწერელი კანონი.

როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოში მსხვილი სავაჭრო ქსელების გაფართოების პარალელურად, ფასები კი არ იკლებს (რასაც მასშტაბის ეკონომია ითხოვს), არამედ სტაბილურად მაღალი რჩება? ხომ არ მივიღეთ ისეთი მოცემულობა, სადაც ხარჯების ოპტიმიზაცია მომხმარებლის ნაცვლად მხოლოდ კომპანიის მოგებაზე აისახება?

აი, რომელი კომპანია ეცდება, რომ მოგება შეიმციროს იმის გამო, რომ ბევრი სუპერმარკეტი გახსნა? მან ხომ იმიტომ გახსნა ეს მაღაზიები, რომ მოგება ნახოს. არავინ აკეთებს ისე, რომ ბიზნესშიქამრები მოიჭიროს“. სადაც მსგავსი რაღაცები სცადეს, იქ აღარ იყო თავისუფალი ქვეყანა და კომუნისტური წყობისკენ გადავიდნენ. როცა სახელმწიფო ბიზნესმენს მოგებას უკონტროლებს და ამაში ხელისუფლება ერევა, ბიზნესს პრობლემები ექმნება.

თუ სახელმწიფო დააწესებს მკაცრ რეგულაციებს მარჟებზე, რა რისკებს ხედავთ? ხომ არ გამოიწვევს ეს პროდუქციის დეფიციტს ან ხარისხის გაუარესებას და რა იქნებოდა საუკეთესო გზა ფასების რეალური შემცირებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში?

რა თქმა უნდა, გამოიწვევს. გავიხსენოთ, მედიკამენტებთან დაკავშირებით რა მოხდა, როგორი დეფიციტური გახდა ზოგიერთი წამალი. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ რეფერალურმა ფასებმა თითქოს წამლების ღირებულება დასწია, მაგრამ მედიკამენტების ნაწილი გაქრა. იგივე შეიძლება მოხდეს რიგ პროდუქციაზეც. მაგალითად, არსებობს ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებები, სადაც მართლა მაღალი მარჟა იდება. ის ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ, რომ უცხოური ბრენდის კრემი აქ რატომ ღირს ბევრად ძვირი, ნახავენ, რომ მერე ის საერთოდ აღარ ჩამოვა და ისევ გამოწერა მოუწევთ. თუ ჩვენ დავიწყებთ იმის კონტროლს, რომ, მაგალითად, ფრანგული ყველი რატომ ღირს 50 ლარი და ხელოვნურად გავხდით 35 ლარს, ბიზნესმენს მისი ჩამოტანა აღარ მოუნდება. ნაკლები არჩევანი კი ისევ მარკეტებს დაეტყობა, დაიწყება მათი დახურვა და ..

მთავრობა აანონსებს საგამოძიებო კომისიის შექმნას და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებს. თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ბიზნესის თავისუფლებასა და სახელმწიფოს ვალდებულებას შორის, დაიცვას მომხმარებელი ხელოვნურად გაზრდილი ფასებისგან?

მე მგონია, რომ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის. სუსი რატომ უნდა ინტერესდებოდეს ფასებით, როცა თავისი ათასი სხვა საქმე აქვს? ბიზნესისთვის ეს ცუდი სიგნალია. მე მგონია, ეს უფრო საჩვენებელი ქმედებაა და რეალურად ცუდად არც შეეხებიან და არაფერი მოხდება. ეს არის ხელისუფლების მომხრეებისთვის მიწოდებული განცდა, რომ ფასების კლებაზე ხელისუფლება ზრუნავს.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები