გონიოში, მშენებარე კორპუსში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
გუშინ, გონიოში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
"სამშენებლო ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდა მამაკაცზე – საჭიროა უმკაცრესი რეაგირება
სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა 30 წლის ო. დეკანაძის სიცოცხლე - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გონიოში მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა. იგი თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად ექიმების მაქსიმალური ძალისხმევისა, 17 ივლისს, ღამის 23:00 საათზე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ ტრაგედიის ფონზე საზოგადოებას ერთი მთავარი კითხვა აქვს: ვინ არის ამ უმძიმესი შემთხვევის პასუხისმგებელი?
დაუყოვნებლივ და უმკაცრესად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. პირველ რიგში, სამართლებრივი წესით, უნდა მოხდეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების, უშუალო დამკვეთებისა და ზედამხედველების პასუხისმგებლობის დასახვა. თუ ადგილი ჰქონდა უყურადღებობას, უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფას, ანდა გადაუმოწმებელი კონსტრუქციების გამოყენებას, ეს არ არის უბედური შემთხვევა — ეს არის კვალიფიცირებადი დანაშაული, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს.
სამწუხაროდ, ცნობილია, რომ აღნიშნული კომპანია არაერთგზის ექცეოდა ყურადღების ცენტრში — სწრაფად და საეჭვოდ ადვილად იღებდა ნებართვებს, არღვევდა ვადებს, და, როგორც ამბობენ, მტკიცე კავშირები აქვს არამხოლოდ ბიზნესწრეებთან, არამედ სახელისუფლებო სტრუქტურებთანაც. სწორედ ასეთი ვითარება ქმნის საზოგადოებრივ უნდობლობას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიშია, როცა ეკონომიკური სარგებელი ადამიანურ სიცოცხლეს უზნის.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია - ეს არის მთელი საზოგადოების, მოქალაქეების უსაფრთხოების, ღირსების და სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხი. არავის მიეცემა უფლება ეს ამბავი მიიჩქმალოს, დავიწყებას მისცეს ან კორუფციული გზებით გადაფაროს.
დაღუპული ახალგაზრდა კაცის ამბავი ვერ და არ დაივიწყება. აჭარელი გლეხის ღირსება, შრომა და სიცოცხლის ფასი ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა - და ასე იქნება ახლაც. საზოგადოება და ოჯახის თითოეული წევრი ელოდება პასუხებს და მოითხოვს სამართალს.
ჩვენ არ ვითხოვთ შურისძიებას - ჩვენ მოვითხოვთ სიმართლეს, სამართალს და დაცულობას", - წერს უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
გონიო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს