Logo

გურო იმნაძე - ის, რაც ჭიათურაში ხდება, ბევრ პრობლემას აჩვენებს, როგორც წმინდა სამართლებრივს, ასევე სოციალურს

Frontnews image description

ის, რაც ჭიათურაში ხდება, ბევრ პრობლემას აჩვენებს, როგორც წმინდა სამართლებრივს, ასევე სოციალურს და იმას, თუ რამდენად გულგრილია სახელმწიფო სოციალური კრიზისის მიმართ, - ამის შესახებ  “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა გურო იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დოვლათის მოპოვების და გადანაწილების სისტემა ამ ქვეყანაში არის უკიდურესად უსამართლო, როდესაც მთელი ამ ინდუსტრიით სარგებლობს არა ადგილობრივი თემი, არამედ მდიდრდებიან ერთეული მდიდარი ადამიანები.

"ის, რაც ჭიათურაში ხდება, ბევრ პრობლემას აჩვენებს, როგორც წმინდა სამართლებრივს, ასევე სოციალურს და იმას, თუ რამდენად გულგრილია სახელმწიფო სოციალური კრიზისის მიმართ. ეს ასევე აჩვენებს ჩვენი სახელმწიფოს ვითარების პრობლემურობას მომავალ ათწლეულებში.  

საქართველოში ბუნებრივი რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი დღეს არის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით და ყველაზე მოწყვლადი ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიკური წნეხის მიმართ. ეს აჩვენებს იმას, რომ დოვლათის მოპოვების და გადანაწილების სისტემა ამ ქვეყანაში არის უკიდურესად უსამართლო, როდესაც მთელი ამ ინდუსტრიით სარგებლობს არა ადგილობრივი თემი, არამედ მდიდრდებიან ერთეული მდიდარი ადამიანები, რომლებიც კორუმპირებულ, ფეოდალურ სისტემაში არიან და აძლიერებენ, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას.

რასაც ვუყურებთ, არის სოციალური კრიზისის მართვა რეპრესიით, დასჯით და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ გამოუვა.  

პირველ რიგში, ადგილობრივი თემისთვის უნდა იყოს სერიოზული გაკვეთილი, რომ ის მდგომარეობა, რაც არის ქვეყანაში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პარაზიტული ეკონომიკური მდგომარეობის შექმნას, როდესაც აბსოლუტურად სარგებლობაზე არის დაყვანილი მოსახლეობის შრომა. 

მეორე საკითხია, რომ ეს აჩვენებს, რამდენად ბევრი აქვს სამუშაო ასეთ საკითხებზე და ამ მოსახლეობებთან ოპოზიციურ პარტიებს. განწყობები, რწმენა და იმედი ამ გაბრაზებული მოსახლეობის, რომ მათ პრობლემას ვინმე მიხედავს, თითქოს ისევ ხელისუფლებაზეა ჩამოკიდებული და არა იმაზე, რომ წინააღმდეგობას და რეალურ პროტესტს აქვს აზრი, რაშიც შეიძლება ოპოზიციური პარტიების როლიც ყოფილიყო", - განაცხადა გურო იმნაძემ.

Advertisement