Logo

"ჰოლოკოსტის მრავალმილიონიანი მსხვერპლის ხსოვნის პატივისცემით, უკრაინა ადასტურებს თავის ერთგულებას ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემის პრინციპებისადმი"

პოლიტიკა
95
Frontnews image description

უკრაინა ამაყობს თავისი ათასობით მოქალაქით, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე, ნათესავებისა და მეგობრების სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები ნაცისტური გენოციდისგან იხსნეს, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

"27 იანვარს მსოფლიო პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას - კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ გვერდს. უკრაინა უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას, რათა პატივი მიაგონ ნაცისტური რეჟიმის მრავალმილიონიანი მსხვერპლის ხსოვნას. 

ამ თარიღს უკრაინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მიწაზე ჩადენილია ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული. ბაბინ იარში, დრობიჩის იარში, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში ნაცისტებმა 1,5 მილიონზე მეტი ებრაელი გაანადგურეს. ეს ტრაგედიები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, როგორც საშინელი შეხსენება იმისა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს სიძულვილმა და შეუწყნარებლობამ. უკრაინა ამაყობს თავისი ათასობით მოქალაქით, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე, ნათესავებისა და მეგობრების სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები ნაცისტური გენოციდისგან იხსნეს. მათ შორის არიან „ერთა შორის მართალნი“, რომელთა თავგანწირვა, ჰუმანურობა და წყალობა აწმყო და მომავალი თაობებისთვის მაგალითია.

დღეს, როდესაც რუსეთის აგრესია უკრაინის მიწაზე დაბრუნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო სისასტიკით, ჩვენ მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის, ერისა და ქვეყნის, ვინც ეხმარება უკრაინას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იცავს ადამიანებს აგრესიისა და ტერორისგან და იბრძვის დამნაშავეების სამართლიანი დასჯისთვის. 

ჰოლოკოსტის მრავალმილიონიანი მსხვერპლის ხსოვნის პატივისცემით, უკრაინა ადასტურებს თავის ერთგულებას ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემის პრინციპებისადმი, მზადყოფნას, მტკიცედ ებრძოლოს ანტისემიტიზმის, ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმის ფენომენებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჰოლოკოსტის ისტორიული მეხსიერების შესანარჩუნებლად, ვუჭერთ მხარს საგანმანათლებლო ინიციატივებს და საერთაშორისო თანამშრომლობას ამ სფეროში. 

ჰოლოკოსტის ხსოვნა არა მხოლოდ წარსულისადმი ხარკია, არამედ ჩვენი მოვალეობაც მომავლის წინაშე. აღარასოდეს!" - აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

ჰოლოკოსტი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები