"იქნება მოულოდნელი ნაბიჯები" - ისრაელმა ირანთან ომის ახალი ფაზის დაწყება გამოაცხადა

ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ირანის წინააღმდეგ ომის შემდეგ ფაზაში გადადის, ირანის სამიზნეებზე დარტყმები გაძლიერდება, - ამის შესახებ IDF-ის შტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა განაცხადა.
"ჩვენ ახლა კამპანიის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ, რომლის დროსაც ჩვენ გავაძლიერებთ დარტყმებს რეჟიმის საფუძვლებისა და მისი სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ. ჩვენს განკარგულებაშია დამატებითი მოულოდნელი ნაბიჯები, რომელთა გამჟღავნებას არ ვაპირებ“, - განაცხადა ზამირმა.
მან აღნიშნა, რომ ოპერაციის დაწყებიდან მათ წარმატებით გაანადგურეს: ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 80%; მისი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60%-ზე მეტი.
"ჩვენ რეჟიმს ვართმევთ სამხედრო შესაძლებლობებს, ვახდენთ მის იზოლირებას სტრატეგიულად და ვამცირებთ სისუსტის ისეთ დონემდე, როგორიც მას აქამდე არასდროს განუცდია“, - განაცხადა ზამირმა.
გენერალური შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია მსოფლიოს ორი უძლიერესი არმიის (ისრაელსა და აშშ-ს) შორის "ისტორიული თანამშრომლობის“ კონტექსტში ხორციელდება, რომლებიც ამჟამად სრულად დომინირებენ ირანის ცაზე.
გენერალური შტაბის უფროსმა ასევე ისაუბრა ლიბანის ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე. მისი თქმით, გუშინ ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლა "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების სიკვდილზე.
"ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ საფრთხის აღმოსაფხვრელად და არ დავიხევთ უკან ჰეზბოლას განიარაღების ჩვენი მიზნისგან", - აღნიშნა მან.
თებერვლის ბოლოს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. საპასუხოდ, ირანის არმიამ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმები განახორციელა. სამიზნეები ამერიკული სამხედრო ბაზები და საკონსულოებია.





