Logo

იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი გამოუჩნდა

Frontnews image description

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა მოყვარულებთან აქტიური  მუშაობის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაავადება ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მისივე ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF), სააგენტოს ოფიციალურად მიმართა.

"სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას.

ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა, უსაფრთხოების წესების სრული  დაცვით, ძაღლები თავშესაფრიდან მიმკედლებელთან გადაიყვანეს, სადაც 6-თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) ზედამხედველობა მიმკედლებლის პასუხისმგებლობით დაწესდება.

22 მაისის მონაცემებით, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში 27 ძაღლი რჩება. ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განიხილება ძაღლების მიკედლების მსურველი კიდევ ერთი პირის განცხადება.

სპეციალისტები სწავლობენ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. გადაწყვეტილება, კანონმდებლობის, ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა  და სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძაღლების მიმკედლებელთან გადაყვანას, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ჰიპეპოპულაციის მართვის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.

მიმდინარე წლის 8 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 9 მოკვდა, მათ შორის, 3 ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო 6-ის სიკვდილის მიზეზი თანმდევი დაავადებები გახდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოყვარულებს, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების ქვეშ მყოფ ძაღლებს, დადგენილ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები