Logo

ირაკლი აბესაძე - ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პირობებში მოპარული და გაფლანგულია მილიონობით ლარი, გარისკულია ათასობით ადამიანის სიცოცხლე 

ინტერვიუ
27
Frontnews image description

სახელისუფლებო გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნების ირგვლივ გაჩენილმა კორუფციულმა ბრალდებებმა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ რიგებში დაწყებულმა შიდა „წმენდამ“, საზოგადოებაში მწვავე კითხვები გააჩინა როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ისე ხელისუფლების შიდა დაპირისპირების მოტივებთან დაკავშირებით. 7 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება, რომელზეც ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონიანი გირაოს უზრუნველყოფა ქონების ჩადებით არჩია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარირებული კურსის ნამდვილ მიზნებს ეჭვქვეშ აყენებს.

“სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები არა სისტემურ კორუფციასთან ბრძოლას, არამედ კორუფციული პირამიდის მცირე ნაწილის დემონსტრაციულ დასჯას ემსახურება, რათა თავად ხელისუფლებას დიდი ზიანი არ მიადგეს.

- ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებული ნაბიჯები (მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ბინის ჩადება და ავტომობილების გასხვისება): როგორ აფასებთ ამ ნაბიჯებს სამართლებრივი საფრთხეებისგან თავდაცვისა და ქონების ხელშეუხებლობის დაცვის კონტექსტში? შეიძლება თუ არა მილიონიანი გირაოს ფულადი თანხის ნაცვლად ქონებით უზრუნველყოფის გამოყენება აღქმული იყოს როგორც მცდელობა, თავიდან აიცილონ სახაზინო ფონდებში თანხის პირდაპირი გადახდა?

- ის მცირე ბრალდებაც კი, რაც კობახიძის პროკურატურამ ღარიბაშვილს წაუყენა, ადასტურებს, თუ როგორი მძიმედ კორუმპირებული იყო ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის დროს. ეს ბრალიც კი მცირეა იმ კორუფციული საქმიანობიდან გამომდინარე, რაზეც ღარიბაშვილის მიმართ ეჭვები დიდი ხანია არსებობს.

წარმოიდგინეთ, 7 მილიონი დოლარის ფულის გათეთრების გარდა, რამდენი სხვა კორუფციულ საქმიანობაშია მისი გარემოცვა ჩართული. თუ მართლაც ამხელა ფულს სახლში ინახავდა სხვა უკანონო ქონება მას ამდენი შესაძლოა, დაგროვებული ჰქონდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი ბრალდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი კორუფციული საქმიანობის მცირე ნაწილს ეხება. რაც შეეხება ქონების გირაოთი გადახდას, ეს ჩვეულებრივი დადგენილი პრაქტიკაა. მე პირადად არ ვიმარჩიელებ, აქვს თუ არა მას ერთი მილიონი. ფაქტია, რომ მას 7 მილიონამდე სახლში ქეშად ედო და რა გასაკვირია, ერთი მილიონიც სადმე ჰქონოდა. რატომ ამჯობინა ბინის უზრუნველყოფის გამოყენება, ეს, ვფიქრობ, მეორეხარისხოვანია.

- რაც შეეხება მის სახლში გირაოთი გაშვებას, რა არის მიზეზი, რის გამოც ახლა ის გარეთ იმყოფება? რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთის მიხედვით, მას ფულის მიტანას სთხოვენ და აცდიან, რომ მიიტანოს; მეორე ვერსიით, ის როგორც სატყუარა იმ ქსელების გასაშიფრად გამოუშვეს, რომელშიც არაერთი ყოფილი თუ შესაძლო მოქმედი ჩინოვნიკიც იყო ჩართული. თქვენი  აზრით, რატომ არის ის ჯერ კიდევ გარეთ?

- ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა იმ ფონზე, როდესაც წინასწარ პატიმრობაში 300 და 400-ლარიანი ზიანის გამო ამყოფებენ. მზია ამაღლობელიც პოლიციელზე სილის გაწვნის გამო წინასწარ პატიმრობაში იყო. შესაძლებელია, წინასწარ პატიმრობაში პირბადის გამოც გაგიშვან. ახლა წარმოიდგინეთ, 7 მილიონი დოლარის გათეთრების გამო ადამიანი გირაოთი გაუშვეს. ხომ ფაქტია, რომ აქ ახლა არანაირ კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი არ არის.

რაც შეეხება იმ ფაქტს, ის გარეთ რატომ დატოვეს, ჩემი აზრით, მას „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული პოლიტიკური წონა მაინც გააჩნია. ის ორჯერ იყო პრემიერი. ასევე იკავებდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებს. აშკარაა, რომ მას საკუთარი კლანი ჰყავდა. როგორც ჩანს, ძალიან ვრცელი კორუფციული ქსელი. ამიტომ, მე მგონია, რომ „ოცნებას“ არ უნდა, გარკვეული სახის დაპირისპირება კლანებს შორის მიიღოს. როგორც ჩანს, ის არის გარეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარტიას და ხელისუფლებას დიდი ზიანი არ მიადგეს. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, მასთან დიდი ვაჭრობაც მიდიოდეს. შესაძლებელია, შავი სალაროს შევსებაზეც იყოს საუბარი.

ფაქტია, რომ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. ღარიბაშვილი კლასიკურად ყველა სისხლის სამართლით დადგენილ კოდექსს აკმაყოფილებს, რომ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდეს. მას ძალიან კარგად შეუძლია გავლენა მოახდინოს საქმის მოწმეებზე, განსაკუთრებით ბიზნესმენებზე, სადაც გამოძიების მიხედვით ფულს ათეთრებდნენ. ამიტომ, ძალიან არასამართლიანია მისი გარეთ დატოვება.

- "ქართული ოცნების“ შიდა წმენდა და მაღალჩინოსნების გათავისუფლებას მინდა შევეხოთ. განსაკუთრებული ყურადღება კი ირაკლი კობახიძის ბრძანებებით იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის, გათავისუფლებას მინდა მივაქციოთ. ხმალაძის წასვლასთან დაკავშირებული კორუფციული ბრალდებების ფონზე, ხომ არ უნდა ველოდოთ მის მიმართაც სისხლის სამართლის დევნის დაწყებას და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ დადგება თუ არა ქალაქის მერის, კახი კალაძის, რიგიც?

- პირველ რიგში ვთქვათ, რომ კალაძის მერია ცალსახად ივანიშვილის რეჟიმისთვისაც კი გამორჩეული კორუმპირებული უწყებაა, ხოლო ხმალაძე, ვიდრე ვიცე-მერი იყო, ის ამ კორუფციულ სქემებს მართავდა. შესაბამისად, შეუძლებელია არ რჩებოდეს შეკითხვები მის მიმართ, ხომ არ ჰქონდა მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მონაწილეობა მიღებული. არაერთი ფაქტი გასაჯაროვდა ამ ადამიანის მიმართ. როდესაც თავის დროზე ის მერიიდან მოხსნეს, ეს უკვე კალაძეზე დარტყმა იყო და ამ თვალსაზრისით მისი დასუსტება. მისი რეალური საყრდენი, რომელთანაც პიროვნული ურთიერთობაც მჭიდროდ აკავშირებთ და ისინი მეგობრები არიან.

მისი მოხსნა, რა თქმა უნდა, კალაძის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ჟესტი იყო. ის იუსტიციის სამინისტროში ფორმალურად იყო; ესეც ალბათ, კალაძის თხოვნის გამო დაასაქმეს და მას რეალურად არავინ არაფერს ეკითხებოდა. თუმცა, დაგეთანხმებით, საბოლოოდ იქიდან გაშვებაც რაღაცის სიგნალი უნდა იყოს.

რეალურად, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს არის იმ კორუფციული სქემების და პირამიდის 5-დან 10%-მდე.

- სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეში გამოძიება მიუთითებს საზედამხედველო კომპანიის არარსებობაზე, ყალბი აქტების გამოყენებასა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, რამაც 16 მილიონ ლარზე მეტი ზიანი გამოიწვია. რა ძირითადი კორუფციული სქემები იკვეთება ამ ტიპის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და როგორ უნდა გაუმჯობესდეს საერთაშორისო საზედამხედველო კონტროლი? არსებობს თუ არა ალბათობა, რომ სხვა მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც კორუფციული სქემები აღმოაჩინონ?

- ყველგან და ყველა პროექტში შეგვიძლია მოპარული ფული ვხედავდეთ. ამაზე ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ. უბრალოდ, ახლა კიდევ უფრო მყარი მტკიცებულებები მივიღეთ თავად რეჟიმის მიერ. მთელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ეს მაგისტრალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ნამუშევარია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პირობებში მოპარულია და გაფლანგულია მილიონობით ლარი, გარისკულია ათასობით ადამიანის სიცოცხლე. გვერდით რომ გადავდოთ ის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა, რომელიც ამ პროექტებს აქვთ.

როცა ასეთი ტიპის პროექტებში ფული აქვთ მოპარული, ფული იფლანგება და ხიდი ინგრევა, რა თქმა უნდა, ყველას ეჭვი ეპარება იმაში, რომ სხვაგანაც არ იქნება იგივე კორუფცია. ასევე ვიცით, რომ ბრალი წაუყენეს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ლილუაშვილის გარემოცვას, რომ მან არ მოაწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები შოვში.

ასევე დამატებითი კვლევის საგანია, ჰქონდა თუ არა ამ ამბავს კავშირი იმ დიდ შოვის ტრაგედიასთან. ზოგადად, როდესაც ნაპირსამაგრი სამუშაოების გაკეთება გაქვს დავალებული და ამას არ აკეთებ, აქაც ხომ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზეა ისევ საუბარი. მათ ქონებაზეა ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა, დაზიანდეს. აქ როცა ფულს იპარავ, გულგრილი ხარ და არ ასრულებ სამუშაოებს, ყველგან სახიფათოა და კითხვები ჩნდება. ასე რომ, თავად გვეუბნებიან, რომ მათი საქმიანობის ყველა სფერო კორუფციით იყო მოცული. მათი საქმიანობის მთავარი მიზანი და აზრი ფულის მოპარვა იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დამატება შესაძლოა, აღარ სჭირდებოდეს არაფერს.

- გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი გადააყენეს. შემდეგ ეს ინფორმაცია უარყვეს და ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ საერთოდ ამ ბიუროს გაუქმებას აპირებს ირაკლი კობახიძე. ხომ არ ელით კუპრაშვილისთვისაც რაიმე სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას?

- რაჟდენ კუპრაშვილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით კარიკატურული პერსონაა. არავინ მას არაფერს არ ეკითხებოდა და ხშირად ძალიან სულელურ თავის მართლების რეჟიმშიც კი ჩამდგარა, რადგან მხოლოდ პოლიტიკური დავალება შეესრულებინა. იქნებოდა ეს ღარიბაშვილთან თუ დეკლარაციებთან დაკავშირებით გათიშულ საიტთან. ერთი წელი ამტკიცებდა, რომ ტექნიკური პრობლემა აქვს საიტსო. კი ბატონო, არსებობს ასეთი ბევრი ნიშანი, რომ კობახიძე ამ უწყების გაუქმებას აპირებს. კობახიძეს სურს, თავის გარშემო უნდა ეს სახელმწიფო შემოიშენოს. საუბრობენ სახელმწიფო დეპარტამენტის უფრო გაძლიერებაზე და ა.შ. მას სურს, რომ პირადი მაკონტროლებელი იყოს და მის მიმართ ლოიალური სტრუქტურებიც და პერსონებიც იმისთვის შემოიმტკიცოს, რათა ივანიშვილის კარზე პოზიციები ბოლომდე გაიძლიეროს.

 ელზა პაპოშვილი 

Advertisement