Logo

ირაკლი ქადაგიშვილი - რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება

პოლიტიკა
61
Frontnews image description

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც წყლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა, საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

"საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდება ის გამოწვევაა, რომელიც ჯერ ისევ დგას დღის წესრიგში. ამ კუთხით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელშესახებ შედეგებს ვაღწევთ და ეს არა მხოლოდ დედაქალაქს და თვითმმართველ ქალაქებს ეხება. ეს პოლიტიკა რეგიონებშიც აისახება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბებული, მიზანმიმართული ხედვა და პოლიტიკა აქვს, რომელიც საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებში 24 საათიან ხარისხიანი წყლის მიწოდების საკითხს ეხება.  ამ მიზნის მიღწევის გზის შუაში ვართ და ეს იმ მემკვიდრეობით არის განპირობებული, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გვერგო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევების დასაძლევად როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორი ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

„საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ამ სამუშაოებში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის როლიც.

წყლით მომარაგების საპროექტო სამუშაოების ხარისხიანი შესრულება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ეს ის გამოწვევა იყო, რომელიც შემდგომში, უკვე ექსპლუატაციისას წარმოქმნიდა პრობლემებს. ეს გადახდისუნარიანობაზეც აისახებოდა. ახლა იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები მინიმუმამდე შემცირდეს და სამომავლოდ საერთოდ აღმოიფხვრას. ასევე მნიშვნელოვანია, რეგიონებში სარწყავი და სასმელი წყლის ფასის რეგულაცია. ამიტომ, როდესაც ტარიფსა და წყალმომარაგებაზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ტექნიკური, ანუ სარწყავი წყლის სინქრონიზაცია. თუ ეს საკითხი არ მოწესრიგდა, სოფლად სულ გვექნება იმის პრობლემა, რომ სასმელ წყალს სარწყავი მიზნებითაც გამოიყენებენ. ეს ძალიან ამცირებს ეფექტიანობის ხარისხს. ეს ის გამოწვევაა, რომელზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საერთაშორისო ფორუმი კომპანიების - Aqualia-სა და GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და სემეკის წარმომადგენლებმა, წყლის რესურსების დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიიღეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები