Logo

ირაკლი კირცხალია - კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ

პოლიტიკა
131
Frontnews image description

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობებს, იქნება ეს სახელმწიფო-პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე ცნობით, ცვლილებების თანახმად, ამგვარი პირები არათუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც.

„მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება. დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.

ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე, პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულობას.

ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (მაგ: პარტიაში მიიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა), ეს გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement