ირაკლი კირცხალია - უნდა გვახსოვდეს რა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია, ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით

ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილული საკითხები მედიასთან შეაფასა. მან აღნიშნა, რომ სხდომას მამუკა მდინარაძე, როგორც სახელმწიფო მინისტრი პირველად დაესწრო.
კირცხალიას თქმით, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა რა გეგმები აქვს სხვადასხვა სამინისტროს და როგორ აპირებს ამ ყველაფრის კოორდინირებას.
"ჩვენ ვნახეთ მამუკა მდინარაძის პირველი დანაპირები, როდესაც ის ინიშნებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად. მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააჟღერა დანაპირები, რომელიც ეხებოდა იმ სპეცრაზმელების დაკავებას, რომელთაც გადაცდომა მოუვიდათ და რომელი გადაცდომაც შემდეგ ჩვენს ღია თუ ფარულ მტრებს წლების განმავლობაში ხელზე ჰქონდათ დახვეული.
ეს იყო მხოლოდ მათი სპეკულაციის საგანი, ისინი ხმას არ იღებდნენ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებზე, დამწვარ და გადამწვარ ადმინისტრაციულ შენობებზე და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისინი იყვნენ ყველაფრის დამკვეთები და რა თქმა უნდა, დამკვეთი ყველაფერზე თვალს დახუჭავს და სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეს გმირად შეგირაცხავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, უნდა გვახსოვდეს რა არის "ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია. ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით და ამ გზით მივდივართ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




