ირაკლი კობახიძე - ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში

ავტორი
Front News საქართველო
გადახედეთ ლიდერებს - "ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურ აქცენტს გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, ვინაიდან ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში.
"ყველას გვახსენდება 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბრამდე წარმართული მოვლენები. ასევე იგივე ხდებოდა სხვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით, აანონსებენ, მაღლა სწევენ მოლოდინებს და შემდეგ თვითონვე უცრუებენ საკუთარ მხარდამჭერებს იმედებს. ამის გამოა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, დღითი დღე, სწორედ ამის შედეგია. ისინი აძლევენ ცრუ დაპირებებს საკუთარ მხარდამჭერებს და შემდეგ იმედებს უცრუებენ მათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ჯერ მარტო გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია პროცესების ასე განვითარება სუბიექტური თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნისთვის არ არის ეს მომგებიანი, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს. ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში. შესაბამისად, სათანადო კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ამაზე ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებულნი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




