ირაკლი კობახიძე - ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება.
„დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. აქ, ორიოდე წლის წინ შემოღებული იქნა ე.წ. რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა ფასები რამდენიმე ათასი სახეობის მედიკამენტზე. თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით. ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ფასებთან შედარებით. კონკრეტულ პროდუქტებზე არის მაგალითად 50%-ით უფრო მაღალი ფასები საქართველოში, 2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის ფასები, მაშინ, როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება, იყოს ორჯერ და სამჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასნამატს დისტრიბუციის და შემდეგ ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კონკრეტულ კარტელურ გარიგებებს, ესეც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის პარალელურად იმუშავებს პარლამენტის შესაბამისი კომისია.
„საზოგადოებას შეეძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მაღალ ფასებს და შესაბამისად, რამდენად არსებობს ჩარევის და ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ მზად ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




