ირაკლი კობახიძე - ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

ავტორი
Front News საქართველო
მთლიანობაში, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%, დენი და შესაბამისი გაზი ერთად რომ ავიღოთ, ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვართ არსებითად დამოკიდებული იმპორტზე და ამ თვეების განმავლობაში დამოკიდებულება იმპორტზე უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, მდგომარეობა არ არის კარგი და იმპორტი მზარდია.
"იმპორტი მზარდია. რომ ავიღოთ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი, წლების წინ, 2016 წლამდე საშუალო მაჩვენებელი იყო 5%, ახლა არის გაზრდილი 10%-მდე, თუმცა თუ ამას დავამატებთ იმ გაზის იმპორტს, რომელიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, თბოსადგურს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გვაქვს შესაბამისი რესურსები, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი ჰიდრორესურსებზე და ამ რესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ექსპორტს, შესაძლებელია, ქვეყნიდან 7-ჯერ გაიზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი.
"ჩვენი ქვეყნიდან, ჯამურად რომ ავიღოთ დენი და შესაბამისი გაზი, გადის წელიწადში 191 მილიონი დოლარი. ეს თანხა დარჩება ქვეყანაში და 7-ჯერ შეგვიძლია, გენერაციის სათანადოდ გაზრდის შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება ზოგადად ეკონომიკურ წინსვლაზე და ასევე იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




