Logo

ირაკლი კობახიძე - განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული

პოლიტიკა
116
Frontnews image description

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება, - პროექტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა და დაცვა მნიშვნელოვანია, მათ შორის - საკურორტო ზონის სათანადოდ განვითარებისთვის.

"განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას. ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება შესაბამისი სამუშაოები - აღდგება სანაპირო ზოლი. ეს მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის იმისათვის, რომ სათანადოდ განვითარდეს აქ საკურორტო ზონა. პოტენციალი ძალიან დიდია, ძალიან კარგი ჰავაა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. დაგეგმილი სამუშაოები ამ პოტენციალის ათვისებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს გეგმა კონკრეტულად საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არსებობდეს შესაბამისი ხედვა. ამ მიმართულებითაც დაწყებულია აქტიური მუშაობა”, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1.6 კმ სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც ეროზიული პროცესების ინტენსივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და სანაპიროს მდგრადობას უზრუნველყოფს.

სამუშაოები, რომელთა სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

Advertisement