Logo

ირაკლი კობახიძე - გვინდა, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც სათანადო, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი

პოლიტიკა
74
Frontnews image description

ჯანდაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც  გარდამტეხი ცვლილებების შეტანა არის საჭირო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ისე, როგორც განათლებაში, ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები.

"მთელი რიგი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩვენი მოქალაქეები მიდიან ხოლმე სხვა ქვეყნებში,  მათ შორის, თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში და ა.შ. ჩვენ, საბოლოო ჯამში, უნდა დავისახოთ ძალიან ამბიციური ამოცანა, რაც მიღწევადია საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ ყველა ამ მიმართულებით ჩვენმა მოქალაქეებმა იგივე ხარისხის მომსახურება უნდა მიიღონ საქართველოში. ეს არის მიღწევადი. ჩვენ გვქონდა ამ საკითხების განხილვა, მათ შორის, ბოლო პერიოდის განმავლობაში და გვინდა, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოში, სადაც სათანადო, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება  რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომლის ფუნდამენტური რეაბილიტაციის პროცესი იწყება და  მაქსიმალურად სწრაფ  ტემპში წარიმართება.

"ასევე, ონკოლოგიური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციაც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საქართველოში ისეთივე ხარისხის ცენტრების შექმნა, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში. ეს არის პრინციპული ამოცანა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დამკვიდრდა ძალიან დიდი წარმატებით ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. საჭიროა ხარისხის ამაღლება. რა თქმა უნდა, ესეც არის პირდაპირ დაკავშირებული განათლების რეფორმასთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამედიცინო უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაზრდაზე. სწორედ მათ უნდა მოამზადონ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი სამომავლოდ და აქაც რეფორმები განხორციელდება. ზოგადად, კონკრეტული გეგმა გვექნება წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მივაღწიოთ ჯანდაცვის სერვისების იგივე დონეს, რაც დღეს თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში თუ სხვა შესაბამის ქვეყნებში არის უზრუნველყოფილი“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები