Logo

ირაკლი კობახიძე - ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით

პოლიტიკა
92
Frontnews image description

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული ასეთი საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს რეგიონებში. ასევე ახალი სტადიონი იქნება ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის განვითარების ისტორიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფეხბურთო ცენტრ „ავაზას“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ყველა მიმართულებით აქვს ამბიციური გეგმები და მომავალში ქართული ფეხბურთი და ზოგადად, ქართული სპორტი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს და ამისათვის ხელისუფლება ყურადღებას და ძალისხმევას არ დაიშურებს.

"ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრი, რომელიც სრულად განახლდა და ამისთვის ფეხბურთის ფედერაციას და თბილისის მერიას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირებული ინვესტიცია, რაც კი შეიძლება განხორციელდეს. ეს არ არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და  საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით იცით, რომ მომავლისთვის გვაქვს სერიოზული, ამბიციური გეგმები. მთელი ქვეყნის მასშტაბით გვინდა, რომ განვაახლოთ და შევქმნათ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა. სპორტისადმი და განსაკუთრებით ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან დიდი და მზარდია და ეს არის იმ განსაკუთრებული მიღწევების შედეგი, რომელიც გვაჩუქეს ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლო წლების განმავლობაში. ამას სჭირდება მხარდაჭერა და შემდგომი განვითარება და სწორედ ამისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება  მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ კვირაში ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული ასეთი საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს რეგიონებში. ასევე ახალი სტადიონი იქნება ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის განვითარების ისტორიაში და ეს პროექტიც წარმატებით განხორციელდება. ასევე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები. ყველა მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ქართული ფეხბურთი და ზოგადად, ქართული სპორტი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს და ამისათვის ჩვენ ყურადღებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას, მერიას, ამ არაჩვეულებრივი საქმისთვის და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement