Logo

ირაკლი კობახიძე - ნათესაობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას და ბრალის წაყენება უნდა მოხდეს

პოლიტიკა
84
Frontnews image description

ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სუსის ბრიფინგს ეხებოდა 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებაზე.

მისი თქმით, რაც დღეს ხდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის 2023 წლის განცხადების გამოხატულება და გაგრძელება.

"პირველ რიგში, ნათესაობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას და ბრალის წაყენება უნდა მოხდეს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ. მინდა შეგახსენოთ, რომ 2 წლის წინ, ეს იყო 2023 წლის დეკემბერი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, მნიშვნელოვანი მინიშნებებით, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხედავთ, ეს არის იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელება. მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ზომების მიღება იმისათვის, რომ აღმოიფხვრას კორუფცია, უპასუხოდ არ დარჩეს არცერთი კორუფციული ფაქტი. რეალურად, ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.

საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა არ არის, ისაუბროს სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, არც აღძრულ და არც შესაძლო სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ასეთ თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არის ძალოვანი სტრუქტურები. ნებისმიერი ასეთი კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ მხოლოდ და მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement