Logo

ირაკლი კობახიძე - როდესაც ადამიანები მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს

პოლიტიკა
23
Frontnews image description

სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება და არამხოლოდ ზოგადად ზრუნავს, არამედ ძალიან მსხვილი ინვესტიციებიც იდება ამაში, ძირითადად, ეს არის გამოხატული ძალიან მასშტაბურ საგადასახადო და სხვა შეღავათებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები, საწარმოები ვერ შეძლებდნენ ფუნქციონირების გაგრძელებას.

"რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები, საწარმოებს გაუჭირდებოდათ ფუნქციონირების გაგრძელება, ვერ შეძლებდნენ ფუნქციონირების გაგრძელებას, ანუ რეალურად, დოტაციურია ერთი და მეორე მაღარო და, საბოლოო ჯამში, სწორედ, სახელმწიფოს მხარდაჭერის ხარჯზე ხერხდება შესაბამისი სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რომელიც დაკავებულ მაღაროელებს შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ კრიმინალი დაუსჯელი ვერ დარჩება.

"რაც შეეხება კონკრეტულ 6 პიროვნებას, ეს არის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანები ძალადობენ, კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობ, არამარტო სამართალდამცველებზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, როცა უხეშად, კრიმინალური ფორმებით ძალადობენ საკუთარ კოლეგებზე, იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას. ბუნებრივია, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი. როდესაც ადამიანები არამარტო სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ, მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement