Logo

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
49
Frontnews image description

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტი ითვალისწინებს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. ამასთან, კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

როგორც მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანამდებობის შემოღებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ხედვას მართლწესრიგის სფეროში ჩატარებულ რეფორმებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით.

"ახალი თანამდებობის შემოღებით, სახელმწიფო მინისტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური ყოველდღიური კოორდინაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალ სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ამავდროულად, ახალი სახელმწიფო მინისტრი იქნება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პროკურატურასთან, სასამართლოსთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები